რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, რომ მომავალ წელს მის ქვეყანაში „მშვიდობა“ დაისადგურებს, თუმცა ზელენსკი რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა, გააფრთხილა, რომ ომი შეიძლება მონოტონურად გაგრძელდეს.
„მჯერა, რომ უკრაინელები მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანები იქნებიან, თუმცა უკვე მშვიდობიან პერიოდში“, – განაცხადა ზელენსკიმ წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში, მას შემდეგ, რაც POLITICO-მ იგი ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
„უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ყველა ჩვენგანს გვიცავენ, პირველები არიან, – დასძინა ზელენსკიმ და განაგრძო; მადლობა „ჩვენს ყველა ევროპელ მეგობარს, რომლებიც სტაბილურობის შენარჩუნებაში გვეხმარებიან“ და „მილიონობით ადამიანს ამ საშინელი დროის გადატანაში ეხმარებიან“.
ზელენსკიმ ეს სიტყვები მას შემდეგ გააჟღერა, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, ტერმინი, რომელსაც მოსკოვი იყენებს, „გაგრძელდება“.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული ომის რისკის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო. „ჩვენ არ გავგიჟებულვართ, ვაცნობიერებთ ბირთვული იარაღის შესაძლებლობებს“.
„ჩვენ უფრო უახლესი და თანამედროვე ბირთვული იარაღი გვაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბირთვულ ქვეყანას… მაგრამ არ ვაპირებთ მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და იგი სამართებელივით ვიქნიოთ“, – განაცხადა პუტინმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში რამდენიმე სამხედრო წარუმატებლობა განიცადა – მათ შორის ხერსონის განთავისუფლება, რომელიც თებერვლის ბოლოდან რუსული არმიის მიერ იყო ოკუპირებული – პუტინმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტი რეზერვისტის გამოძახებას არ აპირებს. რუსეთის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ სექტემბერსა და ოქტომბერში დაახლოებით 300,000 რეზერვისტს მოუყარეს თავი.
რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 24 თებერვალის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 10,000-დან 13,000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ნოემბერში ამერიკული დაზვერვის გავრცელებული ინფორმაციით, ამ ომში მოკლული და დაშავებული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 100,000 ‘აღემატება’.
წყარო: https://is.gd/wSIPwO