პოლიტიკასხვადასხვა

ვაშინგტონი უკრაინის ტანჯვას ახანგრძლივებს – დუგლას მაკგრეგორი

0

ვაშინგტონი არ აღიარებს უკრაინაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რუსეთის ლეგიტიმურ ინტერესებს და უარს ამბობს მოლაპარაკებებით ომის დასრულებაზე. ვაშინგტონის პოლიტიკა აჭიანურებს კონფლიქტს და ადამიანებს ტანჯვას უხანგრძლივებს.
29 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის ეროვნული თავდაცვის ვიცე-მინისტრმა, მარჩინ ოჩეპამ, განაცხადა: „ომის ალბათობა, რომელშიც ჩავერთვებით, ძალიან დიდია. ალბათობა იმაზე დიდია, რომ ეს სცენარი მხოლოდ ჰიპოთეტურად განვიხილოთ“. 2023 წელს, სავარაუდოდ, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტო რამდენიმეკვირიანი სამხედრო მომზადების მიზნით 200,000 რეზერვისტის გამოძახებას გეგმავს, თუმცა ვარშაველი დამკვირვებლები ეჭვობენ, რომ ეს ნაბიჯი ეროვნულ მობილიზაციას გამოიწვევს.
ამავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაციაში იზრდება შეშფოთება, რომ უკრაინის სამხედრო მანქანა რუსეთის შეტევის სიმძიმეს ვერ გაუძლებს და დაიშლება. ადმინისტრაციის შიში გამართლებულია, რადგან სამხრეთ უკრაინაში მიწა იყინება. ინტერვიუში, რომელიც Economist-მა გამოქვეყნა, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, რუსული მობილიზაციისა და ტაქტიკის ეფექტურობა აღიარა და მიანიშნა კიდეც, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა ვერ გაუძლონ რუსეთის მოსალოდნელ თავდასხმას.
ამის მიუხედავად, ზალუჟნიმ კონფლიქტის მოლაპარაკებებით დარეგულირების ნებისმიერი საშუალება უარყო და სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტი შეიარაღება და მხარდაჭერა ითხოვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური დაჟინებით ამტკიცებდა, რომ 300 ახალი ტანკით, 600-700 ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანითა და 500 ახალი ჰაუბიცით რუსეთს დაამარცხებდა. სიმართლე გითხრათ, გენერალი ზალუჟნი დახმარებას კი არა, ახალ არმიას ითხოვს. სწორედ აქ იმალება უდიდესი საფრთხე ვაშინგტონისა და მისი ნატოელი მოკავშირეებისთვის.
როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ჩიხში ექცევა, დიადი საქმის ჭეშმარიტი ადეპტები ყოველთვის ოსტატურად ამოდიან იდეოლოგიური თვითმოტყუების ჭიდან, რათა საბოლოო ბრძოლისთვის ძალები მოიკრიბონ. ბლინკენი, კლეინი, ოსტინი და ომის სხვა მომხრეები კიევს, დაუსრულებელ დამხარებას პირდებიან, მიუხედავად იმისა რა ფასი დაუჯდება ეს ამერიკას. ისინი მზად არიან, რომ რეალიზმი სასურველ შეხედულებებს შესწირონ, დატკბნენ საჯაროობითა და საკუთარი თავის რეკლამირებით.
ეს სპექტაკლი საშინლად მოგვაგონებს დაახლოებით 60 წლის წინანდელ მოვლენებს, როდესაც ვაშინგტონმა ვიეტნამში მარცხი განიცადა. სკეპტიკოსები ჯონსონის ადმინისტრაციაში, რომლებიც საიგონის განადგურებისგან გადასარჩენად სამხედრო ჩარევას უჭერდნენ მხარს, მიიმალნენ. 1963 წელს ვაშინგტონს ვიეტნამში 16,000 სამხედრო მრჩეველი ჰყავდა. იდეაზე, რომლის თანახმადაც აშშ მხარს უჭერდა სამხრეთი ვიეტნამის მთავრობას, რომელიც სავარაუდოდ ვერ დაამარცხებდა ჩრდილოეთ ვიეტნამს, უარი თქვეს. სახელმწიფო მდივანმა, დინ რასკმა, განაცხადა: „მანამდე არ გამოვალთ, სანამ ომს არ მოვიგებთ“.
1965 წლის გაზაფხულზე ამერიკელი სამხედრო მრჩევლები უკვე იღუპებოდნენ. გენერალმა უესთმოლენდმა, რომელიც იმჟამად ვიეტნამში შეერთებული შტატების არმიას მთავარსარდლობდა, პრეზიდენტ ჯონსონს განუცხადა: „სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ შეერთებული შტატები სამხრეთი ვიეტნამის განადგურებას ვერ შეაჩერებს… ჩრდილოეთ ვიეტნამი უკანასკნელ ძალებს მოიკრებს და უკან არ დაიხევს… სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის თხოვნით გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ რაც შეიძლება მალე 125,000 ამერიკელი ჯარისკაცი ბრძოლაში ჩერთოს, რათა კომუნისტებმა ხელისუფლება არ ჩაიგდონ ხელში“.
ზელენსკის რეჟიმის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის უპირობო მხარდაჭერა სტრატეგიულ გარდამტეხ მომენტს უახლოვდება, რომელიც 1965 წელს გატარებული ჯონსონის პოლიტკური კურსისგან არ განსხვავდება. 1964 წელს ჯონსონმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობა და უსაფრთხო გარემო შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდა. უკრაინასთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციაც მსგავს არგუმენტს იშველიებს. სამხრეთ ვიეტნამის მსგავსად უკრაინაც მარცხდება რუსეთთან ომში.
უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც სამხრეთ უკრაინაში რუსებს წინააღმდეგობას უწევენ, მამაცი ადამიანები არიან და არა სულელები. თერმოპილეს ბრძოლაში სპარტელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მაინც დაიღუპნენ. უკრაინაში საავადმყოფოები და მორგები სავსეა დაჭრილი და მომაკვდავი უკრაინელი ჯარისკაცებით. არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ ბაიდენი მალე  ტელევიზორში გამოჩნდება, ჯონსონის 1965 წლის წარმოდგენას გაიმეორებს და სიტყვა „სამხრეთ ვიეტნამს“ „უკრაინით“ შეცვლის.
ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, ამ ღამით მინდა გესაუბროთ თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და უკრაინელი ხალხის მიერ გამარჯვებისთვის დაწყებულ ბრძოლაზე. სხვა საკითხი ჩვენს ხალხს ასე არ აწუხებს. არცერთი სხვა ოცნება ასე არ შთანთქავს უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს… თუმცა, მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ნატო თავს უნდა დაესხას რუსეთს. პირიქით, წინადადებით გამოვდივარ, რომ უკრაინაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით, გაიგზავნოს კოალიცია, რომელიც ამერიკელი, პოლონელი და რუმინელი სამხედროებით დაკომპლექტდება, რათა „ფრენის აკრძალული ზონის“ სახმელეთო ექვივალენტი შეიქმნას. ჩემი შემოთავაზებული მისია მშვიდობიანია. დასავლეთ უკრაინის უმეტეს ნაწილში შეიქმნას უსაფრთხო ზონა უკრაინელი სამხედროებისა და ლტოლვილებისთვის, რომლებიც რუსეთის გამანადგურებელი თავდასხმების შემდეგ გადარჩენისთვის იბრძვიან…
მიმდინარე კატასტროფის ჰეროიკული რიტორიკით შეფუთვა უკრაინელებს ვერ გადაარჩენს. ეს ომი „მოვალეობის შეგრძნების“ ფანტაზია არ არის. ეს არის ადამიანური ტრაგედიის განვითარება, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების სურვილმა გამოიწვია. ომით დაზარალებული ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში არ ცხოვრობენ. ისინი იმ რეგიონში ცხოვრობენ, რომელსაც ამერიკელთა უმეტესობა რუკაზეც კი ვერ იპოვნის. ვაშინგტონი უკრაინელებს ბრძოლისკენ მოუწოდებდა, ახლა კი მისი შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდოს.
უკრაინაში ომთან დაკავშირებით ნატოს წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული აზრი მუსირებს. პოლონეთისა და შესაძლოა რუმინეთის გარდა, ნატოს არც ერთი წევრი არ ჩქარობს უკრაინაში თავიანთი სამხედრო ძალების მობილიზებას, რათა რუსეთთან, მის გამოსაფიტად ხანგრძლივი და დამღლელი ომი აწარმოოს. ლონდონში, პარიზში ან ბერლინში არავის სურს მოსკოვთან ბირთვული ომის დაწყება. ამერიკელები რუსეთთან ომს მხარს არ უჭერენ. ამ ომს ემხრობიან მხოლოდ იდეოლოგები, ზედაპირული პოლიტიკური ოპორტუნისტები ან ხარბი კონტრაქტორები თავდაცვის სფეროდან.(იარაღის მწარმოებლები)
როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია საბოლოოდ დატოვეს, შეერთებულ შტატებში ფიქრობდნენ, რომ ვაშინგტონი უფრო თავშეკავებული გახდებოდა, ამერიკის ძალაუფლების გავრცელების საზღვრებს აღიარებდა და ნაკლებად მილიტარისტულ და მეტად რეალისტურ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა. ამერიკელები მაშინ შეცდნენ, თუმცა ახლა ამერიკელებმა და ევროპელებმა იციან, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს უკრაინაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რუსეთის ლეგიტიმურ ინტერესებს და უარს ამბობს მოლაპარაკებებით ომის დასრულებაზე. ვაშინგტონის პოლიტიკა აჭიანურებს კონფლიქტს და ადამიანებს ტანჯვას უხანგრძლივებს.

წყარო: https://is.gd/7FGcaC