ეკონომიკასხვადასხვა

უნგრეთში საწვავის ფასების ზრდა ევროკავშირის დაწესებულმა ახალმა სანქციებმა განაპირობა

0

სამშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა იძულებულია საავტომობილო საწვავის ფასის ლიმიტი დროებით გააუქმოს.
მინისტრთა კაბინეტის პრესმდივნის, ზოლტან კოვაჩის, ინფორმაციით, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი გახდა რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, როდესაც უნგრეთის წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანია MOL Group-მა მთავრობას აცნობა, რომ იმპორტის გარეშე ვეღარ უზრუნველყოფდა საწვავით თანმიმდევრულ მომარაგებას. სანქციები ორშაბათიდან ამოქმედდა.
უნგრეთმა ფასის ლიმიტი 2021 წლის 15 ნოემბერს დააწესა. გუიაშის თქმით, იგი სამშაბათს 23:00 საათზე, MOL-ის რეკომენდაციით, დასრულდება. ფასის ლიმიტს დეკემბრის მიწურულს გასდის ვადა.
ბუდაპეშტი აქტიურად იბრძოდა სანქციების არდაწესებისთვის, თუმცა უარი მიიღო. „რისიც გვეშინოდა, სწორედ ის მოხდა“, – განაცხადა გუიაშმა. საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით უნგრეთში პრობლემები წარმოიშვა. ქვეყანა იმპორტის გარეშე მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს. უნგრეთში ერთი ლიტრი ბენზინი 480 ფორინტი (1,16 ევრო) ღირდა, თუმცა უნგრელები ამ ფასით ვეღარ ისარგებლებენ, აღნიშნა პრემიერის ოფისის ხელმძღვანელმა.
იმავე პრესკონფერენციაზე MOL Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზოლტ ჰერნადიმ, განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დღეებში უპრეცედენტო კრიზისული სიტუაცია შეიქმნა. მისი თქმით, სამშაბათს ბენზინგასამართი სადგურების ერთ მეოთხედში ბენზინისა და დიზელის საწვავის ავზები ცარიელი იყო. მსგავსი რამ უნგრეთში არასდროს მომხდარა, დასძინა ჰერნადიმ. დღეის მონაცემებით, წელს 2,2 მილიარდი ლიტრი საწვავი გაიყიდა, შარშან 1,5 მილიარდი ლიტრი, ბოლო დღეებში კი 500 მილიონ ლიტრზე მეტი საწვავი გაიყიდა.
„მდგომარეობა კრიტიკულია, მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა და პანიკა დაიწყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. „MOL-მა აქამდე გაუძლო“, – თქვა ჰერნადიმ და დასძინა, რომ საწვავის მარაგების უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებენ. ასევე ძალისხმევას არ იშურებენ, რათა დუნაის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელშიც ამჟამად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდეს.
„ბაზარი მოწესრიგდება, შეფერხებები შეიძლება კვლავ შეიქმნას, მაგრამ მასიური ყიდვით გამოწვეული შოკური ტალღა აღარ განმეორდება“, – განაცხადა MOL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ფასის ლიმიტის გაუქმების შემდეგ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 480 ფორინტიდან (1,16 ევრო) 641 ფორინტამდე (1,59 ევრო) გაიზარდა, ხოლო ერთი ლიტრი დიზელის ფასი 699 ფორინტამდე (1,70 ევრო) ავარდა.

წყარო: https://is.gd/XHOLZc