პოლიტიკასხვადასხვა

ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა აღებული კურსი უნდა შეინარჩუნოს და ომს თავი აარიდოს

0

უნგრეთმა აღებული კურსი უნდა შეინარჩუნოს და ომში არ უნდა ჩაერთოს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კვირას, უნგრეთის კულტურის დღეს, რომელიც ყოველ წელს 22 იანვარს აღინიშნება.
„მოჩვენებითმა სიკეთეებმა, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ ისტორიის კარგ მხარეს დავდგეთ, მახეში არ უნდა შეგვიტყუონ“, – განაცხადა ორბანმა.
„უნგრელებმა გაიგეს, რომ ისტორიის კარგ მხარეს განსაზღვრავენ დიდი სახელმწიფოები და მათ არ აინტერესებთ თუ რა არის კარგი უნგრელებისთვის“, დასძინა უნგრეთის პრემიერმა და იქვე მიუთითა: „სწორედ ამიტომ არ ვიძირებით (უნგრელები) მზარდი სისხლიანი ომის მორევში და ამიტომ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებები და მშვიდობა“.
ორბანი დიდი ხანია, რაც დაპირისპირებულ მხარეებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე უარს აცხადებს. უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, მის ქვეყანას ამ კონფლიქტში ჩართვა არ სურს.
უნგრული საინფორმაციო გამოცემა Magyar Nemzet-ის ინფორმაციით, ორბანმა უნგრეთის ისტორიასა და ევროპაში მის უნიკალურ კურსზეც ისაუბრა.
„200 წლის წინანდელი უნგრეთი, როდესაც მისი ჰიმნი შეიქმნა, ისევ ისეთი უნგრეთია. ჩვენი ყველაზე დიდი ბრძოლა ყოველთვის არის ის, რომ დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ და ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
„ოსმალებმა გვითხრეს თუ ვინ არის ჭეშმარიტი მორწმუნე და ვინ ურწმუნო. ჰაბსბურგებმა გვითხრეს თუ ვინ იყვნენ კარგი ქრისტიანები, გერმანელებმა გვითხრეს თუ ვისთან შეგვეძლო ცხოვრება და ვისთან არა. საბჭოელები გვაიძულებდნენ, რომ მსოფლიო პროლეტარები გავმხდარიყავით, ნაცვლად უნგრელებისა, რომლებსაც გაერთიანება შეეძლოთ. ბრიუსელში მოკალათებულ ბიუროკრატებს კი სურთ, რომ ლიბერალური სამყაროს მოქალაქეებად გვაქციონ, ნაცვლად იმისა, რომ უნგრელებად დავრჩეთ, რაც უკვე ძველმოდურად ითვლება. მათ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და ყოველთვის ვჯობნიდით ჭკუით“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენ ვამბობთ თუ ვინ შეიძლება შემოვიდეს, ვის შეუძლია აქ დარჩენა, ვის შეუძლია ჩვენთან ცხოვრება და ვის არა. ასევე გვინდა განვსაზღვროთ თუ როგორ უკავშირდება ჩვენი ცხოვრება ჩვენ მეზობლებს. ჩვენ არ ვართ უკეთესები ან უარესები, ჩვენ განსხვავებულები ვართ. ეს განსხვავება კი სათავეს იღებს უნგურლი კულტურიდან, რომლის იუბილეც დღეს აღინიშნება“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის კულტურის დღე ემთხვევა იმ დღეს, როდესაც უნგრელმა პოეტმა, ფერენც კოლჩეიმ, 1823 წელს დაწერა ლექსი, რომელიც 1844 წელს ქვეყნის ჰიმნი გახდა, მელოდია კი კომპოზიტორმა, ფერენც ერკელმა, დაწერა.

წყარო: https://is.gd/Qmzt4F