ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა
ავტორი დუგლას მაკგრეგორი
სანამ მოსკოვთან, რომელსაც უკრაინაში ეგზისტენციალური სამხედრო საფრთხე ემუქრება, დაპირისპირებას გადაწყვეტდა, ვაშინგტონმა შეზღუდა ამერიკული სამხედროების გამოყენება იმ კონფლიქტებში, რომლებშიც შეიძლება ამერიკელები დამარცხებულიყვნენ. განვითარებადი სამყაროს სუსტ ქვეყნებთან გაჩაღებული ომები, საიგონით დაწყებული, ბაღდადით დამთავრებული, ამერიკელი სამხედროებისთვის ან შეერთებული შტატებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამჯერად – პროქსი ომი რუსეთთან – ყველაფერი სხვაგვარადაა.
იმედებისა და მოლოდინების მიუხედავად, რუსეთი არც შიგნიდან ჩამოიშალა და არც რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით კოლექტიური დასავლეთის მოთხოვნებს დაჰყვა. ვაშინგტონმა ვერ შეაფასა რუსული საზოგადოების ერთსულოვნება, მისი ლატენტური სამხედრო პოტენციალი და შედარებითი იმუნიტეტი დასავლეთის ეკონომიკური სანქციების მიმართ.
შედეგიც სახეზეა. ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული პროქსი ომი კრახს განიცდის. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უჩვეულოდ გულწრფელი იყო უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე, შეკრებილ მოკავშირეებს განუცხადა: „აქ შესაძლებლობების ფანჯარა გვაქვს, დღეიდან გაზაფხულამდე“, ვაღიაროთ, „ეს დიდი დრო არ არის“.
პრეზიდენტ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი და არაოფიციალური „სპინმაისტერი“ (ე.წ. ინფორმაციის გამხმოვანებელი, რომელსაც პოლიტიკური მიზნების იმპელემენტაციისთვის სპინის (იდეოლოგია) წარმოჩენა ევალება) ოლექსი არესტოვიჩი უფრო პირდაპირი იყო. ადრე ამბობდა, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეეძლო, ახლა კი ეჭვობს გაუძლებს თუ არა უკრაინა ამ ომს. მნიშვნელოვანმა დანაკარგებმა – სულ მცირე 150 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 35 ათასი უგზო-უკვლოდ გაქრა, სავარაუდოდ, დაიღუპა – ძალიან დაასუსტა უკრაინული სამხედრო მანქანა. შედეგად, მისი თავდაცვითი პოზიცია მყიფე გახდა, რომელიც დიდი ალბათობით, ვერ გაუძლებს მომდევნო კვირებში რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის სიმძიმეს და ჩამოიშლება.
უკრაინამ დიდძალი სამხედრო ტექნიკა დაკარგა. განადგურებულია ათასობით ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, საარტილერიო სისტემები, საჰაერო თავდაცვის პლატფორმები და ყველა კალიბრის მქონე იარაღი. იმ დროს, როცა რუსულ საარტილერიო სისტემებს ერთ დღეში თითქმის 60 ათასი ყველა ტიპის რაკეტის, რეაქტიული ჭურვის, უპილოტო საფრენი აპარატისა და მყარჯავშნიანი ვაზნის გასროლა შეუძლიათ, უკრაინული ძალები რუსულ ზალპებს დიდი გაჭირვებით პასუხობენ და დღეში 6 ათასს გასროლას ახერხებენ. ახალი პლატფორმისა და ამუნიციის პაკეტებმა, რომლებიც უკრაინისთვის დაამტკიცეს, შეიძლება ვაშინგტონის ელიტა გაამდიდროს, მაგრამ ამ მდგომარეობას ვერ შეცვლის.
მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონის იმედგაცრუება, რომელიც კოლექტიური დასავლეთის წარუმატებლობას უკავშირდება, უკრაინის დამარცხებას შეაჩერებს, რაც სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. სინამდვილეში, იმედგაცრუებას სასოწარკვეთილება ანაცვლებს.
მაიკლ რუბინმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში ამერიკის პერმანენტულ საბრძოლო მოქმედებებს აქტიურად უჭერდა მხარს, თავისი იმედგაცრუება სტატიაში – „1945“ – გამოთქვა: „თუ მსოფლიო რუსეთს უნიტარულ სახელმწიფოდ დარჩენის საშუალებას მისცემს და თუ პუტინიზმს საშუალებას მისცემს პუტინს არსებობა გაუხანგრძლივოს, მაშინ უკრაინას საშუალება უნდა მისცენ შეინარჩუნოს თავისი ბირთვული შეკავება, მიუხედავად იმისა, გაწევრიანდება თუ არა ნატოში“. ერთი შეხედვით, ეს წინადადება ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, თუმცა ზუსტად ასახავს ვაშინგტონის წრეებში არსებულ შიშს, რომელიც უკრაინის გარდაუვალ დამარცხებას უკავშირდება.
ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთის დასასუსტებლად ვაშინგტონის წამოწყებული ჯვარონსული ლაშქრობის მიმართ ერთიან პოზიციებს არაოსოდეს აფიქსირებდნენ. უნგრეთისა და ხორვატიის მთავრობები ევროპულ საზოგადოებაში არსებულ ოპოზიციურ განწობებს გამოხატავენ, რაც რუსეთთან ომს უკავშირდება. ისინი არც ვაშინგტონს უჭერენ მხარს, რომელსაც უკრაინის მოსალოდნელი დამარცხების გადადება სურს.
ბერლინმა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელ ხალხს თანაუგრძნობს, უკრაინის სახელით მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ტოტალურ ომს. დღესდღეობით გერმანელებიც შეშფოთებული არიან თავიანთი შეიარაღებული ძალების კატასტროფული მდგომარეობით.
გერმანიის საჰაერო ძალების გადამდგარმა გენერალმა (ოთხი ვარსკვლავის ექვივალენტურია) და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჰერალდ ქუჯატმა, მკაცრად გააკრიტიკა ბერლინი იმის გამო, რომ ვაშინგტონს უფლება მისცა გერმანია რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთო და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გერმანელმა პოლიტიკოსებმა გერმანია მიზანმიმართულად განაიარაღეს და ამით ბერლინს ევროპაში ავტორიტეტი ან სანდოობა დაუკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთავრობა და მედია ქუჯატს აქტიურად ბლოკავს, მისი კომენტარები დიდ გამოხმაურებას პოულობს გერმანელ ამომრჩეველში.
ფაქტია, რომ რუსეთთან პროქსი ომში გამარჯვების მცდელობის უზრუნველყოფით, ვაშინგტონი ისტორიულ რეალობას უგულებელყოფს. მე-13 საუკუნიდან მოყოლებული უკრაინა იყო რეგიონი, რომელიც სხვადასხვა დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოების – ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია თუ რუსეთი – ბატონობის ქვეშ იყო.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პოლონეთს დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს შექმნით ბოლშევიკური რუსეთის დასუსტება სურდა, პოლონელთა გეგმები ჩაიფუშა. დღეს რუსეთს კომუნისტები აღარ მართავენ და არც მოსკოვი ცდილობს პოლონეთის სახელმწიფოს განადგურებას როგორც ამას ტროცკი, ლენინი, სტალინი და მათი მიმდევრები აკეთებდნენ 1920 წელს.
მაშ, რა მიზნები ამოძრავებს ვაშინგტონს, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომი გააჩაღა? ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
1941 წლის 7 დეკემბერს, კვირა დღეს, აშშ-ის ელჩი დიდი ბრიტანეთში ავერელ ჰარიმანი პრემიერ-მინისტრ სერ უინსტონ ჩერჩილთან ერთად მის სახლში სადილობდა, როდესაც „ბიბისიმ“ (BBC) გადმოსცა, რომ იაპონელები პერლ ჰარბორში შეერთებული შტატების საზღვაო ბაზას დაესხნენ თავს. მომხდარით შეძრწუნებულმა ჰარიმანმა უბრალოდ გაიმეორა სიტყვები: „იაპონელებმა პერლ ჰარბორი დაბომბეს“.
ჰარიმანს არ უნდა გაკვირვებოდა. რუზველტის ადმინისტრაციამ ამისთვის პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. აშშ-ის მტრულმა პოლიტიკამ, რომელმაც კულმინაციას 1941 წლის ზაფხულში მიაღწია, როდესაც ვაშინგტონმა ნავთობზე ემბარგო დააწესა, ტოკიოს წყნარ ოკეანეში ამერიკელი სამხედროების დაბომბვისკენ უბიძგა.
ვაშინგტონს მეორე მსოფლიო ომში დროის განაწილებისა და მოკვაშირეების მხრივ გაუმართლა. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა. ვაშინგტონი და მისი ნატოელი მოკავშირეები მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს, რუსეთის ფედერაციის განადგურებასა და დაშლას, ასევე რუსეთსა და უკრაინაში მილიონობით ადამიანის ამოხოცვას.
ვაშინგტონი ემოციებს ავლენს. იგი არ ფიქრობს და აშკარად მტრულად არის განწყობილი ემპირიზმისა და ჭეშმარიტების მიმართ. არც ჩვენ და არც ჩვენი მოკავშირეები მზად არ ვართ რუსეთთან ტოტალური ომის საწარმოებლად, როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური მასშტაბით. თუ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ომი დაიწყო, ამერიკელებს არ უნდა გაუკვირდეთ. ბაიდენის ადმინისტრაცია და ვაშინგტონში მოკალათებული მისი მხარდამჭერები ორივე პარტიიდან ყველაფერს აკეთებენ ომის დასაწყებად.
გადამდგარი ამერიკელი პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი The American Conservative-ის უფროსი მეცნიერთანამშრომელია. იგი ტრამპის ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის მრჩევლად მსახურობდა. ომის ვეტერანი დუგლას მაკგრეგორი არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელი და ხუთი წიგნის ავტორია.
წყარო: https://is.gd/7orCAR