ამერიკელი პოლიტიკოსი, ყოფილი კონგრესმენი ტეხასის შტატიდან – რონ პოლი.
2022 წლის 23 ნოემბერი
გასულ კვირას, მსოფლიო ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე იდგა, რადგან ამერიკული ფინანსებით ზურგგამაგრებულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო ნატოს სამხედრო მოქმედების დაწყებისკენ მოუწოდა.
„რუსეთმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ეს სიტუაციის გამწავავებაა. ამ ქმედებას პასუხი უნდა გაეცეს”, – განაცხადა ზელენსკიმ მომხდარი აფეთქებისთანავე.
თუმცა აქ ერთ “პრობლემას” ვაწყდებით. რაკეტა უკრაინის კონტროლირებული ტერიტორიიდან გაისროლეს. სავარაუდოდ, შემთხვევით, ბრძოლის ველზე სრული გაურკვევლობისა და დაბნეულობის გამო. ეს რომ ნამდვილად რუსეთის ნამოქმედარი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებოდით.
თუმცა თუ ზელენსკის უშინაარსო რიტორიკას გავითვალისწინებთ, მას ცეცხლში გახვეული სამყაროს პერსპექტივა არ ანაღვლებს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკული მასმედია, ბაიდენის ადმინისტრაცია და კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლები წმინდანად მიიჩნევენ, ამჯერად რაღაც უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკან დაიხია. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მაღალჩინოსნებმა ზელენსკის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ინფორმაცია ვრცელდება, რომ ზელენსკის ზარს საბოლოოდ პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა უპასუხა და მას „ფრთხილი“ განცხადებების გაკეთება ურჩია, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პოლონეთში რაკეტები რუსეთმა ჩამოაგდო.
ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი დაჟინებული მოთხოვნა, თითქოს რუსეთმა ნატოს წევრ პოლონეთს რაკეტები ესროლა, საჯარო დისკუსიის თემად აქცია. ვაშინგტონის პოზიციის შემდეგ, რომელიც ზელენსკის განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა საბოლოოდ უკან დაიხია.
ბაიდენის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ მას – „ზელენსკის პრობლემა“ შეექმნა.
მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა რაკეტის გასროლის ადგილმდებარეობის შესახებ კარგად იცოდნენ. საომარი მოქმედებების ზონაში ამერიკელთა უზარმაზარ სადაზვერვო შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ვაშინგტონმა იცოდა, რომ რაკეტები რუსეთს არ გაუსვრია. ზელენსკის განცხადებები კი აზრს მოკლებული ჩანდა. და ამას პირველად, აშშ-მა დაუსვა წერტილი.
ამ სახიფათო ეპიზოდმა კონსერვატორებში პროტესტი გამოიწვია. წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, მარჯორი ტეილორ გრინმა, განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდობით აშშ დოლარის განკარგვის შემოწმებას მოითხოვს. სავარაუდოდ, კიევი კიდევ 50 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. ამჟამად რეზოლუციას თერთმეტი ადამიანი უჭერს მხარს.
წარმომადგენლობითი პალატის კიდევ ერთმა წევრმა, რესპუბლიკელმა პოლ გოსარმა, ვაშინგტონი, რომელიც კიევს ფინანსურად უზრუნველყოფს, „ფულის გათეთრებაში“ დაადანაშაულა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეებში FTX-ის გარშემო აგორებულ სკანდალს, რომელიც შესაძლო პოლიტიკურ კორუფციაზე მიუთითებს, მისი განცხადებები აზრს მოკლებული არ უნდა იყოს.
როდესაც სენატორმა რენდ პოლმა უკრაინის დახმარების მასშტაბურ პაკეტში ცვლილების შეიტანა, და აუდიტირება მოითხოვა, დასცინეს და გააკრიტიკეს. დაახლოებით შვიდი თვის თავზე კი, მისი პოზიცია გაცილებით მისაღები აღმოჩნდა, რაც ნამდვილად შესანიშნავია.
როდესაც უკრაინის ომის ისტერია დასრულდება – როგორც კოვიდისტერია დასრულდა – ბევრად უფრო მეტი ამერიკელისთვის ნათელი გახდება, რომ ამ ყველაფერმა აბსოლუტური ფიასკო განიცადა. როდესაც რესპუბლიკელები იანვარში წარმოამდგენლობით პალატას დაიკავებენ, იმედია ამ პროცესის დაჩქარებას ხელს შეუწყობენ!