კონსერვატიული საკითხავი

უტილიტარული სიბრიყვენი

0
კარიერის გზაზე, აღმასვლის დროს, 1835 წელს, დიზრაელიმ გამოაქვეყნა წიგნი, “გამართლება ინგლისური კონსტიტუციისა”. დიზრაელიმ პრემიერმინისტრის თანამდებობას სწორედ თავისი შემოქმედებისა და მჭევრმეტყველების შედეგად მიაღწია. ამ ადრეულმა წიგნმა კი, სერიოზული მოაზროვნის სახელი მოუპოვა. წინამდებარე ესეი გახლავთ ნაწყვეტები ამ წიგნის I, II, და III თავებიდან. აქ დიზრაელი ანგრევს რადიკალურ უტილიტარიანიზმს, რაც საფრთხეს უქადდა ინგლისურ კონსტიტუციას.
ასპარეზზე გამოჩნდა ერთი პოლიტიკური სექტა, ახდილად დაპირისპირებული სამეფოს სამფლობელოებს და, რათქმა უნდა, კანონიერი გზებით, მიზნად ისახავს დააქციოს უმრავლესი ამ სამფლობელოთაგან. ეს ანტიკონსტიტუციური მწერლები, ყველა სხვა ახალი შეგირდივით, გამოირჩევიან თავისი მიზანსწრაფულობითა და აქტიურობით; ხელიდან არ უშვებენ თავისი კრედოს გავრცელების შემთხვევას; ძალზე აქტიური მისიონერები გახლავან; არ არსებობს საჯარო პრესის არც ერთი საშუალება, რომ თავის სასარგებლოდ არ გამოიყენონ; აქვთ ყოველდღიური და ყოველკვირეული გაზეთები, ჟურნალები და მიმომხილველები. მაჩანჩალა პრესა მათ მისდევს კუდში და პარლამენტში მსხდომი პარტიის წევრები შემთხვევას არ გაუშვებენ ხელიდან, მსჯელობა განავრცონ სასიამოვნო თემებზე ამომრჩევლებთან შეხვედრისას . . .
სახელმწიფო მოღვაწეთა ეს ახალი სექტა ღიად სიახავს მიზნად სარგებლიანობის (Uტილიტყ)  გამოცდა ჩაუტაროს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩამოაყალიბონ ახალი კონსტიტუცია თეორიული მეცნიერების აბსტრაქტული პრინციპებით. მგონი, ვოლტერი ამბობდა, რომ არაფერია ისეთი ჩვეულებრივი, როგორც კითხვა და სახეცვალება; და რომ ისტორიაში, ზნეობასა და ღვთისმეტყველებაში უნდა მოვერიდოთ ორმაგ ტერმინებს. არა მგონია, რომ პოლიტიკა გამონაკლისი უნდა იყოს ამ კეთილმოქმედი წესიდან; პირადად მე მგონია, რომ ტერმინი Uტილიტყ ისეთივე ორაზროვანია, როგორც ყველა სხვა, რომლებიც მოყოლებული ნომინალისტებიდან და რეალისტებიდან, ჩვენს მსგავსადვე წინააღმდეგობრივ და განუსაზღვრელ დღეებამდე, კვლავაც თავისუფლად კვებავენ სექტებსა და აურზაურსა და ყაყანს წარმოშობენ ადამიანთა შორის. მატერიალური ობიექტის შესაბამისობა მატერიალურ მიზანთან არის გამოცდა მისი სარგებლიანობისა, რისი ჩატარებაც ჩვენს გრძნობებსა და მოთხოვნილებებს შეუძლია; მაგრამ არის სხვა გამოცდაც ზნეობრივი და პოლიტიკური სარგებლიანობისა, რომლის დროსაც იმდენი განსხვავებული და მრავალფეროვანი შეხედულებები ჩნდება კაცთა შორის, რომ გარკვევა მიჭირს; და რომ ეს ყველაფერი სრულიად არასაკმარისი და არადამაკმაყოფილებელია, ვგონებ, ყველანი დამეთანხმებით.
აქამდე მართლაც რომ ტყუილად დავშვერი უტილიტარული სექტის თხზულებებში მათი ფუნდამენტური ფრაზის განსაზღვრას რომ ვცდილობდი, რითაც მათთან შებრძოლებას შევძლებდი. უაზრობა იქნებოდა დაგვემალა, რომ თავი მოაქვთ თითქოს განსაზღვრებას გვაწვდიდნენ და ვიცით, რომ UUტილიტყ (სარგებლიანობა) არის “პრინციპი, რითაც იქმნება უდიდესი ბედნიერება უდიდესი უმრავლესობისათვის”. განა აქედან რაიმეს გავიგებთ? ვინ უნდა გადაწყვიტოს თუ რა არის უდიდესი ბედნიერება უდიდესი უმრავლესობისათვის? პრინც მეტერნიხის მიხედვით ავსტრიის მთავრობა უზრუნველჰყოფს უდიდეს ბედნიერებას უდიდესი უმრავლესობისათვის; სავარაუდოა, რომ ავსტრიული განათლების ნაყოფმა ავსტრიის მოსახლეობის უმრავლესობას იგივე აზრი უნდა გაუჩინოს. და მაინც, ამ ჩვენს ანტიკონსტიტუციურ მწერლებს ავსტრიის მთავრობა გულზე არ ეხატებათ. ბლომად ცრურწმენამ შეიძლება უზრუნველჰყოს უდიდესი ბედნიერება უდიდესი უმრავლესობისათვის, როგორც ეს ესპანეთში და პორტუგალიაში მოხდა; სამხედრო იმპერიას შეუძლია უზრუნველჰყოს უდიდესი ბედნიერება უდიდესი უმრავლესობისათვის, როგორც ეს რომსა და საფრანგეთში მოხდა; უხეშმა და ულმობელმა დესპოტიზმმა შეიძლება უზრუნველჰყოს უდიდესი ბედნიერება უდიდესი უმრავლესობისათვის, როგორც დღემდე ხდება აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ყოველი ამქვეყნად არსებული მთავრობა, ხანგრძლივი ძალაუფლებით რომ მოუწონებია თავი ამ “დიადი ბედნიერების პრინციპზე” უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, რადგან თუ უმრავლესობა არ იფიქრებდა ან არ იგრძნობდა, სწორედ ეს არის, რაც გვჭირდებაო, მთავრობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა. იყო დრო და არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, როცა უდიდესი ბედნიერება ქრისტიანი ერებისათვის უზრუნველყოფილი იყო რელიგიური რწმენისათვის ადამიანების კოცონზე ცოცხლად დაწვით;  და მანამდე სანამ დავიჟინებთ, რომ ყველა, ჩვენგან განსხვავებულ, რელიგიას სინამდვილეში სრულებითაც არ ეთაყვანებიან მისი მიმდევრები, უნდა შევიგნოთ, რომ უდიდესი ბედნიერება უმრავლესობისათვის იმითაც შენარჩუნდება, რომ სიყალბეა ის, რაც ვიცით და გვჯერა. ამიტომ, თუ უდიდესი ბედნიერება უმრავლესობისათვის ერთადერთი გამოცდაა პოლიტიკური ინსტიტუტების ბრწყინვალებისა, გამოდის, რომ ბრალს ვდებთ ამ ინსტიტუტებს, რომლებიც, განსაკუთრებით უტილიტარული სექტის თვალსაზრისით, აბსურდულია და მახინჯი; და თუ ამ დასკვნის თავიდან ასაცილებლად დავიჟინებთ, რომ უმრავლესობა ვერ განსჯის სწორად თუ რა არის უდიდესი ბედნიერება, ამით მხოლოდ განდეგილი ფილოსოფოსების განყენებულ მოსაზრებას მოვიტანთ, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, სექტური უმცირესობის, საკუთარ თავზე შეყვარებული აზრი გამოგვივა. თვითონ UთILIთY უბრალო სიტყვაა, რასაც კაცი მიაწერს ნებისმიერ მნიშვნელობას, ნაკარნახევს თავისი ინტერესებისა თუ მბრძანებლობის ვნების მიერ. ამ ბრალდებას თუ ავყვებით, ერმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ქრისტიანულ მუზეუმებში გაფანტული ძეგლების მოგროვება ერთ დედაქალაქში და დაამხოს ქრისტიანობა იმით, რომ მის საქმეს თვითონ იტვირთებს; და იგივე ბრალდების ძალით, რომელიმე იკონოკლასტური  მტერი ხვალ ომს გამოუცხადებს დილეტანტების ერს და გააცამტვერებს მის კოსმოპოლიტურ კოლექციას.
თუ მხოლოდ სამთავრობო მეცნიერებასთან მიმართებით განვიხილავთ, სარგებლიანობაში გამოცდის შედეგი, ისეთი როგორც ჩვენ აღვიქვამთ მას, ალბათ უვნებელი უნდა იყოს და მისი პრაქტიკული ტენდენცია, თუკი გააჩნია, უფრო შენახვისა და ოპტიმიზმის განცდამდე მიგვიყვანს, ვიდრე უთანხმოებასა და ცვლილებამდე. მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმიზმი უტილიტარების სისტემის ნაწილი არ არის: ისინი სრულებითაც არ ფიქრობენ, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის, პირიქით, ფიქრობენ, რომ ყველაფერი უარესდება. ამიტომ, იმისათვის, რომ მათ მიერვე მოგონილმა გამოცდამ სარგებლიანობისა, სასურველ მიზნამდე მიიყვანოს, მტავრობის თავისებური სისტემა ზნეობის თავისებურ სისტემას მოარგეს და ჩვენი მსჯელობაც სწორედ ამ კავშირის შესახებ უნდა წარიმართოს. ამ ბრძენმა გამომგონებლებმა, რომლებმაც მთელი პოლიტიკური მეცნიერება სარგებლიანობაზე (Uტილიტყ) დააფუძნეს, ზნეობრივი მეცნიერება საკუთარ ინტერესებს მოარგეს და მერე განაცხადეს, რომ მთავრობის სისტემა უნდა დაეფუძნოს ადამიანისა და მხოლოდ ადამიანის ბუნებრივ ინტერესებს. თუ ადამიანები შეთანხმდებიან და განსაზღვრავენ საკუთარ ინტერესებს, სიამოვნებით ვაღიარებ, რომ დიდი დრო არ დასჭირდებათ სარგებლიანობის (Uტილიტყ) განსაზღვრების მოსაძებნად. მაგრამ რას გულისხმობენ უტილიტარები ტერმინ საკუთარ ინტერესში? უყოყმანოდ გეთანხმებით, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარი ინტერესების თანახმად მოქმედებს, მაგრამ ინტერესებში მეც ვხედავ და მგონია, რომ ყველა ფრთხილი მოაზროვნე უნდა ხედავდეს ყოველ მოტივს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანზე. თუ ყველა მოტივი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანზე, საკუთარ ინტერესებში შედის, მაშინ შეუძლებელია მეცნიერება დავაფუძნოთ უაღრესად დაპირისპირებული მოტივებით სავსე პრინციპზე. თუ უტილიტარელები არ მიიღებენ ყველა მოტივს და მხოლოდ ზოგიერთს ამოარჩევენ, მაშინ მთავრობის მათეული მეცნიერება ადამიანის ბუნებაზე კი არ ყოფილა დაფუძნებული, არამედ მხოლოდ ნაწილზე ადამიანის ბუნებისა და, აქედან გამომდინარე შედარებით არასრულყოფილია. მაგრამ უტილიტარელები აღიარებენ მხოლოდ ორიოდე მოტივს, რაც ადამიანზე ზემოქმედებს; ძალაუფლებასა და საკუთრების სიყვარულს; და, ამიტომ, დაასკვნიან რომ ადამიანის ინტერესს შეადგენს ტირანია და ძარცვა.
ზნეობისა და პოლიტიკის უტილიტარული სისტემის ნაზავი ამრიგად მიემართება: ადამიანს წარმართავს მხოლოდ საკუთარი ინტერესი; ადამიანს აინტერესებს იყოს ტირანი ან მძარცველი; ადამიანი არ იცვლის ბუნებას, რადგან მეფეა; ამიტომ მეფე ტირანი და მძარცველია. თუ ერთი კაცის ინტერესია იყოს ტირანი და მძარცველი, მაშინ ორმოცდაათსაც და ხუთი ათასსაც აინტერესებს ტირანობა და მძარცველობა; ამიტომ მეფისა არ იყოს, არისტოკრატიასაც ვერ ვენდობით. მაგრამ ადამიანური ბუნების მარადიული პრინციპია ყოველთვის სიკეთის მოხელთება. არისტოკრატია ყოველთვის პრივილეგირებული კლასია, ხუთი ათასი იქნება თუ ორმოცდაათი ათასი, ეს გახლავთ ჯგუფი კეთილშობილთა ან წარჩინებულთა სექტა; ამიტომაა რომ ძალაუფლება უნდა ეკუთვნოდეს ყველას; ამიტომ ერთადერთი ჭეშმარიტი და გამოსადეგი მთავრობა წარმომადგენლობითია, დაფუძნებული საყოველთაო არჩევნებზე. ასეთია ზნეობისა და მთავრობის უტილიტარული სისტემა, ამოკრებილი მათი “დიადი ნაშრომიდან” ისეთი კაცის მიერ, ვისაც არ სურს მცდარად წარმოაჩინოს ისინი. დროებით კიდევაც რომ დავეთანხმოთ მათ წანამძღვრებს, მაინც ვერ ვხედავ მათი დედუქციის სისწორეს. შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ საზოგადოების მდგომარეობა, სადაც მთავრობა უპირატესობამინიჭებული უმრავლესობის ხელში იქნება _ ხუთმილიონიანი თემი, სამმილიონიანი პრივილეგირებული კლასით. განა ასე არ ვაღწევთ უდიდეს ბედნიერებას უდიდესი უმრავლესობისათვის? და თუ ასე მოხდება, მისივე თეორიის თანახმად, სამართლიანად მოიქცევა თუ არა უტილიტარელი თუ ხელს შეუშლის ასეთ პრაქტიკას? თუ იგი წინ აღუდგება ამგვარ კომბინაციას, თავისივე თეორიის უკუგდება მოუწევს; ხოლო თუ დათანხმდება, მისი თეორია ტირანიასა და ძარცვა-გლეჯას დაამკვიდრებს.
აღარ გავაგრძელებ ამ მიმართულებით; საკმარისია იმის ჩვენება, რომ მათი მეტაფიზიკა არ შეიძლება პრაქტიკაში დაინერგოს. დაე უტილიტარელმა დაამტკიცოს, რომ საკუთარი ინტერესი ყოველთვის უბიძგებს ადამიანს ტირანიისა და მძარცველობისაკენ, მაშინ ვაღიარებ, რომ საყოველთაო არჩევნები აუცილებელი და სასარგებლო ინსტიტუციაა. ერი, რომელიც მსოფლიოს დაიპყრობს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს; ერი, რომელიც დამორჩილდება დამპყრობს, მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ მფლანგველიცა და ძუნწიც; იგივე პრინციპი ამოქმედებდა მესალინასა და ლუკრეციას, ბაიარდსა და ბინგს. გამოდის, რომ თუ ვიტყვით, კაცი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებსო, ვგულისხმობთ, რომ თუ კაცი მოქმედებს, ესე იგი მოქმედებს. აი, უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება, დიადი აღმოჩენა, რაც მიგვანიშნებს წინასწარმეტყველთა ან თუნდაც აჩრდილთა გამოჩენაზე. მაგრამ იმის გამოცხადება, რომ როცა კაცი მოქმედებს, მოქმედებს საკუთარი ინტერესით და ყოველ ადამინს ინტერესი კარნახობს, ტირანი და მძარცველი იყავიო, ეწინააღმდეგება ადამიანური ბუნების გამოცდილებას; რადგან ყოველდღიურად და ყოველ საათში ვხედავთ, რომ არსებობს ათასობით სხვა მოტივი, რაც წარმართავს კაცის ქცევას, გარდა ძალაუფლებისა და ქონების შეძენის იდეისა; ამ მოტივებიდან თვითეული უნდა მოვაქციოთ საკუთარი ინტერესის ტერმინში, რადგან ყოველი, მათი გავლენით მოქმედი კაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საკუთარი ბედნიერებისათვის იღწვის და ამიტომ მოქმედებს საკუთარი ინტერესით. სარგებლიანობა (Uტილიტყ), ტკივილი, ძალაუფლება, სიამოვნება, ბედნიერება, საკუთარი ინტერესი, მხოლოდ ფრაზებია, რასაც ყოველი კაცი მიაკერებს იმ მნიშვნელობას, რაც მოეპრიანება და საიდანაც ყოველი მახვილგონიერი და გამოცდილი მოპაექრე სილოგისტურად გამოიყვანს, როგორსაც მოისურვებს, ისეთ თეორიას. “ასეთი სიტყვები”, ამბობს ლოკი “ისევე ვერაფერს შესძენს ჩვენს შემეცნებას, როგორც ალმების ფრიალი ვერ ამოგვივსებს კუჭს”. მახვლგონიერების უაზრობაზე ფლანგვა უთანასწორო კავშირსა ჰგავს, რაც ხანდახან ხდება ხოლმე სუფთა სისხლის ულაყსა და პამპასების გრძელყურა, კოხტა ბინადარს შორის; მდაბალი და ფანტასტიური შერწყმა, მხოლოდ უნაყოფო ჯორულ შთამომავლობას გვაძლევს.
ოდესღაც გვქონდა კოსმიური მექანიკის ა პრიორი  სისტემა და მისმა მიმდევრბმა ჯერ ტრიუმფალურად გააცამტვერეს და მერე სილოგისტური მტკიცებით ჯურღმულში ჩააგდეს გალილეო. ოდესღაც გვქონდა მეტაფიზიკის ა პრიორი სისტემა, მაგრამ სადღაა ერიგენას, ოკამის, სკოტუსის, რაიმონდ ლაელის ოქროს ტომები? ეხლა კი პოლიტიკაში შემოვიდა ა პრიორი  სისტემა, სქოლასტიკოსები აღორძინდნენ მეცხრამეტე საუკუნეში, ვინც სახელმწიფოს შეკოწიწებას აპირებენ თავისი უგზო-უკვლო განსაზღვრებებით, უნაყოფო ლაქლაქითა და ბერწი დიალექტიკით.
ჩემი აზრით, ყოველი უტილიტარული ბრძენი შეურაცჰყოფილი დარჩებოდა თუ თომა აქვინელივით, ანგელოზურ დოქტორს ვუწოდებდი; და მწარე გამოცდილება მკარნახობს ვწუხდე, რომ ჯერ ისე არ დაშვებულან დაბლა, რომ კომპოზიციის ხელოვნება ესწავლათ, რათა შემძლებოდა უოლტერ ბერლის მსგავსი მკაფიო დოქტორი მეწოდებინა.
ეს განაზრებანი ბუნებრივად მიმძღვის დიდი ობიექტის, ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების ახალი სკოლის ზოგადი განხილვისაკენ, სკოლისა, რომელიც პოლიტიკურ ინსტიტუტებს თეორიული მეცნიერების აბსტრაქტულ პრინციპებზე აგებს, ნაცვლად  იმისა, რომ დააცადოს მოვლენათა დინებიდან გადმოდინდეს, და ბუნებრივად შეიქმნას ერის საჭიროების მიხედვით. აღმოჩნდება, რომ ეს სქემა წარმოშობილია შეცდომის შედეგად, როცა ვარაუდობენ, რომ თეორიები განაპირობებს ვითარებას, მაშინ როცა სრულიად საპირისპირო რამ ხდება და სწორედ ვითარება განაპირობებს თეორიებს. თუ თვალს გავადევნებთ პიროვნების კარიერას, აღმოვაჩენთ აშკარა თანამიმდევრულობას მის ქცევაში; თუმცა არავითარი შესაძლებლობა არ იყო, რომ მას ორგანიზებული ფილოსოფიის მიხედვით ემოქმედა, რასაც სისტემას ვუწოდებთ. მაშ რამ წარმოშვა მისი თანამიმდევრულობა? რამ განაპირობა მისი ჰარმონია მიზანთან? მისმა პიროვნულმა ხასიათმა. ერებსაც აქვთ ხასიათი, როგორც პიროვნებებს და სწორედ ეროვნული ხასიათია ის, რისი გადახევა ან უარყოფა სურს სახელმწიფო მოღვაწეთა ამ ახალ სექტას თავისი სქემებითა და განაზრებებით. ჟინი მმართველობისა, რაც ორგანიზაციის შედეგია, წარმართავს პიროვნების კარიერას, ვინც ემორჩილება მასზე მაღლა მდგომ მოვლენებს იღბალისა, რომლისა მეორადი გავლენაც კი ძნელად თუ დაემორჩილება პიროვნების ბუნების იმპულსებს.  ბუნებისა და იღბალის გავლენის ნაზავი აყალიბებს პიროვნების ხასიათს; ასევეა ერების შემთხვევაშიც. არის მნიშვნელოვანი მოვლენები პიროვნების კარიერაში, რაც ადამიანს ჩააფიქრებს წარსულის გამო, და ამ შესწავლისას, გამოცდილებისა და თვითგანათლების მცდელობისას იგი ითვისებს გარკვეულ პრინციპებს ქცევისა, რაც მას წარსული წარმატების მიზეზად მიაჩნია და მოელის, რომ მომავალშიც განაპირობებს მის წინსვლას: გარდა ამისა, უძველესი ხალხების ბედ-იღბალს ახლდა დიდი კრიზისები, რაც აღძრავდა მათ შეემოწმებინათ ბუნება იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩნდებოდა მათ შორის. ამ დიდი ეროვნული მიმოხილვისას, ბრძნულად და სათანადოდ გაიმიჯნებოდა ხოლმე მათი ისტორიის არსებითი ხასიათი იმისაგან, რაც სუფთა შემთხვევითობა იყო და ამ დროს პოულობდნენ გარკვეულ პრინციპებს წინაპართა ქმედებისა, რასაც მიიჩნევდნენ იმ წარმატებული ინსტიტუტების შემორჩენის მიზეზად; და მათ მომავალ კარიერაში, ცვლილებების, რეფორმების, გარდაქმნების პროცესში, რაც მათივე აზრით მიზანშეწონილი იყო, ისინი ფიქრობდნენ, რომ ძველი პრინციპები მათი წარმმართველი და დამმოძღვრავი უნდა ყოფილიყო. ამ შემოწმებით ისინი უფრო ახლოს მიდიოდნენ თავის ეროვნულ ხასიათთან, რაც ზრდიდა მათ ცოდნას და რის გამოც ამგვარი მოქმედება ბრძნულად მიაჩნდათ. ამას მივიჩნევ, ჩემო ბატონო, უდიდეს თეორიად, რაც ოდესმე არსებულა იმ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, რომლებიც თავისი მარადიულობის გამო უნდა გაითვალისწინოს ფილოსოფოსმა სახელმწიფო მოღვაწემ; და ეს ზომიერი, კეთილგონივრული, გამჭრიახი და აშკარად პრაქტიკული მიმართებაა ქცევის პრინციპებისადმი, რაც კი ძველი დროის, ბრწყინვალე ინგლისელი პოლიტიკოსებისაგან გადმოგვცემია.