(ფიქრებიდან)
ამ ნაწილში გადმოცემულია წინასწარრწმენის მნიშვნელობა და რელიგიურ სასოებასთან კავშირი. შემდეგ ბერკი ავითარებს თავის კონცეფციას “მარადიული საზოგდოების ხელშეკრულებისა”, რასაც უპირისპირებს, “სიგიჟის, უარყოფის, ცოდვის, არეულობისა და დაუსრულებელი მწუხარების ანტაგონისტურ მსოფლიოს”.
თქვენ ხედავთ სერ, რომ იმდენად თავხედი გამოვდექი ამ განმანათლებლობის ეპოქაში, რომ გამოვტყდი საზოგადოდ გრნობების ხალხი ვართ მეთქი; რომ ჩვენი ძველი წინასწარრწმენების თავიდან მოშორების ნაცვლად, გარკვეულწილად ვაქეზებთ მათ და, ჩვენთვის უფრო მეტად სამარცხვინოდ, იმიტომაც ვაქეზებთ, რომ წინასწარრწმენებია; და რაც უფრო დიდხანს გაძლებს, რაც უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს, მით უფრო მეტად ვაქეზებთ. ვშიშობთ, რომ არ შეიძლება ადამიანის მიშვება, რომ მხოლოდ თავისი ჭკუით იცხოვროს და იმუშაოს; რადგან ვეჭვობთ, რომ მარტო კაცი ძალზე პატარაა და რომ უმჯობესი იქნება თუ ინდივიდები საერთო, საუკუნეების მანძილზე ერებში დაგროვილი საცავიდან ისარგებლებენ. ჩვენს მოაზროვნე კაცთაგან მრავალნი, ნაცვლად იმისა, რომ უკუაგდონ საზოგადო წინასწარრწმენები, მთელ თავის გამჭრიახობას იყენებენ მათში ჩამალული იმ სიბრძნის აღმოსაჩენად, რაც უმთავრესია მათში. თუ აღმოაჩენენ რასაც ეძებენ და იშვიათად მოეცარებათ ხოლმე ხელი, მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნება შენარჩუნდეს წინასწარრწმენა მასში არსებული სიბრძნიანად და არ დატოვონ შიშველი გონიერება მას შემდეგ, რაც წინაწარრწმენის გარსს შემოაცლიან; იმიტომ რომ წინასწარრწმენას ძალუძს გონიერებასთან ერთად აამოძრაოს გონი და გრძნობს სიყვარულს, რითაც მარადიულობას ანიჭებს მას. წინასწარრწმენა მზა საშუალებაა განსაკუთრებული შემთხვევისათვის; ის წინასწარ ამარაგებს გონებას სიბრძნისა და სიქველის უწყვეტი ნაკადით და გადაწყვეტილების მიღების ჟამს არ მიატოვებს კაცს ყოყმანის, ეჭვისა და თავსატეხის ამარა. წინასწარრწმენა კაცის სიქველეს ჩვეულებად გადააქცევს და არ დატოვებს დაღავებული ქცევების წყებად. სწორედ წინასწარრწმენის მეოხებით გადაიქცევა კაცის მოვალეობა კაცის ბუნებად.
თქვენი მწერლები და პოლიტიკოსები და ჩვენებურ განმანათლებელთა კლანიც არსებითად განსხვავებულად უყურებენ ამ საკითხს. ისინი პატივს არ სცემენ სხვათა სიბრძნეს; და მეტისმეტად არიან დაჯერებულნი საკუთარ სიბრძნეში. მათ სრულიად საკმარის საბაბად მიაჩნიათ დაანგრიონ საგანთა ძველი სქემა, მხოლოდ იმიტომ რომ ძველია. რაც შეეხება ახალს, ისინი სრულიად არ შიშობენ ნაჩქარევად აგებული შენობის გამძლეობის გამო; რადგან გამძლეობას ფასი არ გააჩნია მათ თვალში, ვინც ცოტას ან სულ არ ფიქრობს თუ რა იყო მათ დრომდე და მთელ იმედებს აღმოჩენაზე ამყარებენ. ისინი სისტემატურად ჩაიგონებენ, რომ მარადიულობის მიმნიჭებელი ყველა მოვლენა მავნებლობაა და ამიტომ უცხადებენ უწყვეტ ომს ყოველ დაწესებულებას. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობები შეიძლება მოდური სამოსივით გამოიცვალო და ცუდი არაფერი მოხდება, რომ არანაირი ერთგულების პრინციპი არ არის საჭირო სახელმწიფოს კონსტიტუციისადმი, გარდა იმისა, რომ ამჟამად იყოს მოსახერხებელი. ყოველთვის ისე ლაპარაკობენ, თითქოს იმ აზრზე იყვნენ, რომ მხოლოდ ერთგვარი შეთანხმება არსებობს მათსა და მათ მოსამართლეებს შორის, რაც ავალდებულებს და არავითარი სხვა ვალდებულება არსებობს, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მის უდიდებულესობა ხალხს უფლება აქვს გადაწყვიტოს თავისი ნებით. სამშობლოსადმი სიყვარული მხოლოდ იმდენად აქვთ, რამდენადაც ეს მათ მსწრაფლწარმავალ პროექტებს შეესაბამება; იწყება და მთავრდება იმ პოლიტიკური სქემით, რაც იმ წუთას მოაფიქრდებათ.
ეს დოქტრინები თუ, უფრო, განცდები, როგორც ჩანს წარმმართველია თქვენი ახალი სახელმწიფო მოღვაწეებისათვის, მაგრამ სრულიად განსხვავებულია ჩვენი ქვეყნის ყოფისაგან. . . .
ჩვენ ვიცით, და მეტიც, შინაგანად ვგრძნობთ, რომ რელიგია საფუძველია სამოქალაქო საზოგადოებისა და წყარო ყოველგვარი სიკეთისა და კეთილდღეობისა; და იმდენად დარწმუნებულნი ვართ, რომ აღარ რჩება ცრურწმენის აღარავითარი ჟანგი, რითაც ადამიანური გონების გადროვებული სისულელე საუკუნეთა მანძილზე დახრავდა ინგლისს, რომ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი კაცი ამჯობინებს სწამდეს. არასოდეს ვიქნებით ისეთი სულელნი, რომ მტერს მოვუხმოთ ჩვენი სისტემის შესაცვლელად კორუფციის დასაძლევად, ნაკლოვანებათა შესაცვლელად და აგებულობის გასაუმჯობესებლად. თუ ჩვენი რელიგიის დოგმებს ოდესმე დასჭირდება შემდგომი განმარტება, ათეიზმს არ მოვუხმობთ მის ასახსნელად. ტაძრის გასანათებლად იმ არაწმინდა ცეცხლს არ გამოვიყენებთ. ის სხვა სინათლით განათდება. სურნელება სხვა საკმევლით დადგება და არა იმ სნეულების მომტანი ნაგვით, რაც კონტრაბანდისტებსა და მოღალატე მეტაფიზიკოსებს შემოაქვთ. თუ ჩვენს საეკლესიო საფუძვლებს რევიზია დასჭირდება, შესამოწმებლად არ მოვუხმობთ სიხარბესა და მძარცველობას, საზოგადო იქნება თუ კერძო და არც წმინდა შესაწირავს დავადგამთ თვალს. არც ბერძნულ და არც სომხურ ეკლესიას დავგმობთG სასტიკად და არც რომაულ რელიგიურ სისტემას შევეხებით, მაგრამ ვარჩევთ ვიყოთ პროტესტანტები, არა იმიტომ, რომ მასში ნაკლებია ქრისტიანული რელიგია, არამედ, ჩვენი აზრით, უფრო მეტია. პროტესტანტები ვართ, არა განურჩევლობის, არამედ მგზნებარების გამო.
ჩვენ ვიცით და ვამაყობთ ამ ცოდნით, რომ ადამიანი თავის კონსტიტუციით რელიგიური ცხოველია; რომ ათეიზმი არა მარტო ჩვენი გონების, არამედ ჩვენი ინსტინქტების წინააღმდეგიცაა და რომ დიდხანს ვერ იმბრძანებლებს. მაგრამ თუ შფოთის შემთხვევაში, განსაწმენდელიდან ამოღწეული ცხელი გონების ბოდვის დროს, რაც ეხლა დუღს და მძვინვარებს საფრანგეთში, უნდა ტანზე შემოვიხიოთ და გავშიშვლდეთ, უნდა უკუვაგდოთ ქრისტიანული რწმენა, რაც უზრუნველგვყოფდა აქამდე, რაც ცივილიზაციის დიად წყარო იყო ჩვენში და რითაც თავი მოგვქონდა აქამდე სხვა ერთა შორის, ვხვდებით (რადგან გონება ვერ გაუძლებს სიცარიელეს), რომ რაღაც გადამთიელური, დამღუპველი, და გადაგვარებული ცრურწმენა დაიკავებს მის ადგილს.
ამ მიზეზით, მანამდე სანამ ჩვენი დაწესებულებებიდან ამოვიღებდეთ შეფასების ბუნებრივ, ადამიანურ საშუალებებს და მივიღებდეთ სიძულვილს, რაც თქვენ მოიმოქმედეთ და ამით თავს დაიტეხეთ სასჯელი, რასაც იმსახურებდით, ვისურვებდით, რომ ჯერ სხვას ეჩვენებინა თუ როგორ ხდება ეს და მერე ჩამოვაყალიბებდით ჩვენს შეხედულებას.
ნაცვლად იმისა, რომ სხვებივით, ვინც ამგვარი ინსტიტუტებისადმი მტრული ფილოსოფია და რელიგია შექმნა, წავკიდებიდით ჩვენს დაწესებულებებს, უფრო მეტად მივუახლოვდით მათ; და გადაწყვეტილი გვაქვს შევინარჩუნოთ დაწესებული ეკლესია, დაწესებული მონარქია, დაწესებული არსტოკრატია და დაწესებული დემოკრატია; თვითეული იმაზე მეტი ზომით არა, რა ზომითაც არსებობს. ახლა ვნახოთ, თუ რა ზომით გაგვაჩნია თვითეული.
ამ საუკუნის უბედურებაა (და არა დიდებულება, როგორც ეს ჯენტლმენები ფიქრობენ), რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ; თითქოსდა ჩვენი კონსტიტუცია მუდამ ცხარე დისკუსიის საგანი ყოფილიყოს და არა მოწონებისა. ამ მიზეზით და აგრეთვე იმისათვის, რომ თქვენი კმაყოფილება გამოვიწვიო, კმაყოფილება იმათი (თუკი არიან ასეთები), ვინც ისურვებდნენ მაგალითები ეხილათ, გავბედავ და შეგაწუხებთ ორიოდე მოსაზრებით ამ დაწესებულებათა გამო. არა მგონია ძველ რომაელებს სიბრძნე ჰკლებოდათ მაშინ, როცა, კანონებში სიახლის შესატანად, კომისიას ჰქმნიდნენ, რათა საუკეთესო ნიმუში ახლო-მახლო მდებარე რესპუბლიკაში მოენახათ.
უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით ჩვენს საელესიო დაწესებულებებს შევეხო, როგორც პირველს წინასწარრწმენათა შორის, რაც გონების გარეშე კი არ არსებობს, არამედ მოიცავს ვრცელსა და ღრმა სიბრძნეს. პირველად მასზე ვისაუბრებ. ის არის პირველი, ბოლო და შუა ნაწილი ჩვენი გონებისა. რადგან იმ რელიგიის საფუძველზე, რომლის წიაღშიც უვნებლად ვიმყოფებით დღემდე და ვაგრძელებთ მოქმედებას ადრე მიღებული და საერთო, საკაცობრიო განცდით. ამ განცდამ არა მარტო ბრძენი არქიტექტორივით ააშენა დიდებული შენობანი სახელმწიფოთა, არამედ, როგორც შორსმხედველმა მესაკუთრემ, შენობის დანგრევა-დამახინჯებისაგან გადასარჩენად, განწმინდა წმინდა ტაძარი ყოველგვარი სიბინძურისაგან სიყალბისა, სისასტიკისა, უსამართლობისა და ტირანიისა; სამარადისოდა და საზეიმოდ განწმინდა მრევლი და ღვთისმსახურნი მასში. განწმენდა შესრულდა იმისათვის, რომ მთავრობაში მყოფ ადამიანებს, ვინც იქ ღვთის სახელით არიან, ჰქონდეთ ამაღლებული და ღირსეული შეხედულებანი თავიანთ დანიშნულებასა და საქმიანობაში; რომ მათი იმედი აღვსილი უნდა იყოს უკვდავებით; რათა არ დახარბდნენ წუთიერ უმაქნის მოსახვეჭს, არც დროებითსა და გარდამავალ ხოტბას მდაბიოთა, არამედ მიენდონ მყარ, მარადიულ არსებობას თავისი ბუნების მარადიული ნაწილისა, მარადიული სახელ-დიდება და მაგალითი დაუტოვონ მდიდარ მსოფლიო მემკვიდრეობას.
ასეთი ამაღლებული პრინციპები უნდა ჰქონდეთ მაღალ თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს; უნდა ჰქონდეთ რელიგიური დაწესებულებანი, რათა შეძლონ მარადიული გადარჩენა და გაძლიერება. ყველა ზნეობრივი, სამოქალაქო და პოლიტიკური ინსტიტუტი, რაც უზრუნველჰყოფს რაციონალურსა და ბუნებრივ კავშირებს, რაც აერთიანებს კაცის წარმოდგენასა და გრძნობებს ღვთაებრივთან, საჭიროა ერთი მიზნისათვის, რომ აეგოს განსაცვიფრებელი შენობა, ადამიანი, ვისი უფლებამოსილებაცაა მნიშვნელოვანწილად თვითონ ჩამოაყალიბოს თავისი თავი, და ვისაც, როცა ისეთი გახდება, როგორიც უნდა იყოს, ბედისწერით დასაზღვრული აქვს უბრალო ადგილი არ ეკავოს ამ დიად შემოქმედებაში; მაგრამ როცა კაცი სხვა კაცზე მაღლა დგას, როგორც მასზე უკეთესი, მაშინ უფრო განსაზღვრულად და მეტად უნდა უახლოვდებოდეს სრულყოფილებას.
სახელმწიფოს განწმენდა, სახელმწიფო რელიგიური დაწესებულების მეოხებით, თავისუფალი მოქალაქეებისადმი მოვალეობის მოსახდელადაცაა საჭირო; რადგან იმისათვის რომ შეინარჩუნონ თავისუფლება, ძალაუფლების რაღაც განსაზღვრულ ნაწილსაც ეზიარონ. ამიტომ ისინი, ვინც რელიგის სახელმწიფოს უკავშირებენ, მეტ მოვალეობას გრძნობენ სახელმწიფოს მიმართ, ვიდრე ისინი, ვინც ქვეშევრდომულ მორჩილებაში უფრო მეტად პირადი განცდის გამო არიან და მხოლოდ თავის ოჯახზე ზრუნავენ. ყოველი პიროვნება, ვინც ნაწილობრივაა ნაზიარები ძალაუფლებას, განსაცვიფრებლად ძლიერ შეიგრძნობს იდეას, რომ მას ენდობიან, და რომ პასუხისმგებელია, ამ ნდობის გამო, დიადი ბატონის წინაშე, ვინც შეჰქმნა და დააფუძნა საზოგადოება.
ამ პრინციპმა კიდევ უფრო ძლიერი გავლენა უნდა მოახდინოს იმათ გონებაზე, ვინც კოლექტიური სუვერენობა მოიგონა, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ პრინცზე. ინსტრუმენტების გარეშე პრინცები ვერაფერს შეძლებენ. ხოლო ვინც ინსტრუმენტებს იყენებს, დახმარების ძიებისას, დაბრკოლებასაც წააწყდება. ამიტომ მათი ძალაუფლება არანაირად არ არის სრული, და არც დაცულია უკიდეურესი შეურაცჰყოფისაგან. ასეთი პიროვნებები, რაც არ უნდა აიჭრნენ ცაში მლიქვნელობით, ამპარტავნებითა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით, უნდა გრძნობდნენ, რომ პოზიტიური კანონისაგან დაცულობის მიუხედავად, ასე იქნება თუ ისე, პასუხს აგებენ იმის გამო, რომ ნდობა ვერ გაამართლეს. თუკი ხალხი არ აუჯანყდება და არ ჩამოგდებს, მაშინ სწორედ ის იანიჩრები მოახრჩობენ, ვისაც ამბოხებისაგან თავდასაცავად ინახავდა. ხომ ვნახეთ როგორ გაყიდეს საფრანგეთის მეფე ჯარისკაცებმა, ჯამაგირის მომატების ფასად; მაგრამ სადაც სახალხო ხელისუფლება აბსოლუტურია და შეუზღუდავი, ხალხს გაცილებით უფრო მეტად და უკიდურესად აქვთ გამჯდარი რწმენა თავის ხელისუფლებისადმი. ისინი დიდწილად თვითონ არიან საკუთარი თავის ინსტრუმენტები. ისინი ახლოს არიან თავის საგნებთან; გარდა ამისა, ისინი ნაკლებად არიან პასუხისმგებელნი დედამიწის ზურგზე უდიდესი ზედამხედველი ძალის სახელდიდებისა და შეფასების წინაშე. სირცხვილის წილი საზოგადოების თვითეულ წევრზე მართლაც რომ ცოტა მოდის; ხოლო საზოგადოებრივ აზრი საპირისპირო ხასიათს იძენს მათ ხელში, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. მათივე შეფასება საკუთარი ქმედებისა საზოგადო განსჯას მათსავე სასარგებლოდ შემოაბრუნებს. ამიტომ სრული დემოკრატია ყველაზე უფრო სამარცხვინო რამ არის მსოფლიოში. და რამდენადაც უსირცხვილოა იმდენად უშიშარია. ვერავის წარმოუდგენია, რომ შეიძლება დაისაჯოს. რა თქმა უნდა მთელმა ხალხმა არც უნდა წარმოიდგინოს, რომ უნდა დაისაჯოს; რადგან ყველანაირი სასჯელი არის მაგალითი იმისათვის, რომ ხალხის მთლიანობა შენარჩუნდეს, მთელი ხალხი კი არასოდეს არ უნდა დაისაჯოს, რომელიმე კაცის ხელით. ამიტომაც უსაზღვროდ მნიშვნელოვანია, რომ არანაირი ზიანი არ უნდა შეექმნათ თუ წარმოიდგენენ, რომ მათი ნება, მეფეების მსგავსად, საფუძველია სწორისა და მრუდისა. ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ძალზე მცირედ არიან მოწოდებულნი და უფრო მცირედ აღჭურვილნი იმისათვის, რომ ბოროტად გამოიყენონ ძალა, და ვნება მოუტანონ საკუთარ თავს; და რომ ეს იქნება არა წარმოდგენილი თავისუფლება, არამედ, სინამდვილეში, არაბუნებრივი, უკუღმა ამოტრიალებული მბრძანებლობა, ტირანული და მჩაგვრელი მათ მიერ, ვინც ხელში ჩაიგდებს სახელმწიფოს არა იმიტომ, რომ უერთგულოს თავის მოწოდებას, რაც მათ უფლებაა, არამედ იმიტომ, რომ მონურად დაემორჩილონ დრო და დრო გაჩენილ ხუშტურებს; ამით კი მათში, ვინც ემსახურება, აქრობენ ყველანაირ ზნეობრივ პრინციპებს, ღირსების ყოველნაირ გრძნობას, განსჯის უნარს და ხასიათის სიმტკიცეს; ამავე დროს, იოლად მოსანადირებელ და საზიზღარ ნადავლად გადაიქცევიან ამაო ამბიციების მეხოტბე კარის მლიქვნელების ხელში.
როცა ადამიანები დაიცლებიან ყველანაირი ხუშტურებისა და თავკერძა სურვილებისაგან, რაც სრულიად შეუძლებელია ოდესმე შეიძლონ რელიგიის გარეშე და როცა გააცნობიერებენ, რომ ხელთ უპყრიათ ნდობის უმაღლესი წესრიგით გადაცემული ძალაუფლება, რაც იმისათვის რომ ლეგიტიმური იყოს, უნდა ემორჩილებოდეს მარადიულ, უცვლელ კანონს, რაშიც ნება და გონება ერთი და იგივეა, მაშინ უფრო ფრთხილად მოიქცეოდნენ, რომ ძალაუფლება არ ჩააგდონ მდაბალ და უუნარო ხელებში. თანამდებობაზე დანიშვნისას ხელისუფლება მდაბალ საქმიანობად კი არ უნდა აქციონ, არამედ წმინდა მოვალეობად, რაც უნდა შესრულდეს არა თავისი ბინძური, თავკერძა ინტერესებისა, და არც თავზეხელაღებული ახირებებისა და მიკერძოებული სურვილების მიხედვით; ამიტომ ხელისუფლება (რის გაცემისა თუ მიღების დროსაც თვითეული კაცი აკანკალდებოდა) უნდა მიენიჭოს მხოლოდ მათ, ვისშიც მეტად მოჩანს ერთად შეკრებილი და სამოქმედოდ მზადმყოფი ნამდვილი ღირსება და სიბრძნე, რაც კი შეიძლება გამოიძებნოს ამ დიდსა და აღრეულ მასაში ადამიანური არასრულყოფილებისა და სისუსტისა.
როცა ჩვეულება განამტკიცებს რწმენას, რომ კეთილი არსის მქონე კაცისათვის ბოროტება მიუღებელია ქმედებაშიც და ნებართვის გაცემაშიც, უფრო იოლი ხდება ამოიძირკვოს მსაჯულთა გონებიდან, სამოქალაქო იქნება, საეკლესიო თუ სამხედრო, ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც წააგავს ამპარტავნულსა თუ უკანონო მბრძანებლობას.
მაგრამ ერთი უპირველესი და წარმმართველ პრინციპთაგანი, რაც მთელმა ერმა და კანონებმა უნდა წმინდად შეინახოს, ის გახლავთ, რომ მფლობელებმა და მესაკუთრეებმა არ უნდა გაბედონ არაფრადჩაგდება იმისა, რაც წინაპართაგან გადმოეცათ ან, რაც მათ კეთილდღეობას ემსახურება და ისე არ უნდა მოიქცნენ თითქოს თვითონ არიან ყველაფრის ბატონ-პატრონები; არ უნდა ეგონოთ, რომ უფლება აქვთ გაჰყონ მამული ან გაფლანგონ მემკვიდრეობა, თავისი ნება-სურვილის მიხედვით დაარღვიონ პირველქმნილი ქსოვილი თავისივე საზოგადოებისა; ზიანი მაიყენონ მათ, ვინც შემდგომ მოვა, დაუტოვონ ნანგრევი ნაცვლად საცხოვრებლისა და ჩააგონონ თავის მემკვიდრეებს იმდენად ცოტა პატივისცემა იმისადმი, რაც დარჩა, როგორც თვითონ ექცეოდნენ მამა-პაპათა ინსტიტუტებს. და ეს უპრინციპო საქციელი სახელმწიფოს ცვლილებისა იმდენად ხშირად და იმდენნაირად დაარღვევს ქვეყნის მთლიანობისა და ურღვევობის ჯაჭვს, როგორც ფანტაზია დალივლივებს და მოდა იცვლება. ერთი თაობა მეორეს ვეღარ დაუკავშირდება; ადამიანები ზაფხულის ბუზებზე ოდნავ უკეთესნი თუ იქნებიან.
და რასაც პირველად გააკეთებენ ის იქნება, რომ შეწყვეტენ იურისპრუდენციის შესწავლას, რაც ადამიანური ინტელექტის სიამაყე გახლავთ და რაც, მიუხედავად მთელი ნაკლოვანებებისა, გადაცდომებისა და შეცდომებისა, წარმოადგენს საუკუნეთა აზროვნების კრებულს, აერთიანებს პრინციპებს პირველქმნილი სამართლისა ადამიანური საზრუნავის უსაზღვრო მრავალფეროვნებასთან, მაშინ, როცა გროვა ძველი, გამოკვლეული შეცდომებისა, აღარ ისწავლება. პიროვნული თვითკმარობა და ამპარტავნება (ერთგვარი თანმხლები მათი, ვისაც არ შეუცვნია სიბრძნე, გარდა საკუთარისა) მოახდენს ტრიბუნალის უზურპაციას. რა თქმა უნდა, ვერანაირი კანონები, იმედისა და შიშის უცვლელ საფუძველს რომ აფუძნებენ, ვერ შეძლებდნენ ადამიანების წარმართვას გარკვეული მიმართულებით ან მიმართვას გარკვეული მიზნისაკენ. ვერანაირი სტაბილურობა ქონების ფლობის საკითხებსა და საქმიანობაში ვერ შეჰქმნის ურყევ საფუძველს იმისათვის, რომ მშობელმა იმსჯელოს თავისი შვილის განათლებასა თუ მომავალზე ამქვეყნად. ვერანაირი პრინციპი ვერ გადავა ჩვეულებაში. როგორც კი გამოცდილი მოძღვარი დაასრულებს სწავლებას დაწესებულებათა ვრცელი კურსისა, მოამზადებს შეგირდს, შეასწავლის სიქველეს, რათა ყურადღება და პატივისცემა დაიმსახუროს საზოგადოებაში ადგილის დაკავებისას, დაინახავს, რომ ყველაფერი შეცვლილა და ეს საბრალო არსება იმისათვის მოუმზადებია, რომ დასცინონ და ათვალწუნებით შეხედონ ქვეყანაში, სადაც აღარ შემორჩენილა შეფასების ჭეშმარიტი საფუძველი. ვინღა დაიცავს ფაქიზსა და დახვეწილ გრძნობას ღისებისა, რითაც ძგერს გული, როდესაც არავის ეცოდინება თუ რით უნდა შეფასდეს ღირსება ერში, რომელიც გამუდმებით ცვლის თავისი ფულის ნიშნებსაც კი? ცხოვრების ვერც ერთი მხარე ვერ შეინარჩუნებს მონაპოვარს. ბარბაროსობა მეცნიერებისა და ლიტერატურის მიმართ, უნიჭობა ხელოვნებასა და წარმოებაში, აუცილებლად აჯობებს ბეჯითი განათლებისა და მყარი პრინციპის მოთხოვნილებას და, ორიოდე თაობაში, მთელი ქვეყანა დაიქცევა და შეერევა ქვიშასა და მტვერს გათითოკაცებულობისა და გაიფანტება ზეციური ქარების მიერ.
ამიტომ, თავიდან რომ აგვეცილებინა მერყეობა და დაბნეულობა, რაც ათიათასჯერ უარესია სიჯიუტესა და უბრმავეს წინასწარრწმენაზე, ჩვენ ვაკურთხეთ სახელმწიფო, სადაც ვერავინ შეძლებს ჩაიხედოს ნაკლოვანებებსა თუ გადაცდომებში, დიდი მოწიწების გარეშე; ვერავინ იოცნებებს რეფორმების წამოწყებაზე დამხობის გზით; ისე უნდა მიეახლოთ სახელმწიფო ნაკლს, როგორც მამის ჭრილობებს, შიშნარევი სიბრალულითა და მოცახცახე მზრუნველობით. ამ ბრძნული წინასწარრწმენით ჩვენ გვასწავლიან, რომ შიშით შევხედოთ ისეთი ქვეყნის შვილებს, ვინც მზად არიან აკუწონ ასაკოვანი მშობლები და ჩატენონ მოჯადოებულ ქეთლში, იმ იმედით, რომ შხამიანი ბალახებითა და ველური შელოცვებით განაახლებენ მამა-პაპათა კონსტიტუციას და სიცოცხლეს დაუბრუნებენ მამას.
საზოგადოება მართლაც ხელშეკრულებაა. მეორეხარისხოვანი ხელშეკრულებები, დროებით ინტერესთა გამო დადებული, შეიძლება გაუქმდეს, როცა მოგვესურვება, მაგრამ სახელმწიფო არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ საპარტნიორო ხელსეკრულებად პილპილისა და ყავის, ბამბეულისა და თამბაქოს ვაჭრობაში, ან სხვა რაღაც მდაბიურ ფართი-ფურთად, მცირე, დროებითი ინტერესები რომ აღძრავს და გაქრება პარტიების ნება-სურვილით. სახელმწიფოს სხვა თვალით უნდა შევხედოთ, რადგან ნივთების გაცვლის ხელშეკრულება არ გახლავთ, მხოლოდ დროებითი და მოკვდავი ბუნების ცხოველური არსებობა რომ აინტერესებს; სახელმწიფო ხელშეკრულებაა ყველა მეცნიერებისა, ყველა ხელოვნებისა, ყველა სიქველისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვისა; და რადგან ამ ხელშეკრულებას ბოლო არ უჩანს მრავალ თაობათა მიღმა, ის გადაიქცევა სელშეკრულებად არა მარტო მათ შორის, ვინც ცოცხლობს, არამედ ხელშეკრულებად ცოცხალთა, გარდაცვლილთა და ჯერარდაბადებულთა შორის. თვითეული ხელშეკრულება ერთი, ცალკე აღებული სახელმწიფოსი, მხოლოდ მუხლია მარადიული საზოგადოების უპირველესი, დიადი ხელშეკრულებისა, რაც აკავშირებს მდაბალსა და მაღალ ბუნებას, ხილულსა და უხილავ მსოფლიოს, იმ ურღვევი ფიცის მიერ ნებადართული შეთანხმებით, რაც თავის ადგილს მიუჩენს ყოველ ფიზიკურსა და ზნეობრივ მოვლენას. ეს კანონი არ ექვემდებარება იმათ სურვილებს, ვისაც უსაზღვროდ ამაღლებული პასუხისმგებლობით მოცულს მოუნდება თავისი ნებაც დაურთოს მას. ამ უნივერსალური სამეფოს მუნიციპალური გაერთიანებებს არა აქვთ ზნეობრივი უფლება კერძო სიამოვნებისა და გაუმჯობესების ახირების გამო დაანაწევრონ და დააღავონ მათდამი დაქვემდებარებულ თემის ჯგუფები და შეურიონ სამოქალაქოობას მოკლებულ ურთიერთდაუკავშირებელ ქაოსს ელემენტური პრინციპებისა. ეს მხოლოდ პირველი და უმაღლესი საჭიროებაა, საჭიროება, რომელიც არჩეული კი არ არის, არამედ ირჩევს; საჭიროებაა პირველხარისხოვანი მოსაზრებისა, რაც არ დაუშვებს განხილვას, არ სჭირდება სამხილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ანარქიას წარმოშობს. ეს საჭიროება არ არის გამონაკლისი წესიდან, რადგან თავისთავადი ნაწილია საგანთა იმ ზნეობრივი და ფიზიკური განლაგებისა, რასაც კაცი იძულებულია დაემორჩილოს; მაგრამ საჭიროებისათვის დამორჩილება თუ მხოლოდ არჩევანის საგანი უნდა გახდეს, მაშინ კანონი ირღვევა, ბუნება დაუმორჩილებელი ხდება და იწყება უკანონო ამბოხი და გადასვლა ქვეყნიდან გონიერებისა, წესრიგისა, მშვიდობისა, სიქველისა და ნაყოფიერი მონანიებისა, ანტაგონისტურ მსოფლიოში სიგიჟისა, უთანხმოებისა, ცოდვისა, არეულ-დარეულობისა და უსაშველო მწუხარებისა.