პოლიტიკასხვადასხვა

ზელენსკი კითხვებს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტობის მსურველ იმ კანდიდატებს, რომლებიც უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების მოწოდებით გამოდიან: „მზად არიან საომრად?“

0

22 ივნისი, 2023 წ.

გასულ ხუთშაბათს NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყოფითად შეაფასა იმ რესპუბლიკელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების შესახებ ყოყმანობენ.

ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ უკრაინელთა კონტრშეტევისა და კიევისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღისა თუ თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნის შესახებ ისაუბრა. NBC-ის კორესპონდენტმა რიჩარდ ენგელმა ზელენსკის რონ დესანტისისა და დონალდ ტრამპის განცხადებებზე პასუხის გაცემა სთხოვა.

„თუ რომელიმე კანდიდატი ფიქრობს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა ძალიან ძვირი ჯდება, მზად არიან ომისთვის? მზად არიან საბრძოლველად? თავიანთ შვილებს სიკვდილისთვის გაწირავენ?“, − განაცხადა ზელენსკიმ. „მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევთ, თუ NATO ამ ომში ჩაერთვება. თუ უკრაინა დამარცხდება და რუსეთი ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს, ისინი [რუსები] ბალტიისპირეთს, პოლონეთს ან ალიანსის სხვა წევრ ქვეყანას მიადგებიან. მაშინ კი შეერთებულ შტატებს არჩევანის გაკეთება მოუწევს − შეინარჩუნოს NATO თუ ამ ომში ჩაერთოს“.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება შეერთებული შტატებისთვის არის სასარგებლო.

„საინტერესოა, აცნობიერებენ კი ეს კანდიდატები, თუ რა ფასს იხდის უკრაინა ამ ომში?“, − განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ენგელმა ზელენსკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც დაუსვა კითხვა.

„ამერიკელები ყველაზე ღირსეულ პრეზიდენტს აირჩევენ და ჩვენ მათ არჩევანს მხარს დავუჭერთ. ეს ნორმალურია და სამართლიანი“, − უპასუხა ზელენსკიმ, − „რა თქმა უნდა, გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ კონკრეტული ჯგუფების წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირების მოწოდებით გამოდიან. ვფიქრობ, რომ ეს უკრაინას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. საქმე არა პერსონის, არამედ პოლიტიკის ცვლილებას ეხება. გვინდა, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება“.

ტრამპი, დესანტისი და რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას ცდილობენ

ტრამპი და დესანტისი უკრაინის არმიის შეიარაღებასა და დაფინანსებას მხარს არ უჭერენ და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.

მარტში Fox News-ის იმჟამინდელ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში დესანტისმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ნაციონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა აქვს და „ერთ-ერთი მათგანი უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში ჩართვაა“. „მიზანი მშვიდობის დამყარება უნდა იყოს“, − დასძინა ფლორიდის გუბერნატორმა.

დესანტისმა ინგლისელ ჟურნალისტ პირს მორგანს, რომელიც ამჟამად აშშ-ში მუშაობს, განუცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა „არასწორი იყო“ და პრეზიდენტ პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა, თუმცა თავის პოზიციას იცავდა და ამბობდა, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტში არ უნდა ჩარეულიყო.

„არ მგონია, რომ ეს ომი პუტინის გამარჯვებით დასრულდეს. არ მგონია, რომ იგი უკრაინის მთავრობას დაამხობს და ვფიქრობ, რომ ეს კარგია“, − განუცხადა დესანტისმა მორგანს.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს. ყოფილმა პრეზიდენტმა იგივე პოზიცია მაისში CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც დააფიქსირა. ტელეკომპანიის წამყვანის, კეიტლინ კოლინზის, შეკითხვაზე, სურს თუ არა, რომ ეს ომი უკრაინამ მოიგოს, ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, ეს კონფლიქტი მოგვარდება. შეგვიძლია, რუსებისა და უკრაინელების ხოცვა შევაჩეროთ. არ მინდა, რომ კვდებოდნენ“.

CNN-თან ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებს. ტრამპმა პუტინი ომის დამნაშავედ არ მოიხსენია და განაცხადა, რომ ეს საკითხი „მოგვიანებით უნდა განიხილონ“, რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილება „შეთანხმების დადებას ხელს შეუშლის და პროცესი შეჩერდება“.

უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას რობერტ ფრენსის კენედი უმცროსიც უჭერს მხარს, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან იყრის კენჭს.

„შევთავაზებთ, რომ ჩვენს ჯარებსა და ბირთვულ რაკეტებს რუსეთის საზღვრებიდან გავიყვანთ. რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს უკრაინიდან გაიყვანს და ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტორი გახდება. (გაეროს) მშვიდობისმყოფელები უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე რუსულენოვან რეგიონებში მშვიდობას უზრუნველყოფენ. ჩვენ დავასრულებთ ამ ომს და ბოლოს მოვუღებთ უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ეს ყველა ქვეყნის დემილიტარიზაციის მასშტაბური პროგრამის დასაწყისი იქნება“, − განაცხადა კენედიმ.

წყარო: https://www.theepochtimes.com/zelenskyy-questions-us-presidential-candidates-calling-for-ukraine-peace-deal-are-they-ready-to-go-to-war_5342643.html?utm_source=partner&utm_campaign=ZeroHedge&src_src=partner&src_cmp=ZeroHedge