ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის დაფინანსება უჭირს, ევროპაში კი პროუკრაინულ პოზიციაზე თანდათანობით უარს ამბობენ. ამის შესახებ უნგრელმა ეკონომიკის პროფესორმა, ლასლო ბოგარმა, უნგრული საინფორმაციო არხის, HírTV-ს, პირდაპირ ეთერში განაცხადა
დისკუსია ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან მიღებული იარაღი გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ხოლო შეერთებულ შტატებს დაპირებული ‘პეტრიოტები’ ჯერ კიდევ არ მიუწოდებია. დისკუსიაში მონაწილე კიდევ ერთმა ეკონომისტმა, იმრე ბოროშმა, მიუთითა, რომ მსოფლიოსთვის იმის თქმა, რომ მხარს უჭერს უკრაინას, შემდეგ კი ძველ, ნახმარ იარაღს უგზავნის, დასავლური ლოგიკის ნაწილია.
ბოგარმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინა მრავალი ტიპის ძველი თუ ახალი იარაღის გამოსაცდელი ადგილია.
„უკრაინა მსოფლიო პოლიგონად იქცა, რომელზეც საწყობებში შენახული ყველა ტიპის იარაღი შეიძლება გამოცადო, შემდეგ კი ახალ ფასად გაყიდო“, – განაცხადა უნგრელმა პროფესორმა.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა არასაომარ ზონაში მდებარე რაიონების მცხოვრებლებს ომში თავიანთი როლის შესრულებისკენ მოუწოდა. ბოროშის თქმით, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელები მძიმე მდგომარეობაში არიან.
ბოგარის თქმით, „ევროკავშირი საერთოდ არ იყო მზად, რომ იმ ომისთვის, რომელიც თავისი მასშტაბით მეორე მსოფლიო ომს უტოლდება, ხარჯები გაეღო“. ამ კონტექსტში ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთიდან გავიდა, ამ ომის ხარჯები ჯერ კიდევ ბოლოდე არ არის დაფარული, რადგან მრავალ დაშავებულსა თუ ვეტერანს ფული უნდა გადაუხადონ. მისი სიტყვით, ამ ომის ჯამური ღირებულება 2 ტრილიონ ევროს აღემატება.
ბოგარის რწმენით, ეს ფული უბრალოდ ავღანეთისთვის რომ მიეცათ, იგი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იქნებოდა, უნგრელმა პროფესორმა ისიც თქვა, რომ დასავლეთს შეუძლია, რომ უკრაინას პირდაპირ მისცეს ფული.
„სავსებით ცხადია, რომ მთლიანი თანხა (უკრაინისთვის), სულ მცირე, ტრილიონი აშშ დოლარი იქნება და ქვეყნის აღდგენა ძვირი დაჯდება“, – განაცხადა ბოგარმა და იქვე დასძინა, რომ აღდგენისთვის საჭირო თანხები ევროპელმა და ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა უნდა გაიღონ, თუმცა უკრაინა დღევანდელი ავღანეთის მსგავსად კვლავ სავალალო მდგომარეობაში დარჩება.
აშშ-ის ეკონომიკა შეიძლება დიდ პრობლემას წააწყდეს
„აშშ-ის ფინანსთა მინისტრი უკვე პანიკურ რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადა იმრე ბოროშმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებამ, ასევე პრეზიდენტ პუტინის განცხადებამ, რომლის თანახმადაც მხარეებს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისას დოლარის ნაცვლად იუანის გამოყენება შეუძლიათ, შეერთებული შტატების ეკონომიკას შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოს.
ლასლო ბოგარის თქმით, წინასწარ უკვე ცნობილია, რომ მშვიდობის მოსურნე ყველაზე მეტად აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება.
„დედოლარიზაცია“ და ის ფაქტი, რომ მალე ვეღარავინ დააფინანსებს „შეერთებული შტატების იმპერიას“, აშშ-ს საბედისწერო ხაფანგში ამწყვდევს, განაცხადა ბოგარმა. უნგრელი ეკონომისტის აზრით, მაშინ, როცა უკრაინის ომის დაფინანსება ამერიკას ტვირთად აწევს, ევროპაში თავად საზოგადოება არის ზეწოლის წერტილი და კონტინენტი ხანგრძლივი სამოქალაქო ომისკენ მიდის.
წყარო: https://is.gd/a7il5W