პოლიტიკასხვადასხვა

ვივეკ რამასვამი: უკრაინაში შეჭრა NATO-ს გაფართოებამ განაპირობა

0

7 ივნისი, 2023 წ.

აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, ვივეკ რამასვამიმ, NatSec Daily-ს განუცხადა, რომ ალიანსის გაფართოება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პუტინი უკრაინაში შეიჭრა.

„ვიცი, რომ თქვენ ეს არ უნდა თქვათ, თუმცა ეს სიმართლეა“, − განაცხადა რამასვამიმ. NATO-ს გაფართოება კატასტროფა იყო. ამერიკელმა კონსერვატორმა პოლიტიკოსმა მაგალითად რუსეთ-საქართველოს ომი მოიყვანა. 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ალიანსის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო საბოლოოდ NATO-ს წევრი გახდებოდა. რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

რამასვამი POLITICO-ს ჟურნალისტებს ესაუბრა. მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატმა ABC News-ს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ბრძოლა შესაძლოა „რამდენიმე მნიშვნელოვანი დათმობით“ დაასრულოს.

„პუტინი ყირიმსა და დონბასის უმეტეს ნაწილს მიიღებს“, − გვითხრა რამასვამიმ. გარდა ამისა, ალიანსმა პირობა უნდა დადოს, რომ უკრაინა მისი წევრი არ გახდება და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან „სრული ეკონომიკური ურთიერთობები“ უნდა აღადგინოს. ეს დიდი დათმობებია“, − ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

„ვისურვებდი ასეთი შეთანხმების დადებას: კორეის ომის სტილში გავყინოთ კონტროლის ხაზები და დროებით შეწყდეს საომარი მოქმედებები“, − დასძინა რამასვამიმ.

NatSec Daily-მ მიუთითა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე შეერთებულ შტატებს დაახლოებით 30 ათასი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რათა ომის თავიდან დაწყება არ დაუშვას. „NATO-მ შეიძლება მეთვალყურის ფუნქცია იტვირთოს“, − აღნიშნა რამასვამიმ, თუმცა „არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროები გვჭირდება“.

რამასვამის აზრით, უნდა დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას ხელს შეუშლის − მათ შორის კავშირების განმტკიცება ტაივანში პეკინის შეჭრის ალბათობას ზრდის. უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდების სანაცვლოდ, რასაც ამერიკა დაეთანხმება, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები; კალინინგრადიდან, ასევე ბელარუსიდან უნდა გაიტანოს ბირთვული იარაღი და უნდა შეწყვიტოს სამხედრო აქტიურობა დასავლეთ ნახევარსფეროში, კონკრეტულად კი კუბასა და ვენესუელაში.

თუ შეერთებული შტატები ამ შეთანხმებას დადებს, მაშინ „სრულიად უზრუნველყოფთ ჩვენს მიზნებს“, − განაცხადა რამასვამიმ.

წყარო: https://www.politico.com/newsletters/national-security-daily/2023/06/05/it-seems-like-the-counteroffensive-has-started-00100195?fbclid=IwAR3T4by-7Lzpwm6eZnlnKSvpDK0Be7AeF7Fee4ONv2YPLxo5yEP8Y_M7fkE