რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

ვინ უნდა გამოიძიოს აგვისტოს ომის დანაშული: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ თუ პროკურატურამ?

0

დავით ზარდიაშვილი

“მოძმეთა სისხლი მაღლა ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს
და პასუხს ითხოვს, გადასწყვიტე თემო!”. ალ. ყაზბეგი. ხევისბერი გოჩა
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ აგვისტოს ომის დანაშულების გამოძიებასთან დაკავშირებით ამჟამად არსებობს ორი ინიციატივა: პირველი, ეკუთვნის ბ-ნ ლევან მამალაძეს, რომელიც მოითხოვს, რომ სახელმწიფო ღალატის ჩადენის საქმეზე პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე; ხოლო მეორე – „ევროპელი სოციალისტების“, ბ-ნი ფრიდონ ინჯიას ინიციატივაა, რაც სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.
ის, რომ აგვისტოს ომში საქართველოს კატასტროფული მარცხი სააკაშვილის და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის უმთავრეს ბოროტმოქმედებას წარმოადგენს და ქართველთა წინაპარი, აწმყო და მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი ამაზრზენი ღალატია, რასაც თავისი მასშტაბურობით ძნელად თუ მოეძებნება რაიმე ანალოგი საქართველოს ისტორიაში – ყველა ქართველისთვის, ვინც საღ აზრზეა და სინდისიგან ხელი არ აუღია,  უდავო ფაქტია!
დღემდე  ამ უპრეცენდენტოდ შემზარავ დანაშაულზე  საქართველოს ადექვატური სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია. ხოლო ეს, რაც არ უნდა მწარე იყოს ამის თქმა – სამარცხვინოა საკუთარი თავის პატივისმცემელი ნებისმიერი ერისა და ყოველი პასუხისმგებლიანი სახელმწიფოსათვის. სამაგიეროდ – ეს უმძიმესი თემა, როგორც ღია, სისხლმდენი ჭრილობა 2008 წლის შემდგომ და ვაი, რომ დღემდე, ბუნებრივად რჩება ქართული პოლიტიკის, მე ვიტყოდი, ფუნდმენტურად განმსაზღვრელ კონტექსტად; იმ მძლავრ ფაქტორად, რაც ამ პოლიტიკის დეფორმირებას, როგორც ყოვლად აუტანელი სიმძიმის ტვირთი, დიდწილად განაპირობებს. და ეს სავალალოა. სავალალაოა, ასევე საშიშიც: რადგან მსგავსი ღალატის სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე დატოვება სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა ერთისა: ჩვენი ქვეყნა, თუკი ამ, სახელმწიფოებრიობისათვის ძირეულ საკითხში სამართალს ვერ აღასრულებს,  ანუ – როგორც ქართველი ოდითგანვე იტყოდა – სჯულს ვერ დაიცავს, არა მხოლოდ წარსულ, არამედ ღმერთმა მაინც გვაშოროს და სამომავლო მარცხსაც უნდა შეეგუოს. ეს პირდაპირი და უშუალო საფრთხეა, რასაც საღ აზრზე მყოფი და სინდისის ერთგული ქართველობა მუდამდღე მძაფრად გრძნობს. ამაზე მიანიშნებდა „ხალხის ძალაც“ თავის ერთ-ერთ განცხადებაში, სადაც დასაბუთებული ვარაუდი გამოითქვა – ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესი სააკაშვილის გათავისუფლების მიმართ განპირობებულია სწორედ იმით, რომ აგვისტოს ომის შესახებ სიმართლე კვლავაც ბნელით მოცული დარჩეს. ცხადია, სააკაშვილი, როგორც იმ  კატასტროფული მარცხის სულისჩამდგმელი ვაი-მთავარსარდალი, საქართველოსათვის მთავარი დამნაშავეა, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულის მთავარი მოწმეც ეგ არის: თუკი მან გასცა თავისი საერთაშორისო პატრონები, ახადა რა სიმართლეს ფარდა, „გლობალური ომის პარტიის“ გეგმებს, მათ შორის – ბოროტ განზრახულობებს საქართველოს მიმართაც, უდავოდ საფრთხე შეექმნებათ.
მეორეს მხრივ, გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს, უფრო სწორედ – ცდილობს თავი აარიდოს და „უკეთესი დროისათვის“ კვლავ გადადოს აგვისტოს ომის უპრეცენდენტო ღალატზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება. რატომ და იმიტომ, რომ საქართველო კვლავაც საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა და სამართლის აღსრულება, ე.ი. სჯულზე დგომა და მისი დაცვა (ხშირად ამას „სამართლიანობის აღდგენასაც“ ვუწოდებთ ხოლმე) მართლაც უდიდეს პოლიტიკურ რისკებს ქმნის, რათა ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს და სულაც კრიტიკული გახდეს. მიუხედავად ამისა, სიმართლე დაურიდებლად უნდა ვთქვათ და ჩვენ, ქართველი ხალხი, სამართლიანობის აღდგენაზე, რაც სხვა არაფერია თუა არა – სჯულზე დგომა, უარს ვერასდროს ვიტყვით.
სწორედ ეს – სიმართლე, სამართალი, სამართლიანობა, სამართლის იდეა – რასაც ქართულად ოდითგანვე სჯული ეწოდებოდა, გახლდათ გადამწყვეტი მოტივი, რამაც 2012 წელს  ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაგვაერთიანა; რისკი მაშინაც არანაკლები, თუ მეტი არა, განსაკუთრებით პირადად ბ-ნი ბიძინასთვის, რომელმაც სასწორზე შეაგდო ყველაფერი, რაც ებადა,  მათ შორის – პირადი და საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაც, ულაპარაკოდ იყო. რისკისდა მიუხედავად ეს საბედისწერო თემა – აგვისტოს ომი  2012 წლის არჩევნებშიც გახლდათ ერთ-ერთი წამყვანი საკითხი, რაც სამართლიანობის აღდგენის უალტერნატივობას ყველასათვის, ვინაც ბრმა არ იყო, მკაფიოს ხდიდა. გაგახსენებთ:
2011 წლის 1 ნოემბრის პრეს-კონფერენციაზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე ერთობ სერიოზულად გამოვიდა და რეალურად, უკან დასახევი გზაც მოიჭრა, სწორედ აგვისტოს ომის დანაშაულის თემა იქნა მთელი სიგრძე-სიგანით დასმული. ცხადია, ამას მაშინათვე მოჰყვა სააკაშვილის რეჟიმის რეაქცია – სიმართლის ხმამაღლა მთქმელი ბიძინა, რომელმიც  პასუხისგებას მოითხოვდა ჩადენილი ღალატისთვის,  იმთავითვე „პუტინის პოზიციის გამხმოვანებლად“ გამოიყვანეს. ამ რეაქციის შეფასება ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის მიერ ასეთი გახლდათ:
„ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით ღიად დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში, რაც, მათივე თქმით, სიცრუეს წარმოადგენს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ბიძინა ივანიშვილის მიერ 1 ნოემბრის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მოაწერა ხელი. ორივე დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ ომის დაწყების თარიღად 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით ქართული სამხედრო შენაერთების მიერ გაუფრთხილებელი ცეცხლის გახსნა სახელდება, რასაც შედეგად რუსეთის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მოჰყვა. კერძოდ, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციის მე-5 პუნქტის თანახმად, „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებლად საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.
აქ ხაზგასასმელია: ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის – ე.წ. ტალიავინის კომისიის ანგარიშშიც, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშიც და ყველა საერთაშორისო დოკუმენტშიც, რაც ამ ომის ობიექტურად შეფასებას ეძღვნება, კითხვა: „ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?“ უფრო ზუსტად – „ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ომის გაჩაღებისთვის?“, სრულიად ნათლად პასუხგაცემულია. რაც მთავარია, რომელიმე ერთი მხარე, ვისაც ეს პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება, სულაც არ არის გამოვლენილი, არამედ პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, თითოეულს საკუთარი წილი, ეკისრება რუსეთსაც, საქართველოსაც და თვით საერთაშორისო თანამეგობრობასაც.
ტალიავინის კომისია პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებელი გახლდათ. უფრო სწორედ, იმ დროინდელი პოლიტიკური კონიუნქტურა, როცა ევროკავშირი ჯერ კიდევ არ განიხილავდა რუსეთს კაცობრიობის ნომერ პირველ მტრად და იმედოვნებდა მასთან ცივილური ურთიერთობების გაგრძელებას, დაინტერესებული გახლდათ ობიექტური და არა „პრო-რუსული“ ანდა პირიქით, პრო-დასავლური“  შეფასებებით. ვინც ამ ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს კარგად იცნობს, უნდა თანხმდებოდეს, რომ საერთაშორისო სამართლის, რაც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ძირგამოთხრილი, პოზიციებიდან საქმის ობიექტური ვითარება ასეთია:
  • 1. საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება იმიტომ, რომ 7 აგვისტოს, ღამის 23.35 წთ-ზე წამოიწყო შეტევითი სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო მანდატის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონაში, სადაც ნებისმიერი, თუნდაც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ლეგიტიმური მოტივითაც კი. არა თუ არმიის გამოყენება, არამედ დამატებით ერთი ჯარისკაცის შეყვანაც, გარდა ხელშეკრულებით გათვალსიწინებული 500 სამშვიდობოსი, მკაცრად ეკრძალებოდა; ეს შეტევითი სამხედრო ოპერაცია გახდა რუსეთისათვის საბაბი, რათა მოეხდინა კონფლიქტის ზონაში სამხედრო ინტერვენცია და როგორც სოჭის ხელშეკრულების გარანტორს, მიეღო ზომები შეიარაღებული კონფლიქტის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად; სააკაშვილს უნდა სცოდნოდა, ვალდებული იყო სცოდნოდა და მან ეს მყარად იცოდა კიდეც,  რომ  შეტევით ოპერაციას რუსეთის სამხედრო პასუხი აუცილებლად, გარდაუვლად მოჰყვებოდა;
  • 2. რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო პასუხისმგებლობა ეკისრება იმიტომ, რომ:ა) როგორც ქართულ-ოსური, ასევე  ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იმთავითვე, 90-იანი წლებიდანვე პროვოცირებული, წაქეზებული და მართული იყო რუსეთის მიერ, რომლის სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზანს ამ კონფლიქტების მეშვეობით საქართველოზე მუდმივი ზეწოლა და მისი სახელმწიფოებრიობის გამუდმებით შესუსტება წარმოადგენდა; სეპარატისტების წაქეზება და მათი სამხედრო დახმარება რუსეთის მხრივ აგვისტოს ომამდე, ჯერ კიდევ 90-იან წლებში კონფლიქტის გაჩაღებიდანვე, უწყვეტად წარმოებდა.ბ) რუსეთის მოქმედება 8-ში დილიდანვე გასცდა მისი საერთაშორისო მანდატის ყოველგვარ ფარგლებს, ვინაიდან მან გამოიყენა რა შეუსაბამოდ არაპროპორციული სამხედრო ძალა, მოახდინა ინტერვენცია არა მხოლოდ კონფლიქტის ზონაში, არამედ უკანონოდ შეიჭრა და განახორციელა სამხედრო აგრესიის აქტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

    გ) მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული იქნა მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მხარეები ვალდებულნი იყვნენ საკუთარი შეიარაღებული ძალები დაებრუნებინათ საწყის პოზიციებზე, რუსეთმა არ შეასრულა რა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უკანონოდ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაცია, იურიდიულად სცნო მათი დამოუკიდებლობა, რითიც, უხეშად ხელყო რა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მოახდინა ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია.

  • 3. საერთაშორისო საზოგადოებასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ თავის დროზე სხვაგვარად ვერ შეძლო და რუსეთს, რომელიც იმთავითვე დაინტერესებული მხარე იყო ამ კონფლიქტებში, შუამავალისა და მშვიდობისმყოფელის როლი მიაკუთვნა, რამაც საბოლოო ჯამში აგვისტოს ომამდე მიგვიყვანა.
*
უდავო ფაქტია: საქართველოს უახლოეს 30 წლიან ისტორიაში რაც ამ საბედისწერო ე.წ. ეთნო-კონფლიქტებმა ვნება მოგვაყენეს, საუკუნეებს ეყოფოდა. სწორედ ეს ე.წ. ეთნო-კონფლიქტები გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის შესასუსტებლად და უარესიც, მის მოსასპობად შემართული მრისხანე იარაღი ვერაგი და დაუნდობელი მტრის ხელში; სწორედ ამ „ლეტალური იარაღის“ გამოყენებას მოჰყვა აგვისტოს ომის შედეგად სამხედრო აგრესიის აქტით საქართველოს ოკუპაცია, ქვეყნის „ანიჰილაციის“ (ლავროვის ტერმინია!) გარდაუვალი საფრთხე, რისი თავიდან აცილება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მოხერხდა; მოჰყვა საქართველოს იმ ტერიტორიების, რაც ომამდე ჯერ კიდევ მის იურიდიქციაში იმყოფებოდა (კოდორისა და ქსნის ხეობები) დაკარგვა, ტერიტორიული მთლინობის უკვე არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ დე იურე ხელყოფა, საქართველოს განუყოფელი ნაწილების, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ ქართლის ფაქტობრივი ანექსია; ქართველი ერის ვნება და წამება – უდიდესი მსხვერპლი, საუკუნეების ოფილისღვრით აშენებულის ნგრევა, ქართული სოფლების მიწასთან გასწორება, ღვთისგან ნაბოძები, მამაპაპისეული სამკვიდროდან აყრა და საკუთარ სამშობლოში ლტოლვილობის უმწარესი ხვედრი, წართმეულის მავთულხლართებით შეღობვა და გამუდმებული მცოცავი ანექსია; დიახ, ყოველივე ეს მტერმა სასჯელად მოგვკერძა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი უპირობო, შეუვალი და საუკუნეების სიღმიდან მომდინარე უდავო უფლების – ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის გამო.
ამასთან ერთად, ასევე უეჭველი ფაქტია:
კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განსაკუთრებულად უხეში დარღვევით შეიარაღებული ძალების უკანონოდ გამოყენება, კერძოდ – 7 აგვისტოს 23.35წთ.ზე შეტევითი სამხედო ოპერაციის წამოწყება ცხინვალის ასაღებად, რაც  რუსეთის და როგორც ახლა ჩანს, ასევე „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებში იყო იმთავითვე და რამაც კატასტროფული შედეგები მოიტანა, სწორედ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სავსებით ობიექტურად ე.წ. ტალიავინის კომისიის მიერ ასეა შეფასებული:
„არსებობს დამაჯერებელი ფაქტები, რომლებიც აჩვენებენ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მიერ განხორციელებული ოპერაცია არ წარმოადგენდა მხოლოდ თავდაცვით აქციას. ამის პირველი ინდიკატორია ის, რომ ქართველ სამშვიდობო ძალათა მეთაურმა ბრიგადის გენერალმა ყურაშვილმა უშუალოდ შეტევის დაწყების შემდგომ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“. შემდგომ მან უარყო თავისი ეს განცხადება, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღიად გააპროტესტა იგი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქი – ცხინვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო მოქმედება არ იყო მხოლოდ წინმსწრებ ინციდენტებზე საპასუხო რეაქცია, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა.“
ასევე, ამავე დასკვნაში ვკითხულობთ: „„მისია ვერ დარწმუნდა საქართველოს იმ შეხედულებების ჭეშმარიტებაში, რომ თითქოს რუსი ჯარისკაცები როკის გვირაბის გავლით უკვე შემოიჭრენ საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალზე საჰაერო და სახმელეთო შეტევამდე, რაც 7 აგვისტოს 23:35–ზე დაიწყო. რუსეთის არმიის ნებისმიერი შეყვანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ამ მომენტის შემდგომ განხორციელდა, არ შეიძლება შეფასდეს როგორც წინმსწრები შეტევა, რაც საქართველოს მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას, როგორც თავდაცვათ ღონისძიებას, დაასაბუთებდა“.
ცხადია, ტალიავინის კომისიას არანაირი საფუძველი არ ჰქონია, რომ საქართველოს მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება თავდაცვით ღონისძიებად შეეფასებინა. რატომ და იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლების და უწინარეს ყოვლისა, უმაღლესი მთავარსარდალის მოქმედებები თავდაცვით ღონისძიებებს ან გამორიცხავს ანდა უარესი: ნიღბავს მათ ცხინვალზე შეტევითი ოპერაციის დაწყებით. მართლაც, თუ ცხინვალზე იერიშის დაწყებამდე სახეზე იყო რუსეთის სამხედრო აგრესია (და არა სეპარატისტების მხარდაჭერა, რაც, გავიმეოროთ – სრულიად ცხადი იყო იმთავითვე, კონფლიქის გაღვივებისთანავე 90-ანი წლებიდან), რატომ არ იქნა ეს დაუყოვნებლივ საერთაშორისოდ გამოცხადებული და  რატომ მოხდა მხოლოდ 9 აგვისტოს საომარი მდგომარეობის შემოღება? თუკი  რუსეთმა განახორციელა სამხდერო აგრესიიის ფაქტი 7 აგვისტოს ღამის 12 სთ-მდე, გამოდის რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა – ეს დამალა. ბუნებრივია, ამის დაჯერება წარმოუდგენელია და არც ტალიავინმა დაიჯერა ეს.
შეტევითი სამხედრო ოპერაციის, როგორც პოლიტიკური მიზნების მქონე აქციად შეფასების შემდგომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ცალსახაა: „ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალზე განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო შეტევა, რომლის ბრძანებაც გასცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, არ იყო პროპორციული, გამომდინარე, საქართველოს მიერ ძალის გამოყენება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდაცვა“.
ტალიავინის კომისიას ფაქტების დამდგენი მისიის მანდატი გააჩდა. ცხადია, მის ამოცანებში არ შედიოდა იმ პოლიტიკური მიზნების გარკვევა და შეფასება, რასაც, როგორც დასკვნაშია მითითებული, აშკარად გულისხმობდა ცხინვალზე სამხედრო შეტევა. ამ კომისიისათვის საკმარისი იყო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სააკაშვილის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობის გარკვევა. მიუხედავად იმისა, თუ რა იყო სამხედრო აქციის პოლიტიკური მიზანი – „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“, თუ სხვა რამ, ტალიავინის კომისია პირდაპირ აცხადებს, რომ ცხინვალზე შეტევის სამხედრო ოპერაცია თავდაცვით აქციად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. კომისიის დასკვნაში ისიც ცალსახად არის ახსნილი, რომ გაეროს წესდებით სამხედრო ძალის ლეგიტიმური გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით არის დაშვებული. გამომდინარე, საკითხი, თუ ვინ გამოიყენა ამ ომის დასაწყებად არალეგიტიმურად სამხედრო ძალა, ცალსახად არის გარკვეული – ომი სააკაშვილმა დაიწყო 7 აგვისტოს, 23.სთ–სა და 35–წთ–ზე.
ცხადია, რომ შეტევით ოპერაციას აუცილებლად უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მიზანი. სწორედ პოლიტიკურ მიზანზე მინიშნებას წარმოადგენდა ყურაშვილის ღია განცხადებაც, რომლის კომენტირებისას (იხ.ე.წ. პ.დავითაიას კომისიის სხდომების სტენოგრამა) სააკაშვილი ამბობს: „მამუკა ყურაშვილის განცხადება (კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით) იყო სრული სიბრიყვე, ამ კაცს არ ჰქონია არანაირი მანდატი ამგვარი განცხადების გასაკეთებლად. როცა ატყდა ეს ყველაფერი, მას ეს საკუთარი თავის გამოჩენის სურვილმა ათქმევინა. ეს იქნა ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული. ეს იყო უხეში შეცდომა. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა – ეს არის ჩეჩნური ტერმინი, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ“.
თურმე, ნუ იტყვით და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა „ჩეჩნური ტერმინი“ (?!) ყოფილა. საკითხავია: რა ტერმინით ახსნის იგი საკუთარი ბრძანების მიზანს? თუ წესრიგის აღდგენა არა, მაშ რა ამოძრავებდა სააკაშვილს? ცალსახაა, რომ პოლიტიკური მიზნის გარეშე ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას რაიმე ლოგიკური ახსნა საერთოდაც არ გააჩნია. შეიძლება ეს ასეც არის და გადაწყვეტილება არა ლოგიკით, არამედ იმპულსური რეაქციითაა ნაკარნახევი. ხოლო თუ ეს აფექტური მოქმედება არ იყო და არც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენს გულისხმობდა, მაშ რა უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მიზანი? იქნებ დასავლეთის იმედად და „გლობალური ომის პარტიის“ დავალებით რუსეთის პროვოცირება ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩასართავად? იქნებ ის უმძიმესი შედეგი, რაც ამ ომს მოჰყვა? – მსხვერპლი, ნგრევა, ძირძველი ქართული სოფლების მიწასთან გასწორება, მოსახლეობის ხოცვა, რბევა და დევნა, ლტოლვილები, ქართული ტერიტორიების დე-იურე აღიარება რუსეთის ფედერციის მიერ და ფაქტობრივად მათი ანექსია?
სინამდვილეში რა იყო სააკაშვილის მიზანი და მოტივაცია, ალბათ სასამართლოზე გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანი ამოძრავებდა მას, უმძიმესი შედეგი არ იცვლება – შეტევითი სამხედრო ოპერაციის შედეგად არც კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილა და არც ტერიტორიული მთლიანობა, არც მოქალაქეთა სიცოცხლე, უსაფრთხოება და საკუთრება ყოფილა დაცული, არც რუსეთის აგრესია შეჩერებული, ყველაფერი სწორედაც პირიქით მოხდა. ამიტომ სააკაშვილის მოქმედებას სხვა პოლიტიკური შეფასება ობიექტურად ვერ ექნება. ნათელია, რომ ეს იყო თუკი მტრული აგენტურული დავალების შესრულება არა, სულ ცოტა – სამხედრო–პოლიტიკური ავანტურა.
ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით, სააკაშვილის ქმედებას, მიუხედავად იმისა, რა იყო მისი პოლიტიკური მოტივი -ავატურა თუ მტრის საქმის კეთება, უმძიმესი, კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე, ერთადერთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს – ეს იყო სახელმწიფო ღალატი! (ამასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ for.ge-ზე ჩემი 2011 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული წერილი: „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ! ვაი დამარცხებულთ!“ https://for.ge/view/12397/gamarjvebulebs-ar-asamarTleben-vai–damarcxebulT.html)
რასაკვირველია, სააკაშვილსა და მის რეჟიმს ქვეყნის წარმატებით დასაცავად და ამ კატასტროფული ომის თავიდან ასაცილებლად ჰქონდა სიმართლის, სამართლიანობისა და სამართლის ზედმიწევნით დაცვის უალტერნატივო გზა. იგი ვალდებული იყო სწორედ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში განსაკუთრებით და ზედმიწევნით დაეცვა კონსტიტუცია; ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის შესაბამისად, მისი მოქმედებები დაახლოებით ასეთი თანმიმდევრობისა უნდა ყოფილიყო:
  • 1) ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი რუს სამშვიდობოებს მანდატს მუდმივად უგრძელებდა, ხოლო ვითარება კონფლიქტის ზონაში დროდადრო იძაბებოდა და საბოლოო ესკალაცია გარდაუვალი ჩანდა, ადექვატურად უნდა შეფასებულიყო არსებული საფრთხეები; წინასწარ გათვლილი უნდა ყოფილიყო მოქმედების რამდენიმე სცენარი, მათ შორის – სამხედრო ძალის გამოყენების და შესაბამისი თავდაცვითი (და არა ცხინვალზე შეტევის) სამხედრო ოპერაციის აუცილებლობის შემთხვევაც; რაც მთავარია, უნდა გაღრმავებულიყო და განმტკიცებულიყო ის პოლიტიკური ტენდენცია, რაც რუსი სამშვიდობების ჩანაცვლებას და მშვიდობის შესანარჩუნებლად უფრო ხელსაყრელი და მყარი საერთაშორისო გარანტიების, ვიდრე ეს იყო სოჭის აშკარად წამგებიან ხელშეკრულებებში, შექმნას გულისხმობდა;
  • 2) ხოლო თუ მოსახლეობის უსაფრთხოება, მათი სიცოცხლისა და საკუთრების დაცვის აუცილებლობა მოითხოვდა თავდაცვითი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას, იგი კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ზედმიწევნით დაცვით უნდა დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო;
  • 3) კულახმეტოვის მოხსენების შემდგომ, რომელშიც აღიარებულია, რომ სოჭის ხელშკრულებით განსაზღვრული სამშვიდობო ფორმატი და მისი მექანიზმები ვეღარ მუშაობს (ეს ფაქტი ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც ხაზგასმულია!), ყველა საერთაშორისო დიპლომატიური არხით, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით, მთელი სიმწვავით უნდა დასმულიყო საკითხი რუსეთის სამშვიდობო მანდატის გაუქმებისა და ახალი ფორმატის განსაზღვრის აუცილებლობის მოთხოვნით;
  • 4) საქართველოს ღიად უნდა განეცხადებინა, რომ კრიტიკული სიტუაციის შემდგომი გამწვავებისას, თუკი რუსეთი ვეღარ უზურნველყოფდა დეესკალაციას კონფლიქტის ზონაში, იგი იძულებული გახდებოდა ცალმხრივად შეეწყვიტა რუსი სამშვიდობოების, რომლებიც თავიანთივე აღიარებით, ვეღარ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, მანდატი და მოეხდინა სოჭის ხელშეკრულების, აგრეთვე მისგან გამომდინარე ყველა საერთაშორისო შეთანხმების დეზავუირება;
  • 5) ესკალაციის შეუქცევადობის შემთხვევაში საქართველოს უნდა განეხორციელებინა მკვეთრი დიპლომატიური დემარში რუსეთის წინააღმდეგ – ოფიციალურად დამუქრებოდა მას დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტით და ყველა საერთაშორისო დიპლომატიური არხით დაჟინებით მოეთხოვა რუსეთის ფედერაციისაგან საერთაშორისო ვალდებულებების და სამართლის დაცვა;
  • 6) თუ ეს დემარში და წინმსწრები დიპლომატიური ნაბიჯები შედეგს არ გამოიღებდა და სეპარატისტების პროვოკაციული მოქმედებები არ ჩაცხრებოდა, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე უნდა დაესვა კონფლიქტის ზონის სტატუსთან დაკავშირებული ყველა მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულების დეზავუირების საკითხი, შემდგომ ამისა მოეთხოვა რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან გაყვანა, გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში და მხოლოდ სრული სამართლებრივი დასაბუთებისა და ნორმატიული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უკიდურესი და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის უზრუნველსაყოფად მიეღო გადაწყვეტილება თავდაცვითი სამხედრო ოპერაციის და მოსახლეობის სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთი კანონიერი ნაბიჯების თანმიმდევრული გადადგმის შემთხვევაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების, მით უმეტეს ცხინვალზე შეტევის განხორციელების, აუცილებლობა საერთოდ არც წარმოიშვებოდა.  ქვეყანა თავიდან აიცილებდა ომს.
ამის მაგივრად სააკაშვილმა უკანონობის გზა აირჩია, რასაც სამხედრო–პოლიტიკური კრახი მოჰყვა შედეგად.ეს ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს ღალატი. აქ სინამდვილეში საპრლამენტო კომისიის მიერ გამოსაძიებელიც არაფერია, რადგან ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულის აშკარა ნიშნები, თუკი სააკაშვილის მოქმედებები კონსტიტუციის მიხედვით შეფასდება, ზედაპირზევე დევს და სრულიად აშკარაა:
სააკაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს იმ დროს მოქმედი კონსტიტუციის მე-100 მუხლი და სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი დასაბუთების და ნორმატიული საფუძვლების შექმნის გარეშე თვითნებურად გამოიყენა სამხედრო-შეიარაღებული ძალები. კერძოდ: 7 აგვისტოს ღამის 23.35 წთ–ზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც პ. დავითაიას კომისიის სტენოგრამები ამას ადასტურებენ, ტელეფონით გადაცემული ბრძანების სახით იქნა მიღებული, მიუხედავად იმისა რომ: ა) არმიის გამოყენების ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა საერთოდაც არ წარმოშობილა ანდა ბ) ხოლო თუკი ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა მართლაც წარმოიშვა, რაც ერთადერთ შემთხვევაში – საქართველოზე რუსეთის საგარეო თავდასხმისას იქნებოდა სახეზე (ვინაიდან საგანგებო მდგომარეობას საქართველო კონფლიქტის ზონაში, რაც საერთაშორისო მანდატის ქვეშ იმყოფებოდა, ვერასგზით გამოაცხადებდა); ნებისმიერ შემთხვევაში, რატა არმიის გამოყენება კონსტიტუციის შესაბამისი და კანონიერი ყოფილიყო, სააკაშვილი ვალდებული იყო შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე ტელეფონოგრამით გაცემული ბრძანება დაუყოვნებლივ წერილობით დაესაბუთებინა,  მაშინათვე და არა 2 დღის დაგვიანებით (როცა უკვე სრულიად აშკარა იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია), გამოეცა ნორმატიული აქტი საომარი მდგომარეობის შესახებ და უწყვეტ რეჟიმში გაევრცელებინა ეს ბრძანებულება ყველა შიდა თუ საერთაშორისო საინფორმაციო არხებით. მან ეს არ გააკეთა. ხოლო შეიარაღებული ძალების ანტიკონსტიტუციურმა გამოყენებამ რუსეთს მისცა საბაბი განეხორციელებინა სრულმასშტაბიანი სამხდრო აგრესია და ქვეყანა  სამხედრო-პოლიტიკური კრახის წინაშე დადგა. ომში კატასტროფულმა მარცხმა კი განაპირობა საქართველოს ტერიტორიების სამხდერო ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია, ამ ტერიტორიების დაკარგვა საქართველოს მიერ. ბუნებრივია, პროკურატურას აქვს სრული საფუძველი და ვალდებულიცაა უმაღლესი მთავრსარდლის ეს ბოროტმოქმედება სათანადოდ შეაფასოს და აღძრას სააკაშვილის, ასევე მისი გარემოცვის, ვინც მასთან ერთად პასუხისმგებელია არმიის უკანონოდ გამოყენებაზე,რასაც ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა, სისხლის სამართლის საქმე  მოქმედი სისხლის სამაართლის კოდექსის 308-ე მუხლის („საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა“) მე-2 ნაწილით (საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, რამაც მისი მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკრგა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუტმეტიდან ოც წლამდე ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთით).
…მახსენდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენი მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოვლად სამარცხვინო გამოსვლა, როცა ერთმა გერმანელმა დეპუტატმა, სიტყვა გააწყვეტინა და პირდაპირ ჰკითხა: „იცოდით თუ არა, რომ თქვენს მოქმედებას რუსეთის მხრიდან გარდაუვალი სამხედრო პასუხი და ამგვარი უბედურების მომტანი ნაბიჯი მოჰყვებოდაო?“ ეკა ტყეშელაშვილმა ისე, რომ წარბიც არ შეუხრია, უპასუხა: „დიახ, ვიცოდითო!“ გერმანელ დეპუტატს არავითარი კომენტარი აღარ გაუკეთებია, მრავლისმთქმელი იყო მხოლოდ მის სახეზე აღბეჭდილი უკიდურესი გაოგნების გამომხატველი ემოცია… სიტვებით ვერც გამოხატავდა იმ ელემენტარულ დასკვნას, რაც ტეშელაშვილის პასუხიდან თავისთავად გამომდინარეობს: აშკარაა, რომ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ თურმე იცოდა და მაინც მტრის საქმე აკეთა იმ ომში, ხოლო ამ მტრის საქმის გამკეთებელი, საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვდა ახლა ქვეყნის შველას. ცხადია, გერმანელი დეპუტატისთვის მეტი სირცხვილი, ამაზე მეტი თავის მოჭრა, უბრალოდ – წარმოუდგენელია!
გერმანელი იქით მშვიდობით იყოს. ჩვენთვის კი საკითხი მართლაც ზუსტად ასე დგას, როგორც ხევისბერ გოჩას ათქმევინა ყაზბეგმა:  „მოძმეთა სისხლი ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს, გადაწყვიტე თემო!“ ყველა ქართული თემისა და სრულიად ქართველობის  სახელით ეს საკითხი ჯერ პროკურატურამ და მერე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, საპარლამენტო კომისია აქ სრულიად ზედმეტია!