ზაგრები (როიტერსი) – პარასკევს ხორვატმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს წინადადებას, რომელიც უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ევროკავშირის მისიას ეხებოდა. მწვავე დებატების შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ცხადი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის დიდი უთანხმოება არსებობს.
წინადადებაზე შეთანხმების მისაღწევად ხმათა ორი მესამედი იყო საჭირო. პარლამენტში განსახილველად გამოტანილი წინადადების თანახმად, ხორვატიაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი უნდა მოემზადებინათ, მაგრამ შეიარაღებული ძალების მეთაური, ქვეყნის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ამ პროექტის წინააღმდეგ წავიდა.
151 წევრიან პარლამენტში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 107-მა დეპუტატმა. წინადადებას 97-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ათმა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური უთანხმოების მძევლები გახდნენ და იქვე დაამატეს, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საპარლამენტო კენჭისყრას იმ საკითხებზე, რომლებსაც პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ამტკიცებს.
24 თებერვალს დაწყებული ომის საპასუხოდ, ოქტომბერში ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM Ukraine) შექმნა განიზრახა და ხელმძღვანელად პოლონელი გენერალი დანიშნა. წვრთნები ძირითადად პოლონეთში ჩატარდება.
მილანოვიჩმა უარი თქვა მთავრობის წინადადებაზე, რომ ხორვატია EUMAM Ukraine-ას შეერთებოდა. ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვით, ხორვატია არ უნდა ჩაერიოს ამ ომში, რადგან ეს წინადადება კონსტიტუციას დაარღვევს. ქვეყნის პირველმა პირმა ისიც განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის ან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი არ არის.
მთავრობამ წინადადება პარლამენტს გაუგზავნა, იმ იმედით, რომ მოაგროვებდა უმრავლესობის ორი მესამედის ხმებს, რაც სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო.
„ამ სამხედრო მისიაში მონაწილეობა ხორვატიის თანმიმდევრული, პრინციპული და რაციონალური გადაწყვეტილებაა, მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, განაცხადა კენჭისყრის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, და ამასთანავე უპასუხა კრიტიკოსებს, რომლებიც სამართლებრივი პროცედურების დარღვევაში სდებდნენ ბრალს.
წყარო: https://is.gd/oQo3lA