აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა

გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი

თანამედროვე მსოფლიოში გაბატონებული ახალი ტრენდები, მათი ტოტალური პროპაგანდა და აგრესიულად დანერგვის მცდელობა საფრთხეს უქმნის: ტრადიციულ ღირებულებებს, კულტურას, ადამიანის იდენტობას….

ახალი ლიბერალიზმის იდეოლოგია (ნეოლიბერალიზმი) პროგრესის და „მოწინავეობის“ სახელით მიზნად ისახავს ადამიანის „გადაკეთებას“ და ახალი ცნობიერების ფორმირებას. ცნობილია, რომ ამგვარი ექსპერიმენტები და რადიკალური სოციალური ძვრები (მაგ: ბოლშევიკური რევოლუცია) ისტორიაში ყოველთვის კატასტროფული შედეგებით სრულდება; ნაცვლად შინაგანი ჰარმონიისა, მას ადამიანის ცხოვრებაში შემოაქვს: ქაოსი, ძალადობა, ტანჯვა, გაუცხოება… თანასწორობა გაგებულია როგორც უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე, თავისუფლება აღქმულია როგორც თვითნებობა, უპასუხისმგებლობა, მორალური ქაოსი… დღევანდელ ლიბერალებს აღარაფერი აკავშირებთ კლასიკურ ლიბერალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ეფემერული თანასწორობის და უმცირესობის უფლებების ყალბი იდეებით შეიარაღებულები ომს უცხადებენ დროში გამოცდილ ტრადიციულ ღირებულებებს, საუკუნოვან ინსტიტუტებს და პრაქტიკულ სიბრძნეს. ამ იდეოლოგიამ შეაღწია ყველგან: მედიაში, პოლიტიკაში, ბიზნესში, აკადემიურ დაწესებულებებში, სკოლებში, ყოფით კულტურაში… ყველა, ვისაც ტრენდისგან განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია, გამოცხადებულია: ჰომოფობად, რასისტად, ქალთმოძულედ, „ბნელად“ და ექვემდებარება ე.წ. „cancel culture” („კულტურის უარყოფა“); ამ მიდგომის გამოხატულებაა თანამედროვე პოლიტკორექტულობა, „ახალი ეთიკა“ და შესაბამისი ხელოვნურად შექმნილი გამრუდებული ენა (მაგ: დედ-მამის ნაცვლად „მშობელი#1“ და „მშობელი#2“, სქესობრივად ნეიტრალურის სტატუსი სკოლებში და ა.შ.); ამგვარ განწყობებს გულისხმობს რადიკალური ე.წ. „woke“ („გამოღვიძება“) მოძრაობაც, რომელიც თავისი არსით კონტრკულტურაა და კლასიკური და ტრადიციული კულტურების ნგრევისკენაა მიმართული.

ნეოლიბერალიზმის ამგვარი ტოტალურობა და მისი თავსმოხვევის აგრესიული მეთოდები დღეს სასიცოცხლო პრობლემა ხდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, არამედ ზოგადად, ადამიანის იდენტობისთვის და მისი უცვლელი ღირებულებებისთვის: ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, მორალური წესრიგი, თავისუფლებისა და ვალდებულებების ბალანსი, კლასიკური კულტურა….

მიგვაჩნია, რომ ასეთი მწვავე გამოწვევების ფონზე, დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კულტურული კონსერვატიზმის სულისკვეთება; კონსერვატიულობა არასდროს ყოფილა და არც იქნება დროებით მოდურ ტრენდებზე „გამოკიდება“, იგი მხოლოდ მუდმივ ღირებულებებს ეფუძნება; კონსერვატიულობა არც დაწერილი და „დაზეპირებული“ იდეოლოგია არ არის, ის ჩვენი ცნობიერების ბუნებრივი მდგომარეობაა, ცხოვრების და აზროვნების ჩვეული წესია.

კონსერვატიულობა, რომლისაც ჩვენ გვჯერა, გულისხმობს შემდეგ ძირითად პრინციპებს:

  1. 1. ადამიანის არასრულყოფილება.

ჩვენ წარმოდგენას ადამიანის ბუნების შესახებ საფუძვლად უდევს ბიბლიურ-ქრისტიანული გადმოცემა ადამიანის პირველქმნილი ცოდვის თაობაზე; ადამიანი სულიერი და მატერიალური საწყისის ერთიანობაა; პირველცოდვის ძალით, იგი მიდრეკილია: ანარქიისკენ, ნგრევისკენ, ბოროტებისკენ, ამბოხისკენ…, ამიტომ, დროში გამოცდილი ტრადიციული ინსტიტუტები: მორალი, ეკლესია, სახელმწიფო, საკუთრება, მისი ამ მიდრეკილებების შემზღუდავ ჩარჩოს წარმოადგენს, რაც შესაძლებლობას აძლევს ადამიანს მისი ბუნებისთვის დამახასიათებელი თავისუფლება და გონება მეტი ზნეობრივი პასუხისმგებლობით გამოიყენოს.

  1. 2. მორალური წესრიგი.

ტრადიციული ბიბლიურ-ქრისტიანული მორალი ჯანსაღი საზოგადოების საფუძვლად მიგვაჩნია. მოწყვლადია მატერიალისტური და სამომხმარებლო საზოგადოება, სადაც ვიტალური მოთხოვნილებების და ინსტიქტების დაკმაყოფილება ერთადერთი მამოძრავებელი წყაროა; და პირიქით, ჰარმონიულია ის საზოგადოება, სადაც მდგრადი ტრადიციული მორალი განაპირობებს სოციალურ ურთიერთობებს.

  1. 3. ადათი, ჩვეულება, მემკვიდრეობითობა.

ადათ-ჩვეულებები და მათი მემკვიდრეობითობა, თაობიდან თაობაზე გადასვლა, ადგილობრივ თემში თუ ქალაქში მშვიდობიანი და სტაბილური თანაცხოვრების შესაძლებლობას იძლევა. ხშირად, ის ცივილური არბიტრაჟის განმსაზღვრელია; რადიკალები და ლიბერალები დასცინიან საუკუნოვან ადათ-ჩვეულებებს, როგორც თითქოს დრომოჭმულს და მოძველებულს; სანაცვლოდ, ამკვიდრებენ თავიანთ გამოგონილ წესებს და ინსტიტუტებს, რომლებსაც გაცილებით უარესი და მტკივნეული შედეგები მოაქვთ საზოგადოებისთვის; მემკვიდრეობითობა ასევე გულისხმობს დროის უწყვეტობას, სხვადასხვა თაობათა შინაგან, ორგანულ კავშირს.

  1. 4. პრაქტიკული სიბრძნე და დაუწერელი წესები

უპირატესობას ვანიჭებთ ისტორიაში დაგროვილ ხანგრძლივ გამოცდილებას, ვიდრე ინდივიდის მიერ კონსტრუირებულ აბსტრაქტულ თეორიებს; თაობების მიერ დროში გამოცდილი პრაქტიკული სიბრძნე და დაუწერელი წესები გაცილებით ღრმა და შორსმჭვრეტელია, და ბევრად მეტს გვაუწყებს, ვიდრე ინდივიდუალური გონებრივი სპეკულაციები.

  1. 5. კერძო საკუთრება.

საკუთრება უძველესი ინსტიტუტი და დიდი ცივილიზაციების საფუძველია; კერძო საკუთრების სწორად გამოყენება ითხოვს: მშვიდობას, შრომისმოყვერეობას, მუყაითობას, პასუხისმგებლობას… იგი პიროვნების, ოჯახის, თემის და საზოგადოების ჯანსაღი ეკონომიკური ბაზისია. კერძო საკუთრება და თავისუფლება პირდაპირ კავშირში არიან ერთმანეთთან: არ არსებობს თავისუფლება საკუთრების გარეშე, და პირიქით;

  1. 6. თავისუფლება „გამოთანაბრების“ ნაცვლად.

თავისუფლება არ ნიშნავს თვითნებობას, იგი პასუხისმგებლობასაც მოიცავს და მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება, პატივი, ღირსება; მიგვაჩნია, რომ თავისუფლების და მოვალეობის ბალანსი, მათი თანაარსებობა, რომელიც საღ აზრზეა დამყარებული, სწორ სოციალურ პრაქტიკას განსაზღვრავს; ასევე გვჯერა, რომ სოციალური იერარქია და მრავალფეროვნება საზოგადოებაში ბუნებრივი მოვლენაა; ადამიანები განსხვავდებიან შესაძლებლობებით, ამიტომ სამართლიანი გარემოა ის, რომელშიც მათი ნიჭი, შრომა და უნარი მეტად ფასდება; ნებისმიერი მცდელობა-ხშირად ძალაუფლების გამოყენებით- ხელოვნურად გაათანაბრონ სოციალური მდგომარეობა, ზღუდავს თავისუფლებას და უპირისპირდება სამართლიანობის პრინციპს (მაგ: ე.წ. გენდერული თანასწორობის მიზნით გათვალისწინებული ქვოტირება, როდესაც წამყვანი პოზიციები უნდა დაიკავონ ქალებმა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან, და არა კვალიფიკაციის მიხედვით).

  1. 7. ადამიანის იდენტობა.

ყოველი ადამიანი თავის თავს აკუთვნებს: გარკვეულ რელიგიურ თემს, სამშობლოს, ერს, ოჯახს, სოციალურ ფენას, სუბკულტურას, სქესს…, ეს არის მისი იდენტობა და ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. დაუშვებელ და საშიშ სოციალურ ექსპერიმენტად მიგვაჩნია იდენტობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალისხმევა და მისი „ნეიტრალურის“ სტანდარტამდე დაყვანის მცდელობა (მაგ; ლგბტ იდეოლოგიის აგრესიული პროპაგანდა განსაკუთრებით ბავშვებში….ბავშვი თითქოს სქესობრივად „ნეიტრალურია“ მანამ, სანამ თვითონ არ აირჩევს სქესს).

  1. 8. ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად.

ჩვენ არ ვართ სოციალური ცვლილებების წინააღმდეგი. კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან მხოლოდ რადიკალურ და რევოლუციურ ცვლილებებს, რომლებიც ანგრევენ ტრადიციულ მორალურ საყრდენებს. ვიზიარებთ ბრიტანული კონსერვატიზმის ფუძემდებლის, ედმუნდ ბერკის მოსაზრებას; „ცვლილება საშუალებაა შენარჩუნების“ („change is the means of our preservation“); ამიტომ მხოლოდ ის ცვლილებებია მისაღები, რომელიც წინდახედულობით, კეთილგონიერებით და სიფრთხილით ხორციელდება, და საზოგადოების წიაღში ბუნებრივად მწიფდება; მხოლოდ ევოლუცია, და არა რევოლუცია განაპირობებს ცვლილების და მუდმივობის ჰარმონიულ თანაარსებობას.

  1. 9. ბუნებითი სამართალი.

ყოველ ადამიანს გააჩნია ღვთისგან ბოძებული და განუყოფელი ძირეული უფლებები: სიცოცხლის, საკუთრების და თავისუფლების. მიგვაჩნია, რომ ვერანაირი ადამიანების მიერ დაწერილი კანონები ვერ დადგება მათზე მაღლა; ამავდროულად, ვაღიარებთ წესრიგს და მოვალეობებს, რომელთა შესრულებამაც უნდა უზრუნველყოს ამ ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

  1. 10. რეალიზმი იდეალიზმის ნაცვლად.

ყველა დიდი ბოროტება კაცობრიობის ისტორიაში დედამიწაზე სამოთხის აშენების უტოპიური იდეის გამო განხორციელებულა; ყველაზე ტირანიული რეჟიმები პროგრესისა და ნათელი მომავლის სახელით შექმნილა; ამიტომ, პოლიტიკაში ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალიზმს-დაფუძნებულს ნამდვილ ფაქტებზე, ეროვნულ ინტერესებსა და გარემოებებზე, და არა იდეალიზმს-დამყარებულს ილუზიებსა და ყალბ იდეალებზე.

დღევანდელ მსოფლიოში ცივილიზაციური თუ ფასეულობითი დაპირისპირება მიმდინარეობს მუდმივი ღირებულებების და ადამიანის იდენტობის წინააღმდეგ; ჩვენ არ გვჭირდება ახალი კულტურული იდენტობის გამოგონება, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ის გიორგი მერჩულემ განსაზღვრა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, ხოლო 19-ე საუკუნეში ილიამ თარგმნა თანამედროვე ენაზე: „მამული, ენა, სარწმუნოება!“. ჩვენი ვალია, დიდი წინაპრების მიერ ჩვენამდე მოტანილი მარადიული მემკვიდრეობის დაცვა, მისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა!