რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

ვისი ნოტებია უკრაინულ როიალში?

0

დავით ქართველიშვილი

„აშშ-ს ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებულია იმაზე, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, საკონსულტაციო კომპანია Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან” – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ეს განცხადება იმსახურებს უფრო დეტალურ ყურადღებას, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამერიკელი გადამხდელების გადასახადებიდან შემდგარი ქვეყნის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმება, აქამდეც წარმოადგენდა შესაბამისი აუდიტორული ორგანიზაციების მხრიდან კანონმდებლობით გაწერილ ტექნიკურ პროცედურებს (6 თვეში ერთხელ), რასაც წარმატებით ახორციელებდნენ იგივე ერაყსა და ავღანეთში, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით: არსად და არასდროს, აშშ-ს უმაღლესი სახელმძღვანელო რგოლი არ აანონსებდა ამ რუტინულ პროცესებს მსგავსი განცხადებების დონეზე. აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა: ქალბატონი ნულანდის მხრიდან ეს იყო ცალსახად პოლიტიკური გზავნილი, განკუთვნილი კიევის მოქმედი ადმინისტრაციის მისამართით, როგორც მისი უახლოეს პერიოდში შესაძლო ჩანაცვლების მკაფიო სიგნალი.

უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მსოფლიოს უმსხვილესი სპეცსამსახურების: ამერიკული CIA-ს და ბრიტანული MI-6-ის ზეგავლენების დონეზე საუბარი დიდი ხანია გასცდა „კონსპიროლოგიური“ თეორიების სფეროს და ამ ქვეყნის ყოველდღიურობას წარმოადგენს. ცალკე თემაა – უკრაინის სახელმძღვანელო კარზე რუსეთის სპეცსამსახურების წარმოამდგენლობითი მონაწილეობა, ამ ეტაპზე იქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სწორედ ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურების კონკურენტუნარიანი ბრძოლის კომპონენტი განსაზღვრავს. ბრიტანეთის ექს-პრემიერ ბორის ჯონსონის მსოფლიო პოლიტიკური სცენიდან ჩამოსვლას ავტომატურად მოჰყვა აშშ-ს ზეგავლენის გაძლიერება უკრაინაში, რომელიც როგორც ჩანს აღარ აპირებს თავისი ფსონის გაკეთებას მოქმედ პრეზიდენტ ჯონსონის „ოქროს ბიჭუნა“ ზელენსკიზე. კულუარული ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა უკვე აცნობა ზელენსკის, რომ მისი ადმინისტრაცია ვერ ხედავს მის კანდიდატურას მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ზელენსკის ადმინისტრაციის ოფისში მიმდინარე პროცესებიც ამის ირიბი დადასტურებაა: თვეებია, რაც ჩრდილში გადავიდა მისი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, რომელსაც ხან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტად (მეტსახელად „ტიმოფეევი“), ხან უკრაინიდან შეიარაღების შავ ბაზრებზე გატანის ერთ-ერთ ორგანიზატორად (აშშ-ს სენატორი ვიქტორია სპარტსი) მოიხსენიებენ.

გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა ანდრეი ერმაკის მოადგილემ – კირილ ტიმოშენკომ, რომელსაც ზოგადად საპრეზიდენტო ყულაბის, და კერძოდ – ბორის ჯონსონის პირად მოლარედ მოიაზრებენ. უკრაინელი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში – სწორედ ტიმოშენკოს მიანიჭებენ „განტევების ვაცის“ როლს, თუ კი ამერიკელი აუდიტების მხრიდან ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით დადგება საჭიროება „ვინმეზე“ კონკრეტული სამართლებრივი ჯოხი გადატყდეს. ამ კატაკლიზმების შემხედვარე, უშველა თავს და პროცესებს ჩამოშორდა ადმინისტრაციის ოფისის „სპიკერი“ ალექსი არესტოვიჩი. გაურკვეველია ანდრეი ერმაკის კიდევ ერთი მრჩევლის – მიხაილ პოდოლიაკის შემდგომი ბედი, რომელმაც ფაქტიურად აღიარა უკრაინის მონაწილეობა ირანში განხორციელებული ტერორისტული აქტების სერიაში, რასაც უკვე მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის გამოძახება, რაც კიდევ ერთი უკრაინული სკანდალის საბაბი გახდა. კიდევ ერთის – ვინაიდან უკრაინაში არ ცხრება ფართომასშტაბური კორუფციული გამოვლინებები სწორედ რომ აშშ-ს მიერ შექმნილი და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) მხრიდან. ამ პროცესებს უკვე მოჰყვა რეაგირება, მრავალრიცხოვანი გადადგომებისა და კონკრეტული მაღალჩინოსნებისთვის წაყანებეული ბრალის სახით.

ამ ყველაფრის ფონზე მიმდინარეობს უკრაინულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახალხო გმირის – მთავარსარდალ გენერალ ვალერი ზალუჟნის პიარული წამოწევა. ამის უტყუარი დასტურია ბოლო ეპიზოდი, როდესაც მან უკრაინული წარმოშობის აშშ-ს მოქალაქისაგან მიიღო ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ანდერძი, რომელიც მთლიანად გადარიცხა უკრაინული ჯარის საჭიროებისათვის. იმ ფონზხე, როდესაც პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები სწორედ რომ უკრაინელი ჯარისკაცების ხარჯზე მრავალმილიარდიან კორუფციულ სკანდალებში არიან გახვეულები – ვალერი ზალუჟნის ამ საქციელმა პოლიტიკური მარკეტინგის თვალსაზრისით მისი ისედეც მაღალი რეიტინგი კიდევ უფრო მომგებიან ნიშნულამდე აწია. უკრაინელი პოლიტოლოგების აზრით – პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის პოლიტიკურ კარზე სწორედ ველერი ზალუჟნი ჩაანაცვლებს. თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის მიმდინარე ომის სავარაუდოდ არც თუ ისე ხელსაყრელ შედეგებს მთლიანად პრეზიდენტ ზელენსკის და მის ადმინისტრაციას გადააბრალებენ და სახალხო გმირ-გენერალს პოლიტიკურ ველს „დაუვარცხნიან“. რაც შეეხება ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს – მისი ბედიც უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილია.

საქართველოსთვის ყოველივე ამის ფონზე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ევროკავშირის იმ მესვეურების ამჟამინდელი პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, რომელიც ჩვენგან განსხვავებით EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუს თურმე თუნდაც იმიტომ იმსახურებდა, რომ მისი „ანტიკორუფციული ინდექსები სანიმუშო მაჩვენებლებზე“ იყო. ამერიკელი და საერთაშორისო აუდიტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, უკრაინაში უკვე გამოვლენილი უპრეცენდენტო კორუფციული სკანდალების ფონზე – თავმოყვარე და ობიექტური ორგანიზაცია, თუკი ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს ამაზე პრეტენზია, უკრაინისთვის შეუჩერებდა მისთვის მინიჭებულ სტატუსს, ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარე ომის მიუხედავად. იმიტომ, რომ საქართველოსთან დაშვებულ უსამართლობას თავი რომ დავანებოთ – ეს იქნებოდა თვით ევროკავშირის მიერ საკუთარი თავისთვის მიყენებული სარეპუტაციო თვითდაზიანებისთვის გარკვეული კომპენსაცია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპარლამენტის კედლებშიც კორუფციული სკანდალები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს კონკურენციას უწევენ.