6 ივლისი, 2023 წ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, საფრანგეთში დაწყებული მასობრივი არეულობა ადასტურებს, რომ იმიგრანტები დასავლურ საზოგადოებაში ვერ ინტეგრირდნენ.
სამშაბათს უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უსიამოვნო ფაქტები, რომლებიც გასულ კვირას საფრანგეთში ალჟირული წარმოშობის 17 წლის ბიჭის მკვლელობის შემდეგ დაფიქსირდა, ცხადყოფს, რომ სოციალური ინტეგრაცია მასობრივი მასშტაბით შეუძლებელია.
„სხვა კულტურებიდან არალეგალი იმიგრანტების დიდი რაოდენობით ინტეგრაცია შეუძლებელია“, − განუცხადა სიიარტომ კოლეგებს და დასძინა, რომ ბოლოდროინდელმა არეულობებმა გაამართლა ის ევროპული ქვეყნები, მათ შორის უნგრეთი, რომლებიც უფრო მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას უჭერენ მხარს.
„შეიძლება ევროპაში არსებობენ ან არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ფუჭი ილუზიით ცხოვრობდნენ, რომ სოციალური ინტეგრაციის შესახებ დასავლეთი ევროპის მცდელობები შესაძლოა წარმატებით დაგვირგვინდეს. კარგია, თუ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელევიზორი ჩართეს და საფრანგეთში დატრიალებულ მოვლენებს თვალს ადევნებდნენ. ვფიქრობ, ფანტაზია სწრაფად გადაიზარდა იმედგაცრუებაში“, − თქვა მან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ათწლეულების განმავლობაში დასავლეთი ევროპის ბევრ ქვეყანაში ადგილობრივი მთავრობების ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად „პარალელური საზოგადოებები“ ჩამოყალიბდა.
„ევროპული ბიუროკრატია კვლავ ცდილობს საიმიგრაციო კვოტის, როგორც სახელმწიფო გადატრიალების, თავს მოხვევას“, − განაცხადა სიიარტომ და ევროკომისია იმაში დაადანაშაულა, რომ იგი არ ეთანხმება, რომ „უნგრელმა ხალხმა გამოიყენა თავისი სუვერენული უფლება და უნგრეთის მომავალთან დაკავშირებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრიუსელის ლიბერალურ-მეინსტრიმულ მოლოდინს ეწინააღმდეგება“.
საფრანგეთში დაწყებულმა მასობრივმა არეულობამ ქვეყანას უკვე მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა. საფრანგეთის დიდ ქალაქებში გაძარცვეს ასობით სავაჭრო საწარმო, დაწვეს მანქანები და რამდენიმე საცხოვრებელი ბინა. ბოლოდროინდელი მოვლენები ქვეყნის რეპუტაციასა და ტურისტულ ინდუსტრიაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას.
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მრავალი სამართალდამცველია განლაგებული, პოლიციამ ერთ კვირაში 3 ათასზე მეტი ვანდალი დააპატიმრა.