პოლიტიკასხვადასხვა

ვიქტორ ორბანი ევროკავშირში აგორებულ კორუფციულ სკანდალს დასცინის: „თუ ბრიუსელში ასე გააგრძელებენ, გისოსებს მიღმა აღმოჩენილი ევროპარლამენტარები საკუთარ საფეხბურთო გუნდს ჩამოაყალიბებენ“

0

მექრთამეობასთან დაკავშირებული “კატარგეიტის” სკანდალი ბრიუსელს კვლავ აზანზარებს, უნგრელი კონსერვატორები კი ჭრილობაზე მარილს აყრიან

ოთხშაბათს იტალიაში კორუფციის ბრალდებით ევროპარლამენტის საგადასახადო მრჩეველი დააკავეს. ევროპელი მაღალჩინოსნების დაკავებების სერიას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
„თუ ბრიუსელში ასე გააგრძელებენ, მალე იმდენი ევროპარლამენტარი აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, რომ საკუთარ საფეხბურთო გუნდს ჩამოაყალიბებენ. ვინ იცის? შესაძლოა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც კი გავიდნენ. დროა ბრიუსელში ჭაობი დაშრეს“, – დაწერა უნგრეთის პრემიერმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

დიდი ხანია, რაც ევროკავშირი და განსაკუთრებით ევროპარლამენტი  უნგრეთს კორუფციასა და კანონის უზენაესობის დარღვევაში ადანაშაულებს. ეს ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კორუფციული სკანდალია. ამიტომ მემარცხენე პოლიტიკოსები მზარდ კრიზისზე რეაგირებას ცდილობენ.
მილანის ხელისუფლებამ საგადასახადო მრჩეველის, მონიკა როსანა ბელინის,  ოფისები გაჩხრიკა. იგი ყოფილ ევროპარლამენტართან, პიერ ანტონიო პანცერისთან, მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი სოციალისტი ბელგიის ხელისუფლებამ კატარგეიტის სკანდალში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა. ბელგიის პოლიციამ ქრთამის სახით აღებული 1,6 მილიონ ევროზე მეტი უკან დააბრუნა. ფულის დიდი ნაწილი პორტფელებსა და ქაღალდის პარკებში იყო ჩალაგებული.
პანცერი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით 9 დეკემბერს ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილისთან ერთად დააკავეს. ყოფილმა ევროპარლამენტარმა დანაშაული აღიარა და ერთწლიანი პატიმრობის სანაცვლოდ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. გერმანული პრესის ცნობით, პანცერიმ თანხმობა განაცხადა, რომ გამომძიებლებს მოქმედი კრიმინალური სტრუქტურების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

პანცერის ჩვენებაში შესაძლოა იმ პოლიტიკოსების გვარებიც ამოტივტივდეს, რომლებიც ამ კორუფციულ სკანდალში მონაწილეობდნენ. ასევე რა ბენეფიტებს პირდებოდნენ და რა სახის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა სხვა ქვეყნებთან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ორბანმა სკანდალის შესახებ კომენტარი გააკეთა. დეკემბერში უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიუსელი დიდი ხანია, რაც კორუფციაში არის ჩაფლული და კატარგეიტმა მხოლოდ ფარდა ახადა იმ პრობლემებს, რომლებსაც ევროკავშირი უკვე წააწყდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში დაზარალებული ადამიანების რაოდენობის ზრდის პარალელურად ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სულ უფრო მეტი წევრი ევროპარლამენტარი ზარალდება. ამიტომ უსამართლობა იქნება იმის თქმა, რომ ფულის უკანონოდ აღების პრაქტიკა და ამისთვის პოლიტიკური ნაცვლაგება პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე ფრთის ექსკლუზივია. ეს არის საფრთხე, რომელიც ყველგან ემუქრება დემოკრატიულ პოლიტიკას, და მისგან თავი უნდა დავიცვათ, რადგან ბრიუსელში ყველამ კარგად უწყის, რომ ეს ახლა არ დაწყებულა. ყოველთვის არსებობდა საერთო შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელში კორუფცია ყვაოდა. საკითხავი ის არის თუ რატომ არ არსებობდა თავდაცვის მექანიზმები“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის კონსერვატორი ლიდერის თქმით, კორუფციამ იმიტომ მოიკიდა ფეხი, რომ ზედამხედველის საქმიანობას არავინ ეწეოდა. „არ ვაპირებ ბურთი უკან გადმოგიგდოთ, უბრალოდ მსურს მშვიდად ვიკითხო, სად იყვნენ ბოლო ათწლეულში ბრიუსელში მომუშავე გამომძიებელი ჟურნალისტები, როდესაც ასეთმა შემთხვევებმა იმატა და თითქმის ყოველდღიურ საქმიანობად იქცა?“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის კონსერვატიული მთავრობა ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რათა საპასუხო დარტყმა მიაყენოს ევროკავშირს, რომელიც პარტია „ფიდესის“ (Fidesz) ხელისუფლების სადავეებიდან ჩამოშორებას დაუღალავად ცდილობდა. ევროპის ყველაზე გავლენიან ინსტიტუტებში კორუფციის არსებობის შესახებ სხვა პირებიც საუბრობენ.

ამჟამინდელი სკანდალი მიგრაციასაც კი უკავშირდება. ამ საკითხის გამო უნგრეთს ბრიუსელთან დიდი ხანია, რაც უთანხმოება აქვს. სავარაუდოდ, ევროპარლამენტარები ევროპარლამენტის რეზოლუციაში კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაფიქსირებას ცდილობდნენ. შეიძლება ესეც იყო იმის მთავარი მიზეზი თუ რატომ სთავაზობდა კატარი ევროპელ ჩინოვნიკებს ამხელა თანხებას. რეზოლუციას ასობით ადამიანმა მისცა ხმა, მათ შორის ყველა სოციალისტმა და მემარცხენე ევროპარლამენტარმა. „ფიდესმა“, რომელსაც ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, თავი შეიკავა.

ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა, სამშაბათს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ევროკავშირის ყველა ინსტიტუტში გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული საქმიანობა უნდა გაიზარდოს“.
„კრიმინალური ორგანიზაციების მინიმუმ 60 პროცენტი ძალაუფლების მოსაპოვებლად ქრთამის მიცემას, პოლიტიკოსების მოსყიდვისა და გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობს“, – განაცხადა იოჰანსონმა.

წყარო: https://is.gd/wzJGCv