პოლიტიკასაზოგადოებასხვადასხვა

უნგრელი არქიეპისკოპოსი: ევროპაში არსებობს შეთქმულება, რომლის თანახმადაც ქრისტიანობის წაშლა სურთ

0

მულტიკულტურულ, შერეულ საზოგადოებაში იკარგება ინდივიდის იდენტობა, კულტურა, ენა, რწმენა, თითქმის ყველაფერი იკარგება – ამბობს უნგრელი არქიეპისკოპოსი საინფორმაციო პორტალ Magyar Jelen-თან მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შობას გამოქვეყნდა.
გულია მარფის თქმით, არსებობს შეთქმულება, რომლის თანახმადაც ევროპაში ქრისტიანობის წაშლა სურთ, გერმანიის კათოლიკური ეკლესია კი ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება.
„გერმანიის ეკლესია კატასტროფულ მდგომარეობაშია. „ანტიქრისტიანულია,” როდესაც გერმანელი კათოლიკე მღვდლების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას აკურთხებს. ყოფილმა არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ გერმანიის ეკლესია თითქმის ანტიქრისტიანულ გზას დაადგა.
„ის, რაც გერმანიაში ხდება ძალიან სამწუხაროა. არ მინდა ვაწყენონო, მაგრამ რატომღაც, პოზიციებს ხშირად იცვლიან. დაიწყეს ჰიტლერისა და ნაციონალ-სოციალიზმიდან და მივიდნენ კოსმოპოლიტურ გლობალიზაციამდე. აღარც გერმანელები, ფრანგები, უნგრელები და იტალიელები – მხოლოდ ევროპელები“.
მარფის თქმით, იგი უპირველეს ყოვლისა კათოლიკეა, მაგრამ უნგრელია, „შოვინისტი“ არ არის. ყოფილმა არქიეპისკოპოსმა ისიც განაცხადა, რომ სხვა კულტურებსაც მიაგებს პატივს და იქვე დასძინა, რომ მულტიკულტურალიზმის ხელშეწყობით იდენტობის, კულტურისა და რწმენის განადგურებას ცდილობენ.
„უნგრელი ვარ, მაგრამ სხვა ხალხებსაც ვცემ პატივს. ევროპაში ერთიანობის გარდა მრავალფეროვნებაც საჭიროა, თუმცა არა მულტიკულტურალიზმი. მულტიკულტურულ, შერეულ საზოგადოებაში ადამიანი კარგავს საკუთარ იდენტობას, იდენტობის გრძნობას, კულტურას, რწმენას, ენას, პრაქტიკულად ყველაფერს“, – ამბობს მარფი. ეს ყველაფერი ადამიანთა სამართავად კეთდება, რაც ნამდვილად იდეალურია მსოფლიოს უმსხვილესი კაპიტალისტებისთვის, რომლებსაც მთელი დედამიწის უზარმაზარ კოლმეურნეობად გადაქცევა სურთ, სადაც არ იარსებებს ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური იდენტობის ცნება – იქნებიან მხოლოდ სტანდარტული მორჩილი მუშები და მომხმარებლები.

შობის წინააღმდეგ დაწყებული ომი –
როდესაც ევროპაში შობის დღესასწაულის გაუქმების მცდელობის შესახებ კითხვა დაუსვეს, ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა უპასუხა: „რაც მესმის და წავიკითხე, მდგომარეობა კატასტროფულია. ბევრ ადგილას ცდილობენ, რომ ხალხს სიტყვა შობა დაავიწყონ და გამოიყენონ სიტყვა – დღესასწაული.
რვა-ათი წელია ბრიუსელის მერიაში ნაძვის ხე აღარ დგას. იმიტომ აიღეს, რომ მუსულმანების გრძნობებისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ“.
არქიეპისკოპოსის თქმით, ევროპამ თავიდანვე ვერ გაიზიარა ქრისტიანობა.
„ევროკავშირის ანტიქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ის გახლავთ, რომ მის კონსტიტუციაში ნახსენები არ არის ევროპის ქრისტიანული ფესვები. წერენ ბერძნულ-რომაულ ტრადიციებსა და განმანათლებლობაზე, მაგრამ ქრისტიანობაზე სიტყვას არ ახსენებენ. ამის მიუხედავად, უძველესი კულტურა და ხელოვნება დღემდე ქრისტიანების წყალობით მოვიდა: ვერგილიუსის, ტაციტუსის, ჰომეროსისა და სხვათა ნაშრომები ბერებმა თავიანთ მიუვალ კელიებში გადაწერეს“.

მარფი აკრიტიკებს ე.წ. “woke”(გამოღვიძება) იდეოლოგიას, ლგბტ თემსა და მუსულმანების იმიგრაციას.
ყოფილი არქიეპისკოპოსის განცხადებით, ქრისტიანობის ძირფესვიანად აღმოფხვრას მუსულმანების მასობრივი იმიგრაციის ხელშეწყობით ცდილობენ.
„ჩემი აზრით, მუსულმანებს იმიტომ ეპატიჟებიან, რომ ევროპიდან ქრისტე და ქრისტიანობა განდევნონ. ასეთი ქმედებით (ევროპელები) საბოლოოდ ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ისლამი არასოდეს გაიზიარებს მათ ლიბერალურ პრინციპებს. პრაქტიკულად იგივე სიტუაციაა, რაც მაცხოვრის დროს იყო, როდესაც მწიგნობარები და ფარისევლები თავიანთ საშინელ მტერთან, პილატე პონტოლეთან, თანამშრომლობდნენ, რათა იესო გზიდან ჩამოეშორებინათ. მასონები და მუსულმანები ევროპაში ქრისტიანობის გასანადგურებლად გაერთიანდნენ“, – განაცხადა მარფიმ.
იმიგრაციასა და მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, ყოფილი არქიეპისკოპოსი ყველაზე დიდ საფრთხედ ე.წ. “woke”(გამოღვიძება) იდეოლოგიას და ლგბტ თემებს მიიჩნევს.
მარფის შეფასებით, რთული სათქმელია, რომელი უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ევროპას ე.წ. “woke”(გამოღვიძება) იდეოლოგია ისლამიზაცია თუ იმიგრაცია. მისი თქმით, ცდილობდნენ საზოგადოებაში „ლგბტ კულტი შეექმნათ“, რაც სასიკვდილო ცოდვაა და ბუნების კანონებსაც ეწინააღმდეგება“.
„ლგბტ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დავივიწყოთ ბავშვთა უფლებები. ერთი მხრივ, არ უნდა დაუშვათ, რომ მედიასაშუალებებმა, რეკლამებმა და საგანმანათლებლო სისტემამ მათი გენდერული იდენტობა და ორიენტაცია შეარყიონ. მეორე მხრივ, მათ აქვთ უფლება გახდნენ მშობლები“, – დაამატა მარფიმ.
ინტერვიუში ყოფილმა არქიეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანობის დასაცავად უნგრელები „ძალიან მაგრად უნდა ჩაეჭიდონ თავიანთ რწმენას“.

წყარო: https://is.gd/AexJbR