პოლიტიკასხვადასხვა

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი უნგრეთს ფინანსური წნეხით კუთხეში ვერ მიიმწყვდევს

0

პარასკევს, ეროვნული Kossuth Rádió-ს ეთერში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის ფინანსური რეზერვები უფრო დიდია, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყებისას იყო. ამიტომ ევროკავშირი უნგრეთს ფინანსური თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს.

უნგრეთის პრემიერის თქმით, რთული დრო დადგა, რაც იმას გულისხმობს, რომ ევროკავშირი სანქციებით ცდილობს უნგრეთის დასჯას. ამასთანავე, მიუთითა, რომ მთავრობა უმოქმედოდ არ ყოფილა და მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის ემზადებოდა. მინისტრთა კაბინეტმა, ნაწილობრივ კომუნალური გადასახადების შემცირებით, მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის ფინანსური რეზერვები.

„უნგრეთს კუთხეში ვერ მიიმწყვდევ. ბრიუსელი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ მათ გარეშე მზე არ ამოვა“, – განაცხადა ორბანმა და დააკონკრეტა თუ რატომ მიაჩნია, რომ უნგრეთი ევროკავშირის სადამსჯელო ფინანსურ სანქციებს გაუძლებს.
„უნგრეთში ამდენი ადამიანი არასოდეს ყოფილა დასაქმებული როგორც 2022 წელს“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა და იქვე დასძინა, რომ უნგრეთის ეკონომიკა კარგად ფუნქციონირებს. „უნგრეთში არასოდეს განხორციელებულა იმდენი ინვესტიცია როგორც 2022 წელს“.

„მუდმივად ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ მოთამაშეებთან, ასე რომ, სწრაფად რეაგირება შეგვიძლია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი სამუშაო ადგილების დაცვაა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

რადიოინტერვიუს შემდეგ ორბანმა ფეისბუქში პოსტში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „უნგრეთის ფინანსური რეზერვები რეკორდულად მაღალ დონეზეა“. პრემიერის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში უნგრეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა რეზერვები, ნაწილობრივ კომუნალური გადასახადების ნორმირების შემცირებით და ნაწილობრივ იმის გამო, რომ მთავრობა მზად არის რთული დროებისათვის.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელმა თავის მიზანს ვერ მიაღწია და „ჩვენი ქვეყნა ფინანსური თვალსაზრისით კუთხეში ვერ მოამწყვდია“. უნგრეთის პრემიერის თქმით, ამ ყველაფერმა ბრიუსელში მოკალათებულ იმ პირებში, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, იმედგაცრუება გამოიწვია და შესაძლოა სწორედ მათი მითითებით შეაჩერეს ერასმუსის უნივერსიტეტის გრანტები.

ბიზნესპორტალი Világgazdaság-ი იტყობინება, რომ ორბანის თქმით, უნგრეთის სავალუტო რეზერვები თითქმის 42 მილიარდი ევროა, ხოლო 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყებისას ქვეყნის რეზერვები 37,8 მილიარდი ევროთი იყო განსაზღვრული. ამ თანხაში შედიოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის სესხები.

წყარო: https://is.gd/meCoyq