უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ომზე, ენერგეტიკულ ინფლაციასა და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც ევროპას 2023 წელს ელოდება.
მრავალი კრიტიკოსის თქმით, უნგრეთი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომისას სამშვიდობო პოლიტიკისა და სანქციების არდაწესების მომხრეა, „ისტორიის არასწორ მხარეს“ დგას, თუმცა ვიქტორ ორბანი ამტკიცებს, რომ მისი მთავრობა უბრალოდ უნგრელების მხარესაა.
„ჩვენ პრო-უნგრელები ვართ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა გაზეთ Magyar Nemzet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შობის ღამეს გამოქვეყნდა. „რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენ უნგრელებს ვუჭერთ მხარს“.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ევროპას უსაფრთხოების მხრივ საფრთხე არ შეუქმნას, ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელება აუცილებელია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპის ეკონომიკისთვის, ამბობს ორბანი.
„პასუხი კითხვაზე, ვართ თუ არა ისტორიის სწორ ან არასწორ მხარეს, არის შემდეგი – ჩვენ უნგრეთის მხარეს ვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით უკრაინას, ჩვენს ინტერესებშია სუვერენული უკრაინის დაცვა. ასევე ჩვენ ინტერესშია, რომ რუსეთმა ევროპის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს, მაგრამ მოსკოვთან ყველა ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტა ჩვენს ინტერესებში არ შედის.
ორბანი მრავალწლიანი ომის შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კომუნიზმის დაცემის შემდეგ 2022 წელი ყველაზე სახიფათო წელი იყო.
„ომის დაწყებით გვემუქრებოდნენ. აპრილში მემარცხენეებს რომ გაემარჯვათ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ომში ჩაგვითრევდნენ. უნგრეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ომში არ მონაწილეობს, რადგან უნგრელმა ხალხმა ამასთან დაკავშირებით არჩევანი გაზაფხულზე, საარჩევნო ყუთთან, გააკეთა“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის სიტყვით, არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს, ათწლეულებიც კი. „უკრაინა იქამდე იბრძოლებს, სანამ შეერთებული შტატები მას ფულითა და იარაღით დაეხმარება“. თუ ამერიკელები მშვიდობას ისურვებენ, მშვიდობა იქნება.
ორბანმა ისიც აღნიშნა, რომ არავინ უნდა იმედოვნებდეს, რომ უკრაინელები ევროპელთა მშვიდობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის თავიანთი ქვეყნის ნაწილს დათმობენ. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა.
„გვაქვს იმის უფლება გადავწყვიტოთ თუ რა დოზით დავეხმაროთ მათ. უნგრეთმა გადაწყვიტა, რომ, რადგან ეს ომი ჩვენი ომი არ არის, უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, უნგრეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“.
ინფლაციის დონე დაიწევს, ამბობს ორბანი
ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო უნგრეთიც სახიფათო სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი ეკონომიკა ენერგომატარებლების იმპორტს ახორციელებს. ომამდე, სანქციების დაწესებამდე, 7 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგომატარებლებს ვყიდულობდით. ამჟამად ხარჯები 17 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, სხვაობა 10 მილიარდია, რაც 400,000 მილიარდი უნგრული ფორინტია, რისი კომპენსირებაც მთავრობამ უნდა მოახდინოს. ეს უზარმაზარი თანხა უნგრეთის ეკონომიკას დააკლდება, განაცხადა ორბანმა.
„შობის ანგელოზმა ენერგომატარებლებზე დაწესებული სანქციები რომ გააუქმოს, ფასები მყისვე დაეცემა“, დაიწევს ინფლაციის დონეც და მომავალ წელს უნგრეთი არა 1,5 პროცენტიან ზრდას, არამედ 5 პროცენტიან ზრდასაც კი დაგეგმავს. მინისტრთა კაბინეტს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს და მომავალი წლის ბოლომდე ინფლაციას ერთნიშნა ციფრამდე ჩამოიყვანს.
პრემიერ-მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უნგრეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი მატოიჩის, მიერ უნგრეთის ეკონომიკის მიმართ გაკეთებული მწვავე კრიტიკული შენიშვნები ნამდვილად უცნაური იყო. თუმცა ეს „მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი რთულ მდგომარეობაშია“. კანონი მას ინფლაციის მართვას ავალდებულებს, მონეტარული პოლიტიკა არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ მთელ ევროპაში გაუარესდა.
„მე არც თუ ისე რთულ მდგომარეობა ვარ, მაგრამ გიორგი მატოიჩის მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია“. ორბანმა განაცხადა, რომ სუბსიდიებთან დაკავშირებით, რომელიც სახლის აშენებას ეხება, ცვლილებები განხორციელდება. ოჯახის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტები შენარჩუნდება და გაფართოვდება კიდეც. დღესდღეობით, 25 წლამდე ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან. დღეიდან ის ქალბატონები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ამ შეღავათებით 30 წლამდე ისარგებლებენ.
„ხანდახან ჯალათსაც ჩამოახრჩობენ ხოლმე“
უნგრეთსა და ბრიუსელს შორის შეთანხმების კომენტირებისას ორბანმა განაცხადა: „ნაბიჯი წინ გადავდგით“ და „შევთანხმდით, რომ ფული, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, ნამდვილად ჩვენია“. ფინანსების შეჩერება იყო „იარაღი, მაგრამ არა ხმალი, მხოლოდ დანა“ და „მას თავს ვერ ავარიდებთ“. ევროპარლამენტში აგორებულ კორუფციულ სკანდალზე საუბრისას უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „ხანდახან ჯალათსაც ჩამოახრჩობენ ხოლმე“.
„ბრიუსელში მოკლათებული ბიუროკრატები ფიქრობენ, რომ კანონზე მაღლა დგანან და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი ჯორჯ სოროსს ფარულად უჭერ მხარს და იღებ ფულსა და სხვა სახის მხარდაჭერას რათა გაკიცხო ის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჯორჯ სოროსის ბიზნესინტერესებს, მაგალითად უნგრეთი, ასევე ყალბ ინფორმაციას, ქრთამის აღებაზე უარს ვერ იტყვი. ეს ჭაობი უნდა დაშრეს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: https://is.gd/LxnD3f