ავტორი დაგ ბენდოუ
უკრაინა მზად არის ამერიკელების გასაბითურებლად
რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან მიტჩ მაკკონელმა, რომელიც ნომინალურად წარმოადგენს ამერიკულ სახელმწიფოს და ნომინალურად ემსახურება ამერიკელ ხალხს, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტია. სენატორი აშკარად დაბნეულია და ვერ ხვდება ვის მიმართ უნდა გამოიჩინოს ლოიალურობა. იგი უნდა დაფიქრდეს იმის შესახებ, რომ არჩევნებში უკრაინაში მიიღოს მონაწილეობა, შესაძლოა დედაქალაქ კიევის მიმდებარე ოლქში.
უკრაინელ პოლიტიკოსებს ასეთი ეჭვები არ აქვთ. ისინი უკრაინას ემსახურებიან და მზად არიან გაანადგურონ ამერიკელები და აშშ ომშიც ჩაითრიონ თუკი ეს კიევის ინტერესებს მოემსახურება. რატომ? იმიტომ, რომ მაკკონელისგან განსხვავებით, უკრაინის ხელმძღვანელობა პრიორიტეტად თავისი ქვეყნის ინტერესებს მიიჩნევს.
თუ კიევის რწმენას – ‘უკრაინა უპირველეს ყოვლისა’ – გათვალისწინებით, უკრაინელი პოლიტიკოსები ძალიან უკმაყოფილო არიან ამერიკელებით, რომლებსაც ჰყოფნით გამბედაობა განაცხადონ, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს უნდა ასახავდეს.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერ კიევისთვის დახმარების აღმოჩენასა და რუსეთისთვის სანქციებს დაწესებას, მიმაჩნია, რომ ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამერიკელთა დაცულობა, უსაფრთხოება, თავისუფალება და კეთილდღეობა: ეს ნიშნავს კონფლიქტის ესკალაციისა და გაფართოების შესაძლებლობების შეზღუდვასა და მომავალში ფინანსური ვალდებულებების შემცირებას. ვაშინგტონმა დაჟინებით უნდა მოსთხოვოს სხვის იმედად მყოფ ევროპელებს, რომ თავად უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვა. ევროპელები ახლა უარს ამბობენ რამდენიმე თვის წინ დადებული პირობების შესრულებაზე, რაც სამხედრო ძალისხმევის გაზრდას უკავშირდება.
შედეგად, ე.წ. ‘დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედი ცენტრის’ (CCD) მიერ შედგენილი საძულველი ადამიანების სიაში აღმოვჩნდი. როგორც ჩანს, CCD ნაწილობრივ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდება. კიევის წარმომადგენლები არ ცდილობენ იმათ არგუმენტებს გასცენ პასუხი, რომლებიც უარს ამბობენ პირველ ადგილზე დააყენონ უკრაინა. პირიქით, CCD ადანაშაულებს ‘ატკაზნიკებს’ იმის შესახებ, რომ უკრაინული პროპაგანდის ნაცვლად რუსულ პროპაგანდას უწყობენ ხელს. კონგრესმა კიევს ფართოდ უნდა გაუხსნას სახაზინო და პენტაგონის საცავები. ყველა ამერიკელს ერთი აზრი უნდა ჰქონდეს, ზელენსკის მთავრობას ოსანა უნდა უმღეროს და უკრაინის სამხედრო მიზნების გარშემო უნდა გაერთიანდეს.
CCD-ის სიაში მარტო არ ვარ. ამ ჩამონათვალში შეხვდებით ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს Fox News-იდან და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ ჯონ მირშაიმერს, რომელმაც დაწვრილებით აღწერა თუ რა უარყოფითი როლი შეასრულეს შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ამ კრიზისის გამოწვევაში. სავარაუდოდ, ასევე შეხვდებით ეკონომისტ სტივ ჰენკს, რომელთანაც ჯერ კიდევ რეიგანის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი, ჟურნალისტ გლენ გრინვალდს, ეკონომისტ ჯეფრი საქსსა და სხვ.
ზელენსკის მთავრობის ემოციური განცხადების მიუხედავად, დღესაც მჯერა, რომ სასტიკი აგრესია სასტიკი აგრესიაა, თუმცა CCD-ის სია იმაზე მიუთითებს, რომ კიევს რაციონალური დებატებისა და რაციონალური პოლიტიკის ეშინია.
როგორც უკვე აღვნიშნე, მჯერა, რომ მოსკოვმა არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც უკრაინაში შეიჭრა. თუმცა თუ კიევი იმათ ტალახში ამოსვრას აპირებს, ვინც ისე არ იძინებს, რომ ‘მშვენიერო უკრაინა’ და ‘ღმერთო დაიფარე ზელენსკი’ არ დააგუგუნა, როგორც ჩანს სამართლიან პასუხს მიიღებს. ვისაუბროთ კიევის ნაკლოვანებებსა და იმაზე თუ რამდენმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა (მაგ. მაკკონელი), ანალიტიკოსმა და ჟურნალისტმა მოირგო უტიფარი უკრაინელი პროპაგანდისტის როლი.
უკრაინა რუსეთზე უფრო თავისუფალი ქვეყნაა, თუმცა დიდი დემოკრატიულობით ვერ დაიკვეხნის. ‘ფრიდომ ჰაუსი’ მას ომის დაწყებამდეც ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად მიიჩნევდა. ორგანიზაციის შეფასება: „კორუფცია დღემდე ენდემურია. მასთან საბრძოლველად მთავრობა წინააღმდეგობას წააწყდა და მარცხი განიცადა. თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, უმცირესობათა წარმომადგენლებს, რაზეც პოლიცია ხშირად არაადეკვატურად რეაგირებს“. ჩემი კოლეგა კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი ტედ გელენ კარპენტერი მიუთითებს ‘იმ ძალადობით ქმედებებზე, რომლებსაც შიდა კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებენ’ და სხვა ავტორიტარულ ტენდენციებზე. 2019 წელს უკრაინელთა მხოლოდ 9 პროცენტი ენდობოდა მთავრობას, 12 პროცენტი კი არჩევნების შედეგებს.
2014 წელს უკრაინაში მომხდარ არადემოკრატიულ პოლიტიკურ ცვლილებებს, დასავლეთში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მაიდანზე დაწყებული რევოლუცია ქუჩიდან იმართებოდა და არა საარჩევნო ყუთიდან. არჩვნებში, რომელსაც მრავალი ადამიანი სამართლიანად მიიჩნევდა, კორუმპირებულმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთთან იყო დაკავშირებული, დასავლეთი კი ევროპასა და ამერიკაზე იყო ორიენტირებული. ვიქტორ იუშჩენკომ, რომლის პრეზიდენტობა უკრაინისთვის დამღუპველი აღმოჩნდა, პირველ ტურში მეხუთე ადგილი დაიკავა და ამომრჩეველთა ხმების 5,5 პროცენტი მიიღო. ოპოზიციურად განწყობილ კიევში იანუკოვიჩის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო. იმდროინდელი გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციას მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი უჭერდა მხარს, იანუკოვიჩი კი 40 პროცენტიან მხარდაჭერას ინარჩუნებდა. აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანები რუსეთთან ეკონომიკურ სიახლოვეს ანიჭებდნენ უპირატესობას, ვიდრე ევროპასთან. ოთხი წლის შემდეგ ქვეყანა კვლავ ორ ბანაკად იყო გაყოფილი. მაიდანი დასავლეთი უკრაინისთვის ‘უფლებებისა და ევროპული ღირებულებებისთვის’ ბრძოლის სიმბოლო იყო, აღმოსავლეთისთვის კი ‘სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც დასავლეთი ხელმძღვანელობდა’.
არც ზელენსკია მთლად უცოდველი. სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა იგი ყოფილ პრეზიდენტსა და პოტენციურ მომავალ ოპონენტს, პეტრო პოროშენკოს, ღალატში ადანაშაულებდა. ეს სასამართლო დევნა ძალიან ჰგავდა იმ პროცესს, როდესაც დისკრედიტებულმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თავისი ოპონენტი იულია ტიმოშენკო გისოსებს მიღმა გამოკეტა. ‘ფრიდომ ჰაუსი’ წერდა: ‘გამოქვეყნებული ‘პანდორას დოკუმენტებით’ დგინდება, რომ ზელენსკი ორი უახლოეს თანამოაზრესთან ერთად ოქტომბერში ოფშორულ ფინანსურ საქმიანობაში იყო ჩართული. ეს დოკუმენტები ააშკარავებენ პოლიტიკური ლიდერებისა და სხვა ცნობილი პიროვნებების ოფშორულ საქმიანობას მთელ მსოფლიოში. იმავე თვეში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრმა (OCCRP) განაცხადა, რომ ზელენსკიმ პრეზიდენტობამდე ოფშორული კომპანიები დააფუძნა, თუმცა მათგან სარგებელს თანამდებობის დაკავების შემდეგაც იღებდა’.
კორუფციული საქმიანობის მიუხედავად, ზელენსკი, როგორც ჩანს, შეერთებული შტატებისა და ნატოს მოტყუებას ცდილობდა, როდესაც ამტკიცებდა, რომ უკრაინიდან გასროლილი და პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის ადრესანტი რუსეთი იყო. თუ რაკეტის ტრაექტორიისა და მწარმოებელი ქვეყნის იდენტიფიცირება დასავლეთისთვის დიდი სირთულე არ იქნებოდა, იგივეს გაკეთება არც უკრაინელ სამხედროებს გაუჭირდებოდათ. ან მათ მოატყუეს ზელენსკი ან ამ უკანასკნელმა მოატყუა დასავლეთი, რომელიც მის ომს აფინანსებს. ორივე შემთხვევაში, აშკარაა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი კიევს არ ენდობიან. სხვა ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამერიკის ომში ჩართვა მის ინტერესებში შედის მეგობარი არ არის და გულწრფელად რომ ვთქვათ რუსეთზე უფრო საშიშია. ეს ომი სავსებით შესაძლებელია, რომ ბირთვულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
უკრაინა და მისი მოკავშირეები ყოველდღე ატყუებენ მოსკოვს. დასავლეთს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით გამუდმებით შეცდომაში შეჰყავდა რუსეთი. ასევე ცრუ დაპირებებით კვებავდა უკრაინას, რომ ალიანსში გააწევრიანებდა. პოროშენკომ, ზელენსკის წინამორბედმა, აღიარა, რომ მინსკში მოსკოვსა და კიევს შორის იმიტომ არ გაფორმებულა შეთანხმება რომ განხორციელებულიყო. ამ შეთანხმებას ევროპა უჭერდა მხარს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ იგივე სიტყვები გაიმეორა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა. მოკავშირეები გასაგებად ამბობენ, რომ მოსკოვს არ ენდობიან, თუმცა რატომ უნდა მიიღოს რუსეთმა უკრაინის ან რომელიმე მოკავშირე ქვეყნის დაპირებები სერიოზულად?
აშშ არასოდეს შეურიგდებოდა რუსეთის მსგავს ქმედებას. წარმოიდგინეთ, რომ მოსკოვმა ვარშავის პაქტი სამხრეთ ამერიკაში გააფართოვა, მხარი დაუჭირა მექსიკაში კანონიერად არჩეული პროამერიკული მთავრობის დამხობას, შემდეგ კი ახალ ხელისუფლებას ვარშავის პაქტში გაწევრიანება შესთავაზა. ვაშინგტონში დიდი ისტერია დაიწყებოდა, მოითხოვდნენ მკაცრი პასუხის გაცემას, მათ შორის ომის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მორალური თვალსაზრისით კეკლუცობს, დღემდე აქტიურად განაგრძობს კუბისა და ვენესუელის ეკონომიკურად მოგუდვას, რათა ამ ქვეყნების ხელისუფლების სათავეში უფრო მეგობრული მთავრობები მოიყვანოს. ბოლოს და ბოლოს, ისინი შეერთებული შტატების გავლენის სფეროში მოიაზრებიან, როგორც ეს ორი საუკუნის წინ მონროს დოქტრინით განისაზღვრა.
ზემოთქმულის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრა დანაშაულია და შეერთებული შტატები უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში უნდა დაეხმაროს. თუმცა უკრაინის ხელისუფლების თავდასხმა ამერიკელებზე იმის გამო, რომ აშშ პირველ ადგილზე ეროვნულ ინტერესებს აყენებს, გვახსენებს, რომ ამერიკელებმა, უპირველს ყოვლისა, თავიანთი ინტერესები უნდა დაიცვან და არა ცრუ მეგობრები, როგორიცაა კიევი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი შეიძლება სასტიკ ომში ჩაითრიონ, რომელიც მისი არ არის. ალბათ, მოვიდა დრო, რომ შეერთებულმა შტატებმაც შექმნას ‘დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედი ცენტრი’, რომელიც უკრაინაზე იქნება ფოკუსირებული.
წყარო: https://is.gd/FEHa0I