კონსერვატიული საკითხავი

ვინ ლაპარაკობს ხალხის სახელით?

0
   როდესაც ხალხის უმაღლესი ძალაუფლების საკითხი წამოიჭრება, სანამ მის გაფართოებას ან შეზღუდვას შევეცდებით, საკმაო სიცხადით უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში, თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ ხალხი.
    პირველყოფილ ბუნებაში არ არსებობს ისეთი რამ, როგორიც ხალხია. ადამიანთა რაოდენობას თავისთავად არ გააჩნია გაერთიანების უნარი. ხალხის იდეა არის იდეა კორპორაციისა. ის მთლიანად ხელოვნურია და შექმნილია ყველა სხვა იურიდიული ქმნილების მსგავსად საზოგადოებრივი შეთანხმების საშუალებით. შეთანხმების კონკრეტული ბუნება კი იმ ფორმიდან მოდის, კონკრეტულ საზოგადოებას რომ აყალიბებს. სხვა, რაც არ უნდა იყოს, ხალხის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება. ამიტომ, როცა ადამიანები დაარღვევენ საწყის შეთანხმებასა თუ ხელშეკრულებას, რაც მათ კორპორატიულ ფორმასა და სახელმწიფოს კი სახემწიფოებრივ უნარს ანიჭებს, ისინი აღარ არიან ხალხი; მათ აღარ გააჩნაით კორპორატიული არსებობა; აღარ გააჩნიათ კანონიერი, შემაკავშირებელი ძალა და ვეღარც სხვა ქვეყნებს მიმართავენ, აღიარებისათვის. ისინი გაურკვეველი, დაფანტული ინდივიდების რაოდენობაა და მეტი არაფერი. მათ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. ეჰ! რა იციან თუ რამდენი დამქანცველი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ მანამდე სანამ იმ ჯგუფად ჩამოყალიბდებიან, რომელსაც ჭეშმარიტი, პოლიტიკური სახე აქვს.
     ადამიანებისაგან, ვისაც დასაბუთების სიმტკიცე ღრმა აზროვნებისაგან არ შეუთვისებიათ, ბევრი რამ გვესმის უმრავლესობის ყოვლისშემძლეობაზე და ეს ხდება უძველესი საზოგადოების იმგვარი მოშლისას, საფრანგეთში რომ მოხდა. მაგრამ ასეთ დაშლილ-დაღავებულ ადამიანებში შეუძლებელია იყოს ისეთი რამ, როგორიც უმრავლეობა ან უმცირესობაა; ისიც შეუძლებელია, რომ ერთ რომელიმე ამგვარ პიროვნებას სხვასთან შეკავშირება შეეძლოს. უმრავლესობის საშუალებით მოქმედებს ძალა, რაც, როგორც ჩანს ბატონ თეორეტიკოსებს ასეთი მზადყოფნით შეუთვისებიათ, მას შემდეგ, რაც დაარღვიეს ის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს ძალა წარმოიშვა (თუკი საერთოდ არსებობდა)  უნდა დაეფუძნოს ორ ვარაუდს; პირველი, გაერთიანებას, რაც ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შედეგი იქნება; და მეორე, ერთსულოვან შეთანხმებას, რომ უბრალო უმრავლესობის აქტი (მიღებული თუნდაც ერთი ზედმეტი ხმით) მიღებულ უნდა იქნას მათ მიერ და სხვების მიერაც, როგორც ერთიანი აქტი.
     იმდენად მცირე გავლენას ახდენს ჩვენზე ყოველდღიური მოვლენები, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებას ისე ვიღებთ, როგორც ჩვენი პირველადი ბუნების კანონს: მაგრამ ასეთი კონსტრუქციული მთლიანობა, რაც მხოლოდ ნაწილშია მოქცეული, ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე ქმნილებაა პოზიტიური კანონისა, რაც კი ოდესმე შექმნილა ან შეიძლება შეიქმნას ხელოვნური გაერთიანების პრინციპის თანახმად. სამოქალაქო საზოგადოების მიღმა მდებარე ბუნებამ არაფერი იცის ამის შესახებ; და ვერც თუნდაც სამოქალაქო პრინციპით მოქმედი ადამიანები შეძლებენ დაემორჩილონ მას, ხანგრძლივი ვარჯიშის გარეშე. გონება გაცილებით იოლად ახერხებს უსიტყვოდ გაჰყვეს ქმედებას ერთი ან ორიოდე კაცისა, ვინც საყოველთაო ნდობით აღჭურვილი იღწვის სახელმწიფოსათვის, ვიდრე ხმას სათათბიროებში  მყოფი ადამიანების ძლევამოსილი უმრავლესობისა, როცა თვითეულ კაცს თავისი წვლილი შეაქვს მსჯელობაში, რადგან იქ დამარცხებული პარტია გაღიზიანებული და დაღვრემილია განვლილი კამათითა და მოკვდინებულია საბოლოო მარცხით. ამგვარი გადაწყვეტილებისას, როცა ნება-სურვილები თითქმის ერთნაირია, ვითარებისდა მიხედვით, მცირერიცხოვანი შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს და აშკარა გონიერება მთლიანად ერთ მხარეს იყოს, ხოლო მეორე მხარეს კი _ ოდნავ მეტი ჟინიანი მადა; ყოველივე ეს უნდა იყოს შედეგი ძალზე კონკრეტული და განსაკუთრებული ხელშეკრულებისა, რაც მოგვიანებით განმტკიცებულია ხანგრძლივი ჩვეულებით მორჩილებისა, საზოგადოების ერთგვარი დიციპლინითა და მტკიცე ხელით, ურყევი, გამძლე ძალაუფლებით რომაა აღჭურვილი, რათა ცხოვრებაში გაატაროს ამგვარი, კონსტრუქციული საყოველთაო ნება. რომელიც ის ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია განაცხადოს, რომ კორპორატიული გონი იმდენადაა დადებითი მოწესრიგების საკითხი, რომ მრავალი სახელმწიფო თავისი მრავალი აქტისათვის კანონიერების მისანიჭებლად, ხმათა პროპორციას უფრო მოითხოვს, ვიდრე უბრალო უმრავლესობას. და ეს პროპორციები იმდენად ყოვლისმომცველადაა მართული ჩვეულების ძალით, რომ ზოგ შემთხვევაში საკითხს უმცირესობა წყვეტს. მსჯავრის გამომტანი კანონები მრავალ ქვეყანაში მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე უბრალო უმრავლესობაა; გამამართლებელი განაჩანის გამოსატანად თანატოლ რიცხვზე უფრო ნაკლებია საჭირო. ჩვენი სასამართლოს სხდომებისას საჭიროა ერთხმად გადაწყვეტა მსჯავრის დადებისა თუ გამართლებისა. ზოგ გაერთიანებაში ერთი კაცი ლაპარაკობს ყველას ნაცვლად; სხვებში _ რამდენიმე კაცი. ბოლო დრომდე, პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით, საჭირო იყო გადაწყვეტილების ერთხმად მიღება, რათა კანონიერი ყოფილიყო დიდი ეროვნული საბჭოსა თუ სეიმის, რომელიც გნებავთ, აქტი. ეს კი პირველქმნილ ბუნებასთან უფრო გვაახლოვებს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის ინსტიტუტებთან. ასეთი უნდა იყოს, მართლაც, ყოველი გაერთიანება და არა პოზიტიურ კანონს დაქვემდებარებული, რაღაც რაოდენობის საშუალებით გამოხატავდეს მთელი ორგანიზმის ნებას.
    თუ ადამიანები გააუქმებენ უძველეს გაერთიანებას, რათა გადაასხვაფერონ საზოგადოება, მაშინ თვითეულ კაცს აქვს უფლება, თუკი ინებებს, დარჩეს ინდივიდად. ინდივიდთა ნებისმიერ რაოდენობას, ვინც შეთანხმდება, აქვს ეჭვშეუტანელი უფლება ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და იყოს მთლიანად დამოუკიდებელი. თუკი ვინმეს ძალით შეიყვანენ სხვებში, ეს უკვე დაპყრობა იქნება და არა შეთანხმება. ყოველი პრინციპი, რომელიც საზოგადოებას თავისუფალი პრინციპით მოიაზრებს, ეს ნაძალადევი გაერთიანება ანულირებული და გაუქმებულია.
    რადგან ხალხს არა აქვს უფლება, საყოველთაო თანხმობის გარეშე, გაერთიანების უნარი დაიქადნოს, ასევე არ გააჩნია უფლება ექსკლუზიურად ფლობდეს მიწას კორპორაციის სახელითა თუ ტიტულით. თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნის დღევანდელი მმართველების ვითარებას შევხედავთ, ასეთ გადასხვაფერებულ მდგომარეობაში, მათ არ გააჩნიათ ჩემზე მეტი უფლება საფრანგეთადწოდებულ ტერიტორიაზე. მე მაქვს უფლება კარავი დავცე ნებისმიერ ცარიელ ტერიტორიაზე, რასაც კი მოვძებნი და განვაცხადო უფლება საფრანგეთის ნებისმიერ დაუკავებელ მიწაზე. შემიძლია შევიძინო სახლი ან ვენახი რომელიც გნებავთ კერძო მესაკუთრისა, ვინც უარს განუცხადებს (და კერძო მესაკუთრეთა უმრავლესობა, თუ გაბედავენ, უარს ეუბნებიან) ახალ გაერთიანებას და დავიკავო მისი დამოუკიდებელი ტერიტორია. ვინ არიან ეს კადნიერი ადამიანები ფრანგ ერს რომ უწოდებენ თავის თავს და მთლიანად ისაკუთრებენ ბუნების ამ მშვენიერ ქმნილებას? ნუთუ ასე იმიტომ იქცევიან, რომ გარკვეულ ჟარგონზე ლაპარაკობენ? და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისებურად, ჩემთვის გაუგებრად მეტყველებენ, უფლება ეძლევათ , რომ ჩემს მიწას დაეპატრონონ? ვინ არიან ისინი, ვინც ჯიშითა და წარმოშობით თავს მიაკუთვნებენ გარკვეულ ჯგუფებს  ბანდიტებისა, ფრანკები, ბურგუნდიელები და ვისიგოთები რომ ეწოდებოდათ და ვიზეც შესაძლოა არასოდეს არაფერი მსმენია და თვითონ მათაც, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს, უეჭველად არაფერი სმენია; იმ დროს, როცა თვითონ მეუბნებიან, რომ ადათი და დიდი ხნის მფლობელობა საკუთრებისა არაფერს ნიშნავს? ვინ არიან ისინი, ვინც ბედავენ ამტკიცონ, რომ მიწა, რომელიც შევისყიდე კერძო პირისაგან, ბუნების შვილისაგან და არა გამოგონილი სახელმწიფოსაგან, ეკუთვნის მათ, ვინც თავისი განცხადებიდანვე გამომდინარე, არსებობენ, მხოლოდ როგორც წარმოსახვითი არსებები, საკუთარი ადათის სიქველე რომ უარუყვიათ და დაუკარგავთ? ამგვარი კამათით ყოველ წვრილმანში შევაღწევთ და არავითარ ეჭვს არ დავტოვებთ, რომ მათივე პრინციპებიდან გამომდინარე, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე თავისთვის ადგილის დასაკავებლად რომ დგამენ, ადამიანების ბრბო, სრუტის მეორე მხარეს, თავხედობა რომ ჰყოფნის თავის თავს ხალხი უწოდოს, ვერასოდეს ვერ იქნება კანონიერი, ერთადერთი მესაკუთრე იმ მიწისა. იმით, რასაც აზროვნებას უწოდებენ, წინასწარრწმენის გარეშე, ქვას ქვაზე არ ტოვებენ ადამიანური საზოგადოების შენობიდან. ისინი ამხობენ ყველა, ჯერაც შემორჩენილსა და უკვე დამხობილ ავტორიტეტს.
აბსტრაქტულადაც კი ცხადზე უცხადესია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიღმა უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთობა ვერ იარსებებს და, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში თვითეული კორპორაციის სპეციფიური წესრიგი განაპირობებს იმას, რაც ხალხს აყალიბებს ისე, რომ მათ ქმედებას საყოველთაო ნების მნიშვნელობა ენიჭება: თუ დავკონკრეტდებით, ნათელი გახდება, რომ არც საფრანგეთსა და არც ინგლისში არ არსებობს გამოხატული ან ნაგულისხმევი საწყისი ან საიდანმე გამომდინარე შეთანხმება სახელმწიფოსი, ძალით დანიშნული ადამიანების უმრავლესობის ჩამოყალიბებისა, ვინც მრავალრიცხოვანი თემების სახელით იმოქმედებდნენ. და ვერ ვხედავ ვერც დიდ პოლიტიკასა და ვერც სარგებლიანობას, ისევე როგორც მართებულობას, იმ პრინციპის დადგენაში, რომ ძალით დანიშნულ ადამიანთა უმრავლესობა ჩაითვალოს ხალხად და, რომ მათი ნება, როგორც ასეთი, კანონად ჩაითვალოს. მაშ რა პოლიტიკა უნდა გამოიძებნოს წერიგის დასამყარებლად, მიხედავად ყიველგვარი პოლიტიკური პრინციპებისა? იმისათვის, რომ შევაძლებინოთ ადამიანებს იმოქმედონ ხალხის ხასიათითა და კომპეტენციით და უპასუხონ იმ მიზნებს რისთვისაც ერთსულოვნად მინიჭებიათ კომპეტენცია, უნდა ვივარაუდოთ, რომ (უშუალო ხერხებითა თუ შედეგობრივით) დარჩებიან ადათობრივ სოციალურ წესრიგში, სადაც უფრო ბრძენი, უფრო მცოდნე და უფრო შემძლებელი მართავს, მართვით გაანათლებს და იღბლის წყალობით დაიცავს უფრო სუსტს, ნაკლებად მცოდნესა და ნაკლებად უზრუნველყოფილს. მაგრამ როდესაც ბრბო არ არის ამგვარად მოწესრიგებული, გაძნელდება ამ ადამიანებზე ითქვას, სამოქალაქო საზოგადოებაში არიანო. ერთხელ და სამუდამუდ დაადგინეთ კონსტიტუცია საგნებისა, რაც უზრუნველყოფს პირობებისა და ვითარებათა მრავალფეროვნებას სახელმწიფოში და გაჩნდება პრიციპი ბუნებასა და აზროვნებაში, მათივე სარგებლიანობისათვის რომ დაუქვემდებარებს, არა ინტერესებს, არამედ განსჯას იმათი, ვინც არიან ნუმერო პლურეს*  იმათ, ვინც არიან ვირტუე ეტ ჰონორე მაჯორეს*. რაოდენობა სახელმწიფოში (ვიგულისხმოთ არსებული სახელმწიფო და არა საფრანგეთი) ყოველთვის
*მრავალნი რიცხვით, *უფრო დიდნი სიქველითა და ღირსებით
გასათვალისწინებელია, მაგრამ მხოლოდ რაოდენობა არ არის ანგარიშგასაწევი. ეს უფრო სერიოზული რამ არის ვიდრე თეატრალური წარმოდგენა, რომ შეიძლებოდეს ითქვას სატის ესტ ექუიტატემ მიჰი პლაუდერე.*
       ჭეშმარიტ ბუნებრივ არისტოკრატიას არც სახელმწიფოს შიგნით აქვს (განსაკუთრებული) ინტერესი და არც მის გარეთ. ბუნებრივი არისტოკრატია არსებითი და განუყოფელი, სწორად აგებული ნაწილია ნებისმიერი დიდი სხეულისა. ის დაფუძნებულია გარკვეულ კანონიერ საფუძვლებზე, რაც ზოგადად აღებულ რეალურ სიმართლედ უნდა ჩავთვალოთ. მისი მოდგმა უნდა მომდინარეობდეს პატივისცემით მოცული გარემოდან; მისი თვალი ყრმობიდანვე მოცილებული უნდა იყოს მდაბალსა და ბინძურს; შეთვისებული უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის პატივისცემა; მიჩვეული უნდა იყოს საზოგადოების ფხიზელ ზედამხედველობას; ადრეული ასაკიდან უნდა ითვალიწინებდეს საზოგადოების აზრს; ისეთ ამაღლებულ ადგილზე უნდა იდგეს, რომ შეეძლოს გარკვევით აღიქვამდეს ფართოდ გაშლილსა და უსაზღვროდ მრავალფეროვან საზოგადოებაში მიმდინარე ადამიანებისა და მოვლენების კომბინაციებს; უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო კითხვის, განსჯისა და სუბრისათვის; უნდა შეეძლოს ყველგან ქება დაიმსახუროს ბრძენთა და განსწავლულთა; დაუფლებული უნდა იყოს იარაღს; უნდა შეეძლოს ბრძანება და მორჩილება; მიჩვეული უნდა იყოს არად ჩააგდოს საფრთხე, როცა საქმე ღირსებასა და მოვალეობას ეხება; უნდა იყოს უკიდურესად ფხიზელი და წინდახედული, მაშინ, როცა დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და უმცირესი შეცდომაც კი დიდად დამანგრეველ შედეგებს გამოწვევს;  მოქმედებისას ფრთხილი და წესრიგიანი უნდა იყოს და შეგნებული ჰქონდეს, რომ თავის თანამოქალაქეთა ხელმძღვანელია და მათზე უდიდესი მზრუნველობა ევალება; მოქმედებდეს როგორც შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის; საქმიანობდეს როგორც კანონისა და სამართლის გამტარებელი და ამდენად კაცობრიობის ერთ-ერთი უპირველესი კეთილისმყოფელი; იყოს პროფესორი უმაღლეს მეცნიერებაში თუ ლიბერალურსა და დახვეწილ ხელოვნებაში; იყოს ერთ-ერთი უმდიდრესი ვაჭარი, ვინც წარმატებას აღწევს, რადგან გამჭრიახი, ენერგიული და მიმხვედრია და ფლობს სიქველეს სიბეჯითისა, წესრიგისა, მდგრადობისა და სისტემატურობისა და შეთვისებული უნდა ჰქონდეს პატივისცემა შემწყნარებლური სამართლისა. ასეთია მდგომარეობა ადამიანებისა, რომელთაც ბუნებრივ არისტოკრატიას ვუწოდებ და რომელთა გარეშეც არ არსებობს ერი.
 არისტოკრატიის წარმომშობი სამოქალაქო საზოგადოების აღნაგობა გახლავთ აღნაგობა ბუნებისა და გაცილებით უფრო ჭეშმარიტი, ვიდრე ველური და არეულ-დარეული სახე ცხოვრებისა. ადამიანი ბუნებით კეთილგონიერია, მაგრამ მხოლოდ მაშინაა თავის სრულყოფილ მდგომარეობაში, როცა იქ მოხვდება, სადაც გონიერება ყველაზე მეტადაა დახვეწილი და გაბატონებული. ხელოვნება ადამიანის ბუნებაა; და მაინც, ბუნებრივ მდგომარეობაში ჩამოყალიბებული კაცობრიობისათვის, ნორჩი და უძლური ყრმა ვართ. იმგვარად მომზადებული ადამიანები აქ რომ აღვწერე, ყალიბდებიან ბუნებაში, რადგან ბუნება მოქმედებს საზოგადოების საერთო გარდაქმნებში, როგორც მოწინავე, წარმმართველი და ხელმძღვანელი ნაწილი. ის არის სული სხეულისა, რის გარეშეც ადამიანი არ არსებობს. ამიტომ თუ ამგვარ ადამიანებს იმაზე ნაკლებ მნიშვნელობას მივანიჭებთ სოციალურ წესრიგში ვიდრე მრავალიცხოვან კავშირებს, საშინელი უზურპაცია მოხდება.
    როცა მრავალიცხოვანი ბრბოები ერთად მოქმედებენ ბუნების ამგვარ წესრიგში, მე ვცნობ ხალხს. ვაღიარებ იმას, რაც ალბათ ათანასწორებს და ყოველთვის უნდა წარმართავდეს ყრილობის ძალაუფლებას. ეროვნული ჰარმონიის ქოროს ყველა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მძლავრი და გადამწყვეტი გავლენა. მაგრამ როდესაც დაარღვევ ამ ჰარმონიას, აურ-დაურევ ამ მშვენიერ წესრიგს, სიმართლისა და ბუნების შესაბამისობას, შესაბამისობას ტრადიციისა და ადათისა, განაცალკევებ უბრალო ადამიანებს მათთვის შესაფერისი სარდლებისაგან და მტრულ არმიად გადააქცევ, უკვე ვეღარ ვცნობ, დაღავებულ დოღში დეზერტირებისა და მაწანწალებისა, იმ დარბაისელ ობიექტს ხალხი რომ ეწოდება. გარკვეული დროის მანძილზე ისინი მართლაც საშიშნი არიან, ისე, როგორც ველური მხეცები არიან საშიშნი. ამ დროს გონება ვალდებული აღარ არის მათ დაემორჩილოს. ისინი, როგორც ყოველთვის ეწოდებოდათ, აჯანყებულები არიან. შეიძლება რომ კანონიერად ებრძოლო მათ და დაიმორჩილო იმ გზით, რომელსაც უკეთესად ჩათვლი. მათ, ვინც შეეცდება ძალმომრეობით დაანგრიონ ბუნებრივი წესრიგი ცხოვრებისა და ადამიანებს კანონის დარღვევით წაართვას უპირატესობა, რასაც კანონიერად ფლობენ, ომი გამოუცხადე!
*ეს ჩემთვის საკმარისია, რომ ტაში დავუკრა სამართალს.
ედმუნდ ბერკი (1729 – 1797) ირლანდიური წარმოშობის დიდი ინგლისელი პოლიტიკოსი და მოაზროვნეა. იგი სამართლიანად ითვლება კონსერვატული ფილოსოფიის ფუძემდებლად.
საფრანგეთის რევოლუციის დაწყებისთანავე, როცა ვიგების პარტია ორად გაიყო რევოლუციის შეფასებისას, ბერკმა გამოაქვეყნა “მიმართვა ძველი ვიგებისა ახლებისადმი” (1791), საიდანაცაა აღებული წინამდებარე ნაწყვეტი.