პოლიტიკასხვადასხვა

ზელენსკის ბოლო გადაწყვეტილება შეიძლება ბაიდენისთვის გაგზავნილი შეტყობინება იყოს

0

როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი დასავლელი პარტნიორების დამშვიდებას ცდილობს…

18 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის ექვსი მოადგილე გაათავისუფლა, ორი კვირის წინ კი თავად მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან. მათი გათავისუფლების შესახებ განმარტება არ გაუკეთებიათ. თავდაცვის ახალმა მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ამ გადაწყვეტილებას „ახალი დასაწყისი“ უწოდა, სამინისტროსთან დაახლოებული წყარო კი „სრული რეკონსტრუქციის შესახებ“ იუწყება.

ორი კვირის წინ თანამდებობიდან გათავისუფლებულ რეზნიკოვს დასავლეთის გამოგზავნილი სამხედრო დახმარების უკანონოდ მითვისებაში დასდეს ბრალად. მას თურქულ კომპანიასთან ზამთრის სამხედრო პიჯაკების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ედავებიან, რომელთა ფასი უკრაინაში ჩამოტანისას „გასამმაგდა“. კიდევ ერთი გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ საკვები პროდუქტებისა და სასურსათო მოსახურების შესახებ კონტრაქტი გააფორმა, რომელიც პროდუქტების ფასები ძალიან გაბერილი იყო.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კორუფციასთან ბრძოლით პრეზიდენტი ზელენსკი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი ვაშინგტონის დამშვიდებას ცდილობს, რომელიც დღემდე უკრაინის ყველაზე დიდი სამხედრო მხარდამჭერია რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.ზოგიერთი ამერიკელი კრიტიკოსის განცხადებით, სამხედრო დახმარებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების მიზეზი სწორედ კორუფციის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო.

უკრაინის დაფინანსების თაობაზე კონგრესის წევრი რესპუბლიკელების აზრი ორად გაიყო. ამერიკელი კანონმდებლები ფიქრობენ უნდა დააკმაყოფილონ თუ არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომელიც კიევისთვის დამატებითი 24 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ეხება.  „სიენენის“ (CNN) გამოქვეყნებულმა ბოლო გამოკითხვამ ცხადყო, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების 71 პროცენტს მიაჩნია, რომ კონგრესმა ფინანსები აღარ უნდა გამოყოს, 59 პროცენტი კი ფიქრობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად საკმარისი ძალისხმევა გაიღო. ეს გასაკვირი არ არის, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები სკეპტიკურად უყურებენ უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარების გაწევას: ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კი აღნიშნა რომ ვაშინგტონის დამატებითი დახმარების გაღება „დამოკიდებულია“ ევროპელი მოკავშირეების წვლილის გაზრდაზე; ამავდროულად კი მეწარმე ვივეკ რამასვამიმ „დამღუპველი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა „სხვა ქვეყნის საზღვრებს იცავს“, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსები „ჩვენი ქვეყნის სამხრეთი საზღვრების დაცვას“ მოახმაროს.

19 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. სამხედრო დახმარება, სავარაუდოდ, დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნამდე სიტყვით გამოვა, იგი თეთრ სახლსაც ეწვევა. მას გარკვეული ახსნა-განმარტებების გაკეთებაც მოუწევს, რადგან კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმია მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევს.

https://europeanconservative.com/articles/news/zelenskys-latest-sackings-could-be-a-message-to-biden/