ავტორი ჯეიმს ჯი რიკარდსი
უკრაინის ომის შესახებ სიმართლის დადგენა ძალიან რთულია. პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ ეს ომია. რეალურ დროში ომების შეფასება ყოველთვის რთულია.
ფრაზა „ომის ბურუსი“ ნებისმიერ კონკრეტულ ომთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და უზუსტობის გადმოსაცემად მოიგონეს.
ამის მიუხედავად არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინის ომი მრავალ ადამიანს საგონებელში აგდებს. ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინული პროპაგანდა ტყუილების ერთ-ერთი ყველაზე საოცრად ეფექტური ნაზავია, რაც კი ოდესმე მინახავს.
„კიევის მოჩვენებით“ დაწყებული და გაგრძელებული „გველების კუნძულის გმირებით“, რუსული ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ გაჟღერებული საშინლად გაზვიადებული განცხადებებით, ნებისმიერი ინფორმაციის აკრძალვით, რომელიც უკრაინას უარყოფითად წარმოაჩენს, უკრაინის პროპაგანდისტული მანქანა უმაღლეს დონეზე მუშაობს.
ეს მოსალოდნელიც იყო თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ყოფილი მსახიობი და კომიკოსია. იგი მიჩვეულია მედიასცენას და პუბლიკისთვის სცენარებს იგონებდა. ზელენსკის მხარს უჭერს მედია მრჩევლების მცირერიცხოვანი არმია, ასევე ზურგს უმაგრებენ მომხრეები, მათ შორის პრეზიდენტი ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და ისეთი მედიასაშუალებები, როგორიცაა „ნიუ იორკ თაიმსი“ (The New York Times).
ყალბი სიმამაცე
ბოლო პროპაგანდისტული ტრიუკი იყო ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ომის დაწყების წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. ბაიდენმა წინასწარ მომზადებული სიტყვა წარმოთქვა, კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გაგზავნას მწვანე შუქი და პოლონეთში მატარებლით დაბრუნდა.
პროპაგანდამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ბაიდენი და ზელენსკი ღია შიდა ეზოში შევიდნენ და ამ დროს კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა გაისმა. რუსებს წინასწარ შეატყობინეს, რომ ბაიდენი კიევში აპირებდა ჩასვლას და შეთანხმდნენ, რომ მისი ვიზიტის დროს მოულოდნელი თავდასხმები არ განხორციელდებოდა.
სინამდვილეში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავდასხმებს ადგილი არ ჰქონია. არავის მოუკრავს თვალი თვითმფრინავებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატებისა თუ რაკეტებისთვის. სირენებმა მხოლოდ სასცენო ეფექტის ფუნქცია შეასრულეს, რაც საფრთხის ცრუ განცდის შექმნას ისახავდა მიზნად, რასაც გლობალური მედია საუნდტრეკად გამოიყენებდა.
უკრაინა ომს დიდი დანაკარგებით აგებს, თუმცა დასავლელებს იმაში ვერ დაადანაშაულებთ, რომ მოვლენებს სხვაგვარად აღიქვამენ. ისინი ზელენსკი-უკრაინის პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი არიან.
რა შეიძლება ითქვას სანქციებზე? რამდენად ეფექტურად მუშაობს სანქციების პოლიტიკა?
ბოდიში, მაგრამ მართალი ვიყავი
უკრაინის გამო შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უარესი იყო, ვიდრე სრული წარუმატებლობა. სანქციებმა რუსეთს პოლიტიკა ვერ შეაცვლევინეს და მატერიალური თვალსაზრისით ვერც მისი ეკონომიკა დააზარალეს. სანქციებმა ბუმერანგის პრინციპით იმუშავეს და ზიანი შეერთებულ შტატებს, ევროპასა და ბევრ დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტს მიაყენეს.
ამის შესახებ გასული წლის მარტსა და აპრილში ვწერდი, ომის დაწყებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ. ჩემს კომენტარებს სკეპტიციზმითა (უკეთეს შემთხვევაში) და კრიტიკით (უარეს შემთხვევაში) შეხვდნენ. მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ მართალი ვიყავი და მას შემდეგ მტკიცებულებები მრავლად მოიპოვება.
რუსული რუბლი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვით უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ომის დაწყებამდე იღებდა. რუსულ ნავთობს ინდოეთი და ჩინეთი ფასდაკლებით ყიდულობს. თუმცა რუსეთი ამ ფასდაკლებას გაზრდილი მოცულობით ანაზღაურებს.
2022 წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტით შემცირდა (უფრო ადრინდელი შეფასების თანახმად, იგი დაახლოებით 20 ან მეტი პროცენტით შემცირდებოდა). მოსალოდნელია, რომ ამ წელს რუსეთის ეკონომიკა მოკრძალებულად გაიზრდება, იმ დროს, როცა შეერთებული შტატები და ევროპა სავარაუდო რეცესიის წინაშე აღმოჩნდებიან. რუსეთი და ჩინეთი დიდი ხანია, რაც საერთაშორისო ტრანზაქციების განსახორციელებლად გადახდებისა და ანგარიშსწორების ინტეროპერაციულ სისტემას ქმნიან, რომელიც „სვიფტის“ (SWIFT) სისტემას ჩაანაცვლებს, საიდანაც რუსეთი გარიცხეს.
სინამდვილეში რუსული ინსტიტუტებისთვის ზიანის მიყენება ძალიან რთულია, რადგან მოსკოვი შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი ფინანსური თავდასხმის მოსაგერიებლად წლების განმავლობაში ემზადებოდა. რუსული ბანკები ძლიერად გამოიყურებიან, აქვთ კარგი ლიკვიდურობა და ბანკთაშორის საშუალებებზე წვდომა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი SWIFT-იდან გარიცხეს.
ამავდროულად, რუსეთი უკრაინის არმიის განადგურებას ჩრდილოეთკორეული რაკეტებით, ირანული უპილოტო საფრენი აპარატებითა და თავისი მასიური სამრეწველო შესაძლებლობებით განაგრძობს.
ერთადერთი რესურსი, რომლის გამოყენებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია
ამგვარად, უკრაინა ბრძოლის ველზე მარცხდება, შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კი წარუმატებელი აღმოჩნდა. ვაშინგტონის ერთადერთი პასუხი კონფლიქტის ესკალაციაა. უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღით გამოწვეული ესკალაცია შემაძრწუნებელია. რუსული თვითმფრინავების ჩამოსაგდებათ „სტინგერის“ მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები მივაწოდეთ, ასევე გადავეცით ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინები“ (თუმცა უკრაინაში გამოყენებული ბრიტანული NLAW სისტემა აშკარად უკეთესია).
შემდეგ გავუგზავნეთ „ჰაიმარსები“ – ამერიკულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა. უკრაინამ ეს კარგად გამოიყენა, თუმცა, როგორც ჩანს, რუსებმა მის საწინააღმდეგოდ სპეციალური სისტემა შეიმუშავეს.
მიუხედავად იმისა თუ რას ამბობ პროპაგანდისტული მანქანა, რუსები იდიოტები არ არიან. სინამდვილეში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „მთელი სამხედრო მეცნიერება რუსეთშია თავმოყრილი“.
„ჰაიმარსების“ მიწოდების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას თანამედროვე ტანკებს, ამერიკულ „აბრამსებს“, ბრიტანულ „ჩელენჯერ 2“-ებსა და გერმანულ „ლეოპარდ 2“-ებს, გაუგზავნიდნენ. სხვათა შორის, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრძოლის ველზე რამდენიმე „ლეოპარდი“ გამოჩნდა. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკული გამანადგურებლები (F-16) მოითხოვა, ბაიდენმა უარი განუცხადა, თუმცა პრეზიდენტმა თავიდან ტანკების გადაცემაზეც უარი თქვა. სავარაუდოდ, F-16-ების მიწოდება მხოლოდ დროის საკითხია.
ამ ყველაფერს მხარს უჭერს მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების სადაზვერვო, სათვალთვალო და საკომუნიკაციო სისტემები, რომლებიც რუსული სამიზნეების აღმოსაჩენად და ამერიკული იარაღის სამართავად არის შექმნილი.
აღარაფერს ვამბობ უკრაინაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფნაზე. ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინულ ფორმაში გამოწყობილი 20 ათასამდე პოლონელი ჯარისკაცი იმყოფება, ისინი უკვე უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები არიან. უკრაინაში ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცებიც მოქმედებენ უკრაინული უნიფორმის გარეშე, რაც ჟენევის კონვენციების დარღვევაა.
რა თქმა უნდა, ეს რუსებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. მათ ცოტა ხნის წინ გაგვაფრთხილეს, რომ უკრაინიდან ნატოს მთელი პერსონალი და შეიარაღება გავიყვანოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, რუსებმა კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილეს, რომ ისინი შეიძლება კანონიერ სამიზნეებად იქცნენ.
უკრაინა მარცხდება
ამის მიუხედავად, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებებს განსაკუთრებით ეფექტი არ მოუხდენია. იგი ამ ომში მარცხდება, რადგან რუსეთი ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე ნელ-ნელა და მეთოდურად ანადგურებს უკრაინულ არმიას. რუსეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ბახმუთი თითქმის ალყაში ჰყავს მოქცეული და, სავარაუდოდ, 20-30 ათას უკრაინელ ჯარისკაცს მალე მთლიანად მოამწყვდევს ხაფანგში.
ბახმუტის დაკარგვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მარცხი იქნება, რადგან ეს დონბასში მნიშვნელოვნად შეასუსტებს მათი თავდაცვის ხაზს. უკრაინელებს მხოლოდ ერთი თავდაცვითი ხაზი აქვთ, რომ უკან დაიხიონ, იგი განსაკუთრებით სუსტია, ვიდრე ის ხაზი, რომლის შესანარჩუნებლადაც ამჟამად იბრძვიან.
თუ რუსეთი ბოლოს და ბოლოს მოახერხებს ამ უკანასკნელი ხაზის გარღვევას, ამ ხაზსა და მდინარე დნეპერს შორის ძალიან ცოტა მანძილი რჩება, რათა რუსები შეაჩერონ.
სხვათა შორის, ამაში უკრაინელ სამხედროებს ვერ დაადანაშაულებ. ისინი მტკიცედ და მამაცურად იბრძოდნენ და იბრძვიან დღემდე. უბრალოდ მათ წინაშე უფრო ძლიერი სამხედრო ძალა დგას, რომელიც მათ მნიშვნელოვნად აღემატება ტანკებით, თვითმფრინავებით, არტილერიითა და, რაც მთავარია, საბრძოლო მასალებით. რუსები უკრაინელებს სამხედრო თვალსაზრისით ჯაბნიან. რუსებს უკრაინელებთან შედარებით უფრო ბევრი და უკეთესი იარაღი აქვთ.
სად არიან ჯავშანტექნიკით მებრძოლი ჯარისკაცები?
ამავდროულად, დაპირებული იარაღის დიდი რაოდენობა (მათ შორის ტანკები) უკრაინაში არ ჩასულა და შეიძლება ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში მზად არც კი იყოს. უკრაინა მათ ახლავე გამოყენებდა!
F-16-ები ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, რადგან უკრაინელმა მფრინავებმა მათი მართვა არ იციან. ამერიკული ავია გამანადგურებლების მართვის შესწავლას შეიძლება თითქმის ერთი წელი დასჭირდეს. ისიც შესაძლებელია, რომ F-16-ები ნატოს პილოტებმა მართონ ფარულად, თუმცა იფიქრეთ რუსული პროპაგანდის გამარჯვებაზე თუ ნატოს მფრინავებს ჩამოაგდებენ და ტყვედ ჩაიგდებენ, რომლებიც უკრაინის თავზე არ უნდა დაფრინავდნენ. თუმცა მათი ეფექტურობის გარდა კიდევ ერთი კითხვა ჩნდება. შეუძლიათ თუ არა შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას, რომ ამ იარაღის მიწოდებით საკუთარ მზადყოფნას ზიანი არ მიაყენონ იმ შემთხვევაში თუ სხვაგან დაიწყება ომები?
ფაქტი ის არის, რომ დასავლეთს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღისა და საბრძოლო მასალის გამო სამხედრო მარაგები ეწურება. ევროპა თავიდანვე ვერ დაიკვეხნიდა დიდი არსენალით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა შეერთებული შტატების სამხედრო მარაგებიც. მდგომარეობას ისიც აუარესებს, რომ ამ დეფიციტის სწრაფად ანაზღაურება შეუძლებელია.
ცივი ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საბრძოლო მასალების მწარმოებელი მრავალი ქარხანა დახურა. მათი ხელახლა ამუშავება შესაძლებელია, თუმცა ომის დროს სრულ მობილიზაციას წლები სჭირდება და არა კვირები. მეორე მსოფლიო ომი ამის ნათელი მაგალითია.
1943 წლისთვის შეერთებული შტატები წელიწადში 100 ათას სამხედრო თვითმფრინავს აწარმოებდა, თუმცა 1941 წელს, მათი რიცხვი 18 ათას აღწევდა. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას კომპანია „ფორდმა“ ავტომობილების წარმოება ფაქტობრივად შეაჩერა და მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში მდებარე თავის უზარმაზარ ქარხანა „რივერ რუჟში“ თვითმფრინავებს აწარმოებდა.
გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების წარმოების გახუთმაგებას ორი წელი დასჭირდა. ეს თვეების განმავლობაში არ მომხდარა. სამართლიანობისთვის უნდა ვიკითხოთ ღირს კი ეს ომი ფართო თვალსაზრისით.
კიდევ უფრო მიზანშეწონილია ვიკითხოთ, ღირს თუ არა, რომ იარაღის სასიცოცხლო მარაგების შემცირებით შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას, რათა აღმოსავლეთ ევროპაში კორუმპირებულ ოლიგარქიას მხარი დავუჭიროთ.
ამერიკელმა ხალხმა თავისი მწარე გამოცდილებით შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ორივე კითხვაზე პასუხი უარყოფითია.
ჯეიმს ჯი რიკარდსი Strategic Intelligence-ის, Project Prophesy-ს, Crash Speculator-ისა და Gold Speculator-ის რედაქტორია. რიკარდსი ამერიკელი იურისტი, ეკონომისტი და საინვესტიციო ბანკირია, რომელსაც „უოლ სთრითის“ კაპიტალის ბაზარზე მუშაობის ორმოცწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იგი მთავარი მომლაპარაკებელი იყო, როდესაც შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემა (1998 წ.) Long-Term Capital Management L.P. (LTCM – 1994-2000 წლებში მოქმედი გავლენიანი ამერიკული ჰეჯ-ფონდი)-ის გადარჩენას ცდილობდა.
რიკარდსის ნაშრომები რეგულარულად ქვეყნდება Financial Times-ში, Evening Standard-ში, New York Times-ში, The Telegraph-სა და Washington Post-ში. იგი ხშირად სტუმრობს BBC-ს, RTE-ს (ირლანდიის ეროვნულ რადიო), CNN-ს, NPR-ს, CSPAN-ს, CNBC-ს, Bloomberg-ს, Fox-სა, და The Wall Street Journal-ს. რიკარდსი კაპიტალის ბაზრებზე აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებისა და პენტაგონში თავდაცვის მდივნის ოფისის მრჩევლად მსახურობდა. მან 2008 წლის ფინანსური კრიზისის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჩვენებაც კი მისცა.
ჯეიმს რიკარდსი The New Case for Gold-ისა (April 2016) და „ნიუ იორკ თაიმსის“ ოთხი ბესტსელერის – Currency Wars (2011), The Death of Money (2014), The Road to Ruin (2016) და Aftermath (2019) – ავტორია. მისი ბოლო წიგნი The New Great Depression-ი 2021 წლის იანვარში გამოიცა.
წყარო: https://is.gd/VR0OFy