პოლიტიკასხვადასხვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს კორუფციული სკანდალის გამო დასცინა

0

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ევროკავშირში მომხდარ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ‘ტვიტერზე’ ევროპარლამენტს დასცინა, რომლის მემარცხენე უმრავლესობა წლების განმავლობაში ბუდაპეშტს კორუფციაში ადანაშაულებდა.
„დილა მშვიდობისა ევროპარლამენტო!“ დაწერა ორბანმა ‘ტვიტერზე’, რასაც მოცინარე პოლიტიკოსების სურათი დაურთო. ცხადია, ხუმრობა ევროპარლამენტს ეხებოდა, რომლის ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი სოციალისტი ევა კაილი, გასულ უქმეებზე კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

დაკავებული ევა კაილი, რომელიც ევროპარლამენტარის სავარძელს 2014 წლიდან იკავებდა, კორუფციასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ყოფილ მაღალჩინოსანს კატარელებისგან ქრთამის აღებაში ედება ბრალი. კორუფციული გარიგების თანახმად, სოციალისტი ევროპარლამენტარი კატარს ევროპაში გავლენების გაფართოებაში უნდა დახმარებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარის სახლის ჩხრეკისას ნაღდი ფულით სავსე ჩანთები იპოვეს. სამართალდამცავებმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 16 ადგილი გაჩრიკეს და საერთო ჯამში 600 000 ევროს კონფისკაცია მოახდინეს. ამ საქმეზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ევა კაილის პარტნიორი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ კაილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „ძალიან სერიოზულია“ და ევროპას ახალი ეთიკის ორგანოს შექმნისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, კაილი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დროებით ჩამოაშორა, რადგან მეცოლას მისი თანამდებობიდან სამუდამოდ გადაყენების უფლება არ აქვს. ევა კაილი ევროპარლამენტის სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან, ასევე საბერძნეთის მემარცხენე-ცენტრისტული პარტია ‘პასოკის’ რიგებიდანაც გარიცხეს.
დღესდღეობით ევროკავშირი უნგრეთს კორუფციაში ადანაშაულებს, რაც ბრიუსელმა საბაბად გამოიყენა, რათა უნგრეთისთვის მილიარდობით ევროთი დაფინანსება შეეჩერებინა. ევროკავშირის ქმედობების კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ბრიუსელის ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებულია და უნგრეთში კორუფციის დონე დაბალია, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანაზე, მაგალითად იტალიაზე, სადაც კორუფციის დონე აშკარად მაღალია.

მიმდინარე წელს ევროკავშირმა უკრაინას მილიარდები გამოუყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ამ კორუფციულმა გამოძიებამ, რომელიც ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა, ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. გარდა ამისა, ყოფილი მაღალჩინოსანი ევა კაილი წარსულში პოლონეთს მისი „ავტორიტარიზმის“ გამო აკრიტიკებდა.

ორბანის გამოქვეყნებულ სურათზე, რომელიც 1981 წლით თარიღდება, ჩანან აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და მისი გუნდის წევრები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომლებიც CBS-ის ლეგენდარულ წამყვან უოლტერ კრონკაიტს ეხუმრებიან. ამ დღეს ამერიკელმა ტელეჟურნალისტმა რეიგანთან ინტერვიუ ჩაწერა.

წყარო: https://is.gd/HK7ZYH