პოლიტიკასხვადასხვა

უნგრეთის სახელმწიფო მდივანი: ევროკავშირი ომის მომხრეა და უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება სურს

0

ოთხშაბათს Kossuth Radio-ს ეთერში უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა, ტომაშ მენცერმა, განაცხადა, რომ ევროკავშირს ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი არ აქვს, რადგან უკრაინაში ომის გაგრძელება სურს.
„მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა წითელი ხაზია, ისინი ამას არ დათანხმდებიან, რადგან ომი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა უნგრელმა მაღალჩინოსანმა გადაცემაში სტუმრობისას.
სახელმწიფო მდივნის თქმით, უნგრეთი ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებით გამოდის და ითხოვს, რომ მისი პოზიცია ევროკავშირის სპეციალურ დოკუმენტებში დაფიქსირდეს, თუმცა ბრიუსელმა ბუდაპეშტის მოთხოვნა უგულებელყო. მენცერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მომხრეა.
ბოლო თვეებში ევროპის სახელმწიფოების ფრთხილი რიტორიკა პრეტენზიებმა ჩაანაცვლა. მათი პოზიცია ასეთია – რუსეთმა უნდა წააგოს, უკრაინამ კი უნდა გაიმარჯვოს.
ამ თვის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა: „უკრაინას ომის მოგებასთან დაკავშირებით შეუძლია საფრანგეთის, ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების იმედი ჰქონდეს. რუსეთს არ შეუძლია და არც უნდა გაიმარჯვოს“.
დასავლეთის სახელმწიფოები უკრაინაში თანამედროვე იარაღის, დასავლეთის წარმოებული ძირითადი საბრძოლო ტანკების, გაგზავნის მზადყოფნას სულ უფრო და უფრო ხშირად გამოთქვამენ. ისინი უკრაინისთვის ავია გამანადგურებლების მიწოდების საკითხსაც განიხილავენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, მეზობელ უკრაინაში მშვიდობის საკითხი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაისახა. მისი განცხადებით, ევროპას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს ამ კონფლიქტში უფრო ღრმად ჩაერთოს: „ევროპა ომის ზღვარზეა, იგი ბეწვის ხიდზე გადის. ფაქტობრივად, რუსეთთან ომში უკვე ირიბად არიან ჩართული. თუ იარაღს მიაწოდებთ, თუ სატელიტურ ინფორმაციას მიაწოდებთ, რომელიც საბრძოლო მოქმედებისთვის არის საჭირო, თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის ჯარისკაცებს მოამზადებთ, თუ სახელმწიფოს მთელ აპარატს დააფინანსებთ, ხოლო მეორე მხარეს სანქციებს დაუწესებთ, მაშინ მნიშვნელობა აღარ აქვს თქვენს სიტყვებს. ამ დროისთვის ომში უკვე ირიბად ხართ ჩართული. ხაფანგში მოხვედრის საფრთხე მუდმივია. ეს ყველაფერი ჩაფხუტების მიწოდებით დაიწყო და იმ აღჭურვილობის ტრანსპორტრებით გაგრძელდა, რომელსაც ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა შეუძლია“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ვიქტორ ორბანმა ისიც თქვა, რომ უნგრეთს ოდესღაც სამშვიდობო ბანაკში ევროპელი მოკავშირეები ჰყავდა, მაგალითად გერმანია, თუმცა ყველა ეს ქვეყანა ომის ბანაკში გადავიდა, გარდა ვატიკანისა: „სხვა ქვეყნებმა იფიქრეს, რომ თუ გერმანელებმა ვერ გაუძლეს ასეთ გარე ზეწოლას, ისინი როგორ გაუძლებდნენ? ასე რომ, მათ სამშვიდობო ბანაკიდან ომის ბანაკში გადაინაცვლეს. ასე რომ, ჩვენ ორი დავრჩით: უნგრეთი და ვატიკანი. კომპანიას ვერ ვუჩივლებთ, თუმცა სერიოზული შედეგებია“, – დასძინა ორბანმა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობებზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მდივანმა, ტომაშ მენცერმა, ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობს ევროპის ბაზარი გადაუკეტოს და კონტინენტი მეტ-ნაკლებად ძვირი ენერგომატარებლებით მოამარაგოს. თუმცა უნგრეთმა ასეთ მიდგომაზე უარი განაცხადა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რამ მომავალში ქვეყნის ენერგომომარაგება უზრუნველყო.
„ასე რომ, ჩვენ ვამბობთ, რომ სანქციები ცუდია, არაეფექტურია და სანქციების პოლიტიკამ კრახი განიცადა“, – განაცხადა მენცერმა.

წყარო: https://is.gd/anTHuh