პოლიტიკასხვადასხვა

„უპრეცედენტო კორუფცია“ − უკრაინის ბიზნესფედერაციაში ამბობენ, რომ კორუფცია ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს ზიანს აყენებს

0

3 ივლისი, 2023 წ.

უკრაინა მასშტაბური კორუფციით ცნობილი ქვეყანაა. ომის დაწყების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ბიზნესსაზოგადოება მოქმედებას მოითხოვს.

უკრაინის დამსაქმებელთა ფედერაციამ, რომელიც უკრაინელი მეწარმეების ინტერესებს წარმოადგენს, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით ზომების მიღება მოითხოვა. უკრაინელი მეწარმეების თქმით, სამხედრო ჩინოვნიკებისა და მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. მეწარმეები კორუმპირებული ჩინოვნიკების იდენტიფიცირებისთვის საჯარო რეესტრის შექმნის მოწოდებით გამოდიან. მათი მტკიცებით, უპრეცედენტო კორუფცია უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს ძირს უთხრის.

მიუხედავად იმისა, რომ ომი მიმდინარეობს, მათი თქმით, სახელმწიფო მოხელეებს შორის იძულების, კორუფციისა და დაუსჯელობის დონე ყველაზე მასშტაბურია ქვეყნის ისტორიაში, − ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო პორტალი „პრავდა“ იტყობინება.

„ომის დროს უკიდურესად მძიმე პირობებში უკრაინული ბიზნესი სახელმწიფოს საყრდენი გახდა. გადასახადების გადახდა, უსასყიდლო პროექტები, შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და ინვესტიციები, სამუშაო ადგილების დაცვა და ხელფასების სტაბილური გადახდის უზრუნველყოფა მოქალაქეებისთვის სტანდარტული მდგომარეობის ნიშნებია, რასაც ამ რთულ დროს ბიზნესი უზრუნველყოფს“, − ნათქვამია მანიფესტში, რომელსაც ხელს აწერს როგორც მცირე, ისე მსხვილი კომპანიების 42 ხელმძღვანელი, რომლებსაც ათასობით ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

„უნიფორმებსა თუ სასამართლო მანტიებში გამოწყობილი მექრთამეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ აუტანელ მასშტაბებს მიაღწია. თუ მიმდინარე ომს გავითვალისწინებთ, ასეთი ქმედება უბრალო დანაშაულებრიობის ფარგლებს სცილდება“, − ნათქვამია დოკუმენტში.

„ვინც ომის დროს გამოძალვით არის დაკავებული და ქრთამის სანაცვლოდ უნიფორმას ან მოსამართლის მანტიას ჰყიდის, პასუხი უნდა აგოს“, − წერენ უკრაინელი მეწარმეები პრეზიდენტ ზელენსკის.

ბიზნესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყანაში გამეფებული უპრეცედენტო კორუფცია ძირს უთხრის უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს, რადგან არმია გადასახადებით ფინანსდება, ხოლო უკრაინელი ბიუროკრატების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ არაერთ ბიზნესმენს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგა.

უკრაინელმა ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ გაამჟღავნებენ იმ სამხედროებისა თუ მოსამართლეების ვინაობას, რომლებიც ქრთამს იღებენ ან უკანონოდ ისაკუთრებენ საწარმოებს.

https://rmx.news/poland/unprecedented-corruption-ukrainian-business-federation-says-corruption-is-damaging-countrys-defensive-capabilities/