კონსერვატიული საკითხავი

ზნეობრივი წარმოსახვა

0
ბერკის აზრით ზნეობრივი წარმოსახვა ცივილიზაციის ნიშანია. იგი განიხილავს ევროპული სამყაროს ორ შემადგენელ პრინციპს _ ჯენტლმენურ სულსა და რელიგიურ სულს.
თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი წელი გავიდა, რაც პირველად ვიხილე საფრანგეთის დედოფალი, ვერსალში; მაშინ დოფინი იყო; და მართლაც არასოდეს ყოფილა ცისქვეშეთში უფრო სასიამოვნო სანახაობა. სადღაც ჰორიზონტთან დავინახე, ამშვენებდა და ახალისებდა აღმავალ სფეროს, რაშიც ის ის იყო იწყებდა ტრიალს _ კაშკაშებდა როგორც დილის ვარსკვლავი, სიცოცხლით, ბრწყინვალებითა და სიხარულით სავსე. ოჰ, ეს რევოლუცია! რა გული უნდა მქონდეს, რომ აუღელვებლად ვიფიქრო იმ ამაღლებასა და დაცემაზე! ძნელად თუ წარმოვიდგენდი, ნეტარის ტიტულსაც თუ დაუმატებდა იმ მგზნებარე, შორეულ, პატივისცემით განმსჭვალულ სიყვარულს, რომ ოდესმე იძულებული გახდებოდა საკუთარ თავში მოეძია მძაფრი ანტიდოტი იმ სამარცხვინო მოვლენებისა; ძნელად თუ წარმოვიდგენდი, რომ უნდა მოვსწრებოდი ასეთ უბედურებას, თავს რომ დაატყდა ერს დახვეწილი კარისკაცებისა, ღირსებით სავსე ვაჟკაცებისა და მხედრებისა. ვფიქრობდი ათი ათასი ხმალი გაშიშვლდებოდა, რათა შური ეძია თუდაც მისი შეურაცჰყოფისათვის. მაგრამ რაინდების ეპოქა გარდაქარდა, დადგა დრო სოფისტებისა, ეკონომისტებისა, მოანგარიშეებისა; და ევროპის დიდება სამუდამოდ გაჰქრა; ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს ვიხილავთ იმ დიდსულოვან ერთგულებას რანგისა და მანდილოსნისადმი, ამაყ დაქვემდებარებას, ღირსეულ მორჩილებას, მიძღვნას გულისა, რომელიც ცოცხლად ინახავს, თუნდაც ყმობისას, აღტაცებული თავისუფლების სულს. უფასო მშვენიერება ცხოვრებისა, უანგარო დაცვა მამულისა, ვაჟკაცური გრძნობების აღზრდა და ჰეროიკული მისწრაფება დაიკარგა! ხელიდან გაგვისხლტა შეგრძნება უმთავრესისა, განცდა ღირსებისა, ჭრილობასავით რომ გვწვავდა და შთაგვაგონებდა სიამამაცეს, აშოშმინებდა მძვინვარებას, აკეთილშობილებდა რასაც შეეხებოდა; მისი გავლენით ბოროტება კარგავდა ნახევარ ძალას და იფიტებოდა.
ეს შერეული სისტემა აზრისა და განცდისა სათავეს უძველესი რაინდობიდან იღებს; ხოლო პრინციპი კი, თუმცა მისი გამოვლინებანი ერთმანეთისაგან განსხვავდება, თვით ადამიანური ყოფის მრავალფეროვნების გამო, არსებობდა და გავლენას ავრცელებდა მრავალრიცხოვან თაობათა მანძილზე, თვით ჩვენი დროის ჩათვლით. და თუ ოდესმე მთლიანად უნდა გაქრეს, ვშიშობ, დიდი დანაკარგი იქნება. ეს არის ის, რამაც განსაზღვრა თანამედროვე ევროპის ხასიათი. ეს არის ის, რამაც განასხვავა ევროპა თავისი სახელისუფლებო ფორმებით და დაამჯობინა აზიის სახელმწიფოებს, და ალბათ იმ სახელმწიფოებსაც, ანტიკური სამყაროს ბრწყინვალე ეპოქაში რომ ჰყვაოდნენ. ეს იყო ის, რამაც რანგების აურევლად შექმნა კეთილშობილთა თანასწორობა და სოციალური ყოფის მთელ გრადაციაში ჩანერგა. ეს იყო აზრი, რაც მეფეებს კეთილად განაწყობდა ქვეშევრდომთა მიმართ და რიგით ადამიანებს მეფის თანამეინახედ აქცევდა, ძალისა და წინააღმდეგობის გარეშე აოკებდა სიამაყისა და ძალაუფლების მძვინვარებას; აიძულებდა მთავრებს ანგარიში გაეწიათ სოციალურად დაბლა მდგომთათვის, აიძულებდა მკაცრ ხელისუფლებას მოქნილად ემოქმედა, გამარჯება კანონებისათვის დაეთმო და წეს-ჩვეულებებს დამორჩილებოდა.
მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლება. ყველა სასიამონო ილუზია, რაც აკეთილშობილებდა ძლაუფლებას და ალიბერალებდა მორჩილებას, რაც აჰარმონიულებდა ცხოვრების განსხვავებულ მხარეებს და რასაც აუღელვებელი შეთვისებით შეჰქონდა განცდები პოლიტიკაში და ამით ამშვენიერებდა და არბილებდა კერძო საზოგადოებას, უნდა დაიშალოს სინათლისა და გონების ამ ახალი იმპერიის ძალით. უხეშად უნდა განიძარცვოს ცხოვრებაში მისაღები ყოველნაირი სამოსი. ყველა ამაღლებული იდეა, ჩვენი წარმოსახვის კარადიდან გამოღებული, ჩვენი გულის კუთვნილება და შემეცნების მიერ დამტკიცებული, აუცილებელი ჩვენი შიშველი ბუნების მოცახცახე ნაკლოვანებათა დასაფარად და ღირსეულ აზრებამდე მისაყვანად, უნდა აფეთქდეს, როგორც სასაცილო, აბსურდული და მოდიდან გამოსული რამ.
საგანთა ამ სქემის მიხედვით, მეფე უბრალოდ კაცია, დედოფალი უბრალოდ ქალია; ქალი უბრალოდ ცხოველია და არც თუ უმაღლესი რანგის ცხოველი. ყველანაირი თაყვანისცემა სქესისადმი როგორც ზოგადი მოვლენისადმი, გამორჩეული შეხედულებების გარეშე მიჩნეულია რომანულად და სისულელედ. მეფეთმკვლელობა, მშობელთმკვლელობა და მკრეხელობა არაფრისმთქმელი მონჩმახია ცრურწმენისა, კორუმპირებული იურისპრუდენციისა, რათა მიეჩქმალათ მისი უბრალოება. მოკვლა მეფისა ან დედოფლისა, ან ეპისკოპოსისა, ან მამისა ერთი ჩვეულებრივია მკვლელობააა; და თუ ხალხი რაიმეგვარად თუ რაიმე გზით მოიგებს ამით, ეს მკვლელობა იქნება ყველაზე უფრო შესანდობი და მისთვის არ უნდა მოვიგონოთ განსაკუთრებით მკაცრი სასჯელი.
ამ ბარბაროსული ფილოსოფიის სქემით, რაც ნასხლეტია ცივი გულებისა, ბინძური შემეცნებისა და რაც დაცლილია სოლიდური სიბრძნისაგან, მოკლებულია ყველანაირ გამოვნებასა და სილაზათეს, კანონები დაფუძნებულია მხოლოდ მათსავე საკუთარ ტერორსა და იმ საქმეზე, რასაც თვითეული ინდივიდი ჰპოვებს მასში, კერძო მოსაზრებით ან კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. მათი აკადემიის ჭალებში, ყოველი ბილიკის ბოლოს, ვერაფერს ჰპოვებთ გარდა სახრჩობელებისა. არაფერია დარჩენილი, რაც საერთო კეთილდღეობისადმი ერთგულებას ჩაგვაგონებს. ჩვენი ინსტიტუტები, თუ შეიძლება ეს გამოთქმა ვიხმარო, პერსონალურად ვერასოდეს დაეფუძნება ამ მექნიკური ფილოსოფიის პრინციპებს სიყვარულის, თაყვანისცემის, აღტაცებისა თუ მიდრეკილების აღსაზრდელად ჩვენში. ისეთი აზროვნება, რომელიც დევნის ადათებს ვერ შეძლებს დაიკავოს მათი ადგილი. საჯარო მიდრეკილებანი შერწყმული წეს-ჩვეულებებთან ხანდახან საჭიროა როგორც დამატება, ხანდახან როგორც შესწორება და ყოველთვის მხარში უდგას კანონს. ბრძენკაცისა თუ დიდი კრიტიკოსის დამოძღვრა თუ როგორ უნდა ავაგოთ ლექსები, სახელმწიფოებისთვისაც გამოდგება: -_ Nონ სატის ესტ პულცჰრა ესსე პოეატა, დულცია სუნტო.* ყოველ ერში უნდა იყოს წეს-ჩვეულებათა სისტემა, რასაც დაბრუნებული გონება მიიღებს და მოიწონებს. იმისათვის რომ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ის საყვარელი უნდა იყოს.
*საკმარისი არ არის ლექსი იყოს მშვენიერი, კმაყოფილებაც უნდა აღგვიძრას. (ჰორაციუსი Aრს Pოეტიცა 99)
მაგრამ ძალაუფლებას შეუძლია გადაიტანოს დარტყმა, რომლის დროსაც ჩვეულებები და შეხედულებები იღუპება; და ძალაუფლება იპოვის სხვა და უფრო უარეს საშუალებას, დასახმარებლად. უზურპაცია, უძველესი ისტიტუტების დასამორჩილებლად ანგრევს უძველეს პრინციპებს და ძალაუფლებას ინარჩუნებს  ისეთივე ხელოვნებით, როგორითაც მოიპოვა. როცა ძველი ფეოდალური და რაინდული სული ერთგულებისა, რაც შიშისაგან ათავისუფლებდა მეფეებს და ტირანიისაგან იცავდა მეფეებსა და ქვეშევრდომებს, გაქრება ადამიანთა გონებიდან, უნდა მოველოდეთ შეთქმულებებსა და მკვლელობებს, რასაც წინ უძღვის ხოცვა და კონფისკაცია და გრძელი ჯაჭვი პირქუში და სისხლიანი მაქსიმებისა, რითაც იქმნება პოლიტიკური კოდექსი ყველა იმ ძალაუფლებისათვის, რომელიც არ დგას საკუთარ ღირსებაზე და იმათ ღირსებაზე, ვინც უნდა დაემორჩილოს. მეფეებს ტირანებად აქცევს პოლიტიკა, როცა ქვეშევრდომები მეამბოხეები ხდებიან პრინციპის გამო.
შეუძლებელია შეაფასო დანაკარგი, როცა უკუაგდებენ უძველეს შეხედულებებსა და წესებს. ამ წუთიდან უკვე აღარ გაგვაჩნია კომპასი, რომ გზა გავიგნოთ; არც ის გვეცოდინება გარკვევით თუ რომელი ნავსადგურისაკენ მივემართებით. ეჭვგარეშეა, რომ ევროპა, მთლიანობაში აყვავებული იყო იმდროს, როცა თქვენი რევოლუცია მოხდა. რა წილი მოდიოდა ამ კეთილდღეობისა ძველი ჩვეულებებისა და შეხედულებების სულიდან ძნელი სათქმელია; მაგრამ რადგან მათი მოქმედება უქმად არ ჩაივლის, უნდა ვივარაუდოთ, რომ სასიკეთოდ მოქმედებდნენ.
მეტისმეტად ვართ მიდრეკილნი გავითვალსწინოთ საგნები იმ მდგომარეობაში, რაშიც ვპოვებთ და საკმარისად არ ვაკვირდებით მიზეზებს, რამაც ისინი წარმოშვა და, ალბათ, განაპირობა. არაფერია უფრო ცხადი, ვიდრე ის, რომ ჩვენი ჩვეულებანი, ჩვენი ცივილიზაცია და ყველა სიკეთე, რაც დაკავშირებულია ჩვეულებებთან და ცივილიზაციასთან, ამ ჩვენს ევროპულ სამყაროში, საუკუნეების მაძილზე, დამოკიდებული იყო ორ პრინციპზე და ერთდროეულად ორივეს შედეგი იყო; მე ვგულისხმობ სულს ჯენტლმენობისა და სულს რელიგიისა. კეთილშობილნი და სულიერო პირები, ერთნი პროფესიით და მეორენი მფარველობით ახერხებდნენ სწავლა-განათლების შენარჩუნებას, თვით ომებისა და არეულობების დროსაც კი და მთავრობებიც მათი მიზეზით იქმნებოდა და არა ყალიბდებოდა. სწავლა-განათლება უკუგებას აძლევდა კეთილშობილებსა და სამღვდელოებას; და უკუგებას აძლევდა უხვად, აფართოებდა მათ იდეებსა და ამშვენებდა მათ აზროვნებას. ბედნიერება იქნებოდა თუ ამბიციისაგან ამღვრეული სწავლა-განათლება დაკმაყოფილდებოდა მოძღვარის როლით და არ მოინდომებდა გაბატონებას. თავის ბუნებრივ მფარველებთან და მცველებთან ერთად, სწავლა-განათლებაც ჩაეფლობა ტალახში და ღორების კოლტის ფერხთით დაიყრება.
თუ, როგორც ვეჭვობ, თანამედროვე მწერლობა უფრო მეტადაა დავალებული უძველესი ჩვეულებებისაგან, ვიდრე ისურვებდა, ასევეა სხვა ინტერსებიც, რომელთაც ისე ვაფასებთ, რისი ღირსნიც არ არიან. თვით კომერცია, ვაჭრობა და მრეწველობა, ჩვენი ეკონომისტი პოლიტიკოსების ღვთაებანი, თავისთავად მხოლოდ ქმნილებანია; მხოლოდ შედეგებია, რასაც ისე ვეთაყვანებით, როგორც პირველ საწყისს. ისინი სწორედ სწავლა-განათლების ჩრდილში განვითარდნენ. ისინიც შეიძლება გადაგვარდნენ თავის ბუნებრივად დამცავ პრინციპებთან ერთად. ამ დროში, თქვენთან, მათ ერთობლივი გაქრობის საფრთხე ემუქრება. იქ, სადაც ვაჭრობა და მრეწველობა ხალხის სამსახურშია და კეთიშობილებისა და რელიგიის სული შენარჩუნებულია, გრძნობებს თავისი ადგილი უკავია; მაგრამ თუ კომერცია და ხელოვნება ჩაიკარგება ექსპერიმენტში, როგორღა გაძლებს სახელმწიფო ამ ძველი და ფუნდამენტური პრინციპების გარეშე; რა უნდა იყოს ერი შემდგარი ბრიყვი, მძვინვარე და, ამავე დროს, ღატაკი და ბინძური ბარბაროსებისაგან, რომელთაც არც ახლა გააჩნიათ რამე და არც მომავალში ელოდებიან?