მთავარი ამბავი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აფრთხილებს

0

ვიქტორ ორბანი ევროპას აფრთხილებს, რომ თუ უკრაინას ომის გაგრძელებაში დაეხმარება გაკოტრდება.

ევროპული პოლიტიკა, რომელიც უკრაინის დასაფინანსებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დიდი ოდენობით საერთო სესხის აღებას უჭერს მხარს, კონტინენტს დამანგრეველ შედეგებს მოუტანს. ეს სიტყვები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ეკუთვნის, რომელმაც პარასკევს ევროპას გაფრთხილებისკენ მოუწოდა.
Kossuth Radio-ს გადაცემაში – „დილა მშვიდობისა, უნგრეთო!“ – მიწვეულმა ორბანმა რუსულ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის დაწესებული სანქციების უშედეგობას გაუსვა ხაზი. დიდი ოდენობით საერთო სესხის აღების სქემა, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს უკრაინის თავდაცვის დაფინანსების გასაგრძელებლად, „არა მხოლოდ ჩვენს შვილებს, არამედ ჩვენს შვილიშვილებსაც დააზარალებს“. უფრო მეტიც, ჩვენ იმ სახელმწიფოების ნაცვლადაც მოგვიწევს ფინანსების გაღება, რომლებიც გზადაგზა გაკოტდებიან, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნგრეთი უკრაინის სახელმწიფოს ფუქნციონირების დასაფინანსებლად საერთო სესხის აღებას ეწინააღმდეგება, რომელსაც ბრიუსელი სთავაზობს ევროკავშირის ქვეყნებს. ამის ნაცვლად იგი შეთავაზებით გამოვიდა, რომ უკრაინასთან ხელშეკრულებები უკეთესია დაიდოს ეროვნულ დონეზე ორმხრივი ხელშეკრულებების მეშვეობით ცალკეულ სახელმწიფოებს შორის.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი მოთანამშრომლე წვერ სახელმწიფოთა საზოგადოების ნაცვლად დავალიანებული სახელმწიფოების საზოგადოებად ან ჯგუფად იქცეს“, – განუცხადა ორბანმა მსმენელებს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ არსებული კონფლიქტის გამო დამოუკიდებლი ფუნქციონირება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კიევს მოკლევადიან პერსპექტივაში მეზობლებისა და მოკავშირეების დახმარება სჭირდება, ბრიუსელმა ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით არ უნდა ისაუბაროს.
„ვეთანხმებით მხარდაჭერის აუცილებლობას, თუმცა ეს არ გვაბედნიერებს; ომი რომ არ დაწყებულიყო, არც ამის მოთხოვნილება დადგებოდა დღის წესრიგში“, – განაცხადა უნგრეთის ლიდერმა.
პრემიერმა ორბანმა ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებულ სანქციებსა და რუსულ ნავთობზე შემოღებულ სანქციებზეც იმსჯელა, რომლებიც 5 დეკემბერს ამოქმედდება. ბუდაპეშტმა ახალ სანქციებს მხარი არ დაუჭირა.
უნგრეთის ლიდერის განცხადებით, რუსულ ბუნებრივ აირსა და ატომურ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის დაწესებული სანქციების გახანგრძლივება მის ქვეყანას „ტრაგიკულ შედეგებს“ მოუტანს. პრემიერ-მინისტრი დაჟინებით უმტკიცებდა მსმენელებს, რომ ბუდაპეშტი ასეთ გადაწყვეტილებას არ უნდა შეუერთდეს.
ორბანმა წუხილი გამოთქვა ამჟამინდელი ენერგოსანქციების უშედეგობის გამო, რამაც, მისი მტკიცებით, ომის დასასრულთან „ერთი მილიმეტრითაც“ კი არ მიგვაახლოვა.
„წინ რთული ზამთრი გველის. უკრაინაში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება, სირთულეები არც რუსეთს უვლის გვერდს, თუმცა ენერგომატარებლების გაყიდვით მიღებული მისი შემოსავლები პიკურ მაჩვენებელზეა. სანქციების პოლიტიკამ მიზანს ვერ მიაღწია“, – დასძინა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე დაწესებული აკრძალვა უნგრეთზე არ ვრცელდება, „სანქციებით გაბერილი ფასების ეფექტი“ ქვეყანაზე მაინც მოახდენს გავლენას.
ინტერვიუს მიწურულს ორბანმა პირობა დადო, რომ ბრისულეში უნგრეთის ინტერესებისთვის ბრძოლას გააგრძელებს, პრემიერმა რადიომსმენელებს მიმართა: „სანქციებთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში ჩვენს ეროვნულ მიზნებს ყოველთვის ვაღწევდით. ამიტომ მეცხრე პაკეტის განხილვის წინ იმედიანად ვართ განწყობილი“. თუმცა ორბანმა განაცხადა, რომ „ზეწოლა მუდმივია“ და სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობამ „განუწყვეტლივ უნდა იბრძოლოს ჩვენი ინტერესების დასაცავად“.