განახლება: კონსერვატიულ პორტალზე “საქართველო უპირველეს ყოვლისა,” აღნიშნული სტატია ჯერ კიდევ გასული წლის 28 ნოემბერს, კანონპროექტის ინიცირებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნდა. სამწუხაროდ საკითხზე არ წყდება უარგუმენტო სპეკულაციები. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ მკითხველს, დავით ქართველიშვილის სტატიას, რომელშიც განხილულია აშშ-ში მოქმედი კანონი.
ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში – ღია, გამჭირვალე, საპარტნიორო ურთიერთობების დამყარებისთვის, ეს უკანასკნელი ჯერჯერობით მზად არ არის. ყოველ შემთხვევაში, აშშ-ის ამჟამინდელი ელჩის დონეზე ეს პროცესი აშკარად შეფერხებულია. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან აშშ-ს ელჩთან პირდაპირი, თანასწორუფლებიანი დიალოგის მცდელობაც კი – რატომღაც დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ქართველი დეპუტატების ერთი ჯგუფის მიერ ასეთი კომუნიკაციის დამყარების ყოველ ჯერზე, ქალბატონი კელი დეგნანი სამწუხაროდ კარგავს მიუკერძოებლობას თავის ქართველ ოპონენტებთან საუბარში და ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი პოლიტიკური მხარის ისეთ ლექსიკასა და რიტორიკას მიმართავს, როგორიც არის „ФСБ-სა და კრემლის სახელმძვანელოების“ მეთოდოლოგია და ა.შ. ამ ეპითეტებს ქალბატონი ელჩი მიმართავს იმ შემთხვევებშიც, როდესაც საუბარი ეხება ძალზე საინტერესო და საქართველოსთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელთა შთაგონების წყაროს არა კრემლი, არამედ ამერიკის საკანონმდებლო ბაზა წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველას სთავაზობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში თავისუფალი და გამჭირვალე თამაშის წესებს, მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ახდენენ ამ წესების უხეშ იგნორირებას და თავის საქმიანობას მართავენ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი მდგრადობის შესუსტების მიზნით, ერთი ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დაკვეთით და მისი დაფინანსებით. ამ ბოროტებასთან ბრძოლის თეორიული გამოცდილების მოპოვების ფარგლებში მაინც, მინდა გავაზიარო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი აშშ-ს ფედერალური კანონი. 1938 წლიდან აშშ-ს სამართლებრივ სივრცეში მოქმედებს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც არეგულირებს ქვეყნის შიგნით რომელიმე უცხო ქვეყნის ინტერესების მატარებელი პირების საქმიანობის წესებს. აღნიშნული კანონი ავალდებულებს პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობების, პარტიებისა თუ ცალკეული ორგანიზაციების ინტერესებს წარმოადგენენ და მათი მხრიდან იღებენ დაფინანსებას – გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია და აწარმოონ რეგულარული ანგარიში თავისი საქმიანობის თაობაზე.
აშშ-ში აღნიშნულ ორგანიზაციებზე რეგისტრაციას და მონიტორინგს აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის კონტრდაზვერვის სამმართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის განყოფილება. კანონის მიხედვით, ე.წ. „უცხოურ პრინციპალს“ წარმოადგენენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები: ასოციაციები, კორპორაციები, ორგანიზაციები, ფიზიკურ პირთა ნებისმიერი ერთობლიობა და ა.შ. „უცხოური პრინციპალის“ მცნება ეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ სამთავრობო წარმომადგენლობას, პოლიტიკურ პარტიას, უცხო ქვეყნის კერძო პირს, პირთა ერთობლიობას, ასოციაციას და ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, ხოლო რეგისტრირებულია და თავის საქმიანობას ახორციელებს აშშ-ში.
„უცხოური პრინციპალის აგენტს“ წარმოადგენს ნებისმიერი პირი (წარმომადგენელი, თანამშრომელი, მოსამსახურე), რომელიც მოქმედებს „უცხოური პრინციპალის“ ბრძანების, თხოვნისა და საქმიანობის მიმართულების მიმცემი მითითებების თანახმად. აღნიშნული მოთხოვნა განსახილველი კანონის მიხედვით, ვრცელდება აშშ-ს მოქალაქეზეც, მაგალითად თუ აშშ-ს მოქალაქე საქართველოს რომელიმე სამთავრობო ან არასამთავრობო სტრუქტურებთან შეთანხმებით, ავრცელებს აშშ-ს მედიასივრცეში სტატიებს საქართველოს ინტერესებში შემავალ თემატიკაზე – იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს, როგორც „უცხოური პრინციპალის აგენტი“.
აგენტის ანგარიშვალდებულება კანონის მიხედვით მოიცავს: პოლიტიკურ საქმიანობას, მედიასაშუალებებთან და საზოგადოებასთან კავშირებს, საინფორმაციო მომსახურებას, პოლიტიკურ კონსულტირებას, ფინანსური საშუალებების შეგროვებასა და გაცემას, „უცხოური პრინციპალის“ ინტერესების წარდგენას აშშ-ს ნებისმიერი საჯარო მოხელეებისა და უწყებების წინაშე. „ანგარიშვალებულების საქმიანობის“ ქვეშ იგულისხმება ასევე კულტურის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებიც.
პირველადი რეგისტრაციისას ივსება 6-გვერდიანი სარეგისტრაციო განაცხადი: აგენტის შესახებ სრული ინფორმაცია (ორგანიზაციის ყველა წევრის ჩათვლით), აგენტის საქმიანობის აღწერილობა (და არა მარტო „უცხოური პრინციპალის“ ინტერესებში შემავალი სფეროები), ინფორმაცია „უცხოური პრინციპალის“ შესახებ, საკუთრების სტრუქტურები, მისგან მიღებული ფინანსური სახსრები და მატერიალური ფასეულობები, აღნიშნული ფინანსების განაწილების ამსახველი ინფორმაცია (ვისზე და რაზე დაიხარჯა – თანხების კონკრეტული მომხმარებლის ჩამონათვალი), საინფორმაციო მასალების გავრცელების მექანიზმები (მედიასაშუალებები, სოციალური ქსელები), ვინ მონაწილეობს მათ გავრცელებაში, რა გზით ვრცელდება და ა.შ.
ყოველ 6 თვეში აგენტი ვალდებულია მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია დამატებითი განაცხადის სახით. რეგისტრაციას თან ახლავს ოთხი დანამატი: „უცხოური პრინციპალის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია, „უცხოურ პრინციპალსა“ და აგენტს შორის ურთიერთობების აღწერა (ხელშეკრულება, სიტყვიერი შეთანხმება), იურიდიულ პირთა შემთხვევაში – აგენტის დამფუძნებელი დოკუმენტები, „პრინციპალის“ ინტერესების სასარგებლოდ შეგროვებული სახსრების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიში.
აგენტის საქმიანობის პროცესში, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან, მედიასაშუალებებთან მიმოწერისა და საინფორმაციო ხასიათის მასალები გადაეგზავნება გენერალურ პროკურორს 48 საათის განმავლობაში ორ ეგზემპლარად. ეს მასალები აბსოლუტურად ღიაა საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისათვის. აგენტის მიერ გავრცელებულ ყველა საინფორმაციო მასალაზე, თვალსაჩინო ადგილას, უნდა იყოს წარწერა: „მასალები ვრცელდება ამა თუ იმ უცხოური პრინციპალის ინტერესებში“.
ინსპექციის (აუდიტის) პირველივე მოთხოვნის თანახმად, აგენტმა უნდა წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩანაწერი და დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ აგენტის საქმიანობა ეხება აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, იუსტიციის სამინისტრო აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას ქვეყნის სახელმწიფო მდივანს.
იმ შემთხვევაში, თუ აგენტმა დაარღვია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიაწოდა არასწორი მონაცემები, თავი აარიდა შესაბამისი ფაქტებისა და დოკუმენტების ამსახველი ასლების წარდგენას – მას ეკისრება 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა, ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე, ან ამ სასჯელთა ერთობლიობა. ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ბრალდებული იქნება აღნიშნული კანონის დარღვევაში – ექვემდებარება ქვეყნიდან დეპორტირებას.
საქართველოში რა თქმა უნდა გვსმენია „ხარისა“ და „იუპიტერის“ სამართალს შორის განსხვავებულობაზე, ასევე საკუთარ უახლოეს ისტორიაში გაგვივლია „დემოკრატიის“ საფარით განხორციელებული ავტოკრატიული ოლიგარქატის მართველობის პერიოდი. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხის მისწრაფება სამართლიანობისა და მოკავშირეებთან საპარტნიორო გამჭირვალე თამაშის წესების დამყარებისაკენ, მათ შორის გადის ჩვენი სტრატეგიული მეგობრების მდიდარი საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარებაზე, მის გადმოღებასა და გამოყენებაზე საკუთარ „არასრულყოფილ“ სამართლებრივ სივრცეში.