ორშაბათს, საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში უნგრეთის მრავალმხრივი ურთიერთობების მინისტრმა ტომაშ მენცერმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს, ახალი სანქციების დაწესებაზე კი საუბარი არც უნდა იყოს. მენცერმა ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სიცრუეში დაადანაშაულა. „ჯოზეფ ბორელი უბრალოდ ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ სანქციების პოლიტიკა ომის დასასრულებლად არ იყო გამიზნული. სიმართლე ის არის, რომ ბრიუსელმა სანქციები ომის დასასრულებლად შემოიღო“, – განაცხადა მენცერმა და იქვე დასძინა. – „ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურმა, რომელსაც ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს, ნათლად მიანიშნა: სანქციების პოლიტიკის მიზანი ომის დასრულებაა და სწორედ ასე უნდა დასრულდეს ომი“.
Remix News-მა წინა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ბორელის თქმით, ევროკავშირს არასოდეს ჰქონია იმის ილუზია, რომ სანქციები რუსეთ – უკრაინის ომს დაასრულებდა, ამიტომ სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს.
მენცერის განმართებით, წინა წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთის ბიუჯეტში გაზისა და ნავთობის შემოსავლების წილი 35 პროცენტს შეადგენდა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 43 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვი ენერგომატარებლების გაყიდვით კვლავინდებურად უზარმაზარ თანხას გამოიმუშავებს.
„რუსეთი რეკორდულ შემოსავალებს იღებს, მაშინ, როცა ევროპელები სანქციების გამო ენერგიის მოხმარებისთვის დამატებით გადასახადს ვიხდით და სანქციებით გამოწვეული ინფლაციით ვზარალდებით“ – დაამატა მენცერმა.
ტომაშ მენცერი ერთადერთი ადამიანი არ არის, რომელიც ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გადახედვისკენ მოუწოდებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელს წლის ბოლომდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა. პრემიერმა განაცხადა, რომ სანქციები ევროპელებს უფრო აზარალებს, ვიდრე რუსებს.