პოლიტიკასხვადასხვა

ზელენსკი: მსოფლიო უკრაინაზე აღარ არის ორიენტირებული, მათი ყურადღება ახლო აღმოსავლეთმა მიიპყრო

0

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, რომელიც ხუთშაბათს დილით კიევს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტი წუხს, რომ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა მიიპყრო, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2010-2016 წწ.) დევიდ ქემერონი მოულოდნელად დაბრუნდა პოლიტიკურ სარბიელზე და რიში სუნაკის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქემერონი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

სანამ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებას დაიწყებდნენ, ზელენსკი და ლორდი ქემერონი კამერების წინ გამოჩნდნენ. ბრიტანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ მებრძოლებს სულისკვეთება შეუქო, ზელენსკიმ კი ბრიტანელ პოლიტიკოსს მადლობა გადაუხადა დროის გამონახვისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა: „…გმადლობთ, რომ გვეწვიეთ. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, მსოფლიო უკრაინაზე ან ჩვენს ომზე ორიენტირებული აღარ არის. ყურადღების გაყოფა ნამდვილად ცუდ სამსახურს გვიწევს… გვესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კრიზისის გამო მსოფლიო შესაძლოა გაიყოს და ეს ძალიან სამწუხაროა…“

ლორდმა ქემერონმა კი უპასუხა, რომ განსაკუთრებით სურდა, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას სწვეოდა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობისთვის ეს სიმბოლურია, რადგან ლონდონში სურთ, რომ უკრაინას კვლავ დაეხმარონ სამხედრო კუთხით „არა მხოლოდ ამ წელს ან მომავალ წელს, არამედ ვიდრე ამის საჭიროება იქნება“.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გასული თვის დასაწყისში ისრაელზე „ჰამასის“ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მსოფლიომ ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანა. ქემერონის თქმით, ეს ვიზიტი იმის გარკვევას ემსახურება, თუ როგორ დაუბრუნონ უკრაინის ომს აქტუალურობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

ზელენსკიმ მოგვიანებით დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს განიხილეს „უკრაინელი მებრძოლებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის იარაღის გადაცემისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები, ასევე ისაუბრეს უკრაინელებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვის თემებზე“.
გაერთიანებული სამეფო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მტკიცე მხარდამჭერია. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ლონდონი კიევს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით ამარაგებდა, მოგვიანებით კი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა, რომლებიც უკრაინელებმა რუსების წინააღმდეგ გამოიყენეს. ამ წლის დასაწყისში კიევმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე სწორედ ამ რაკეტებით მიიტანა იერიში.

https://www.breitbart.com/europe/2023/11/16/zelensky-laments-world-not-focussed-on-ukraine-any-more/