ახალი ამბებისხვადასხვა

უკრაინისთვის დაპირებული 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის შესახებ ევროკავშირში უთანხმოებაა

0

რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა სწრაფად გადაჭრა პრობლემა, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მასალების მზარდ დეფიციტს უკავშირდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, მშვიდობის ევროპული ფონდის (EPF) ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად უკრაინის ომისკენაა მიმართული, ორი სხვადასხვა გეგმის დასაფინანსებლად 2 მილიარდი ევროთი გაიზრდება. მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში კიევს 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნონ.
უნდა აღინიშნოს, რომ სანამ უნგრეთი EPF-ში თავის წილს გადაიხდის, ბუდაპეშტს სურს, რომ კონსტრუქციული თავშეკავების უფლებით ისარგებლოს.
მათ სიჩქარესაც მყარი მიზეზი ჰქონდა, უკრაინას იარაღის მარაგები უმთავრდება. უკრაინის არმია დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებს მოიხმარს, დასავლეთი კი კიევის სამხედრო მარაგების შევსებას ვერ ასწრებს.
ყველაზე დიდი პრობლემა 155 მმ-იანი ჭურვებია, რომლებიც საარტილერიო ომში ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. თუმცა წარმოების სიმძლავრეები ძალიან შეზღუდულია (უკრაინა ერთ თვეში ისვრის იმდენ ჭურვს, რასაც შეერთებული შტატები 1 წელში აწარმოებს) და წარმოიშვა პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შესაძლო რაოდენობრივ მაჩვენებლებს: იარაღის მწარმოებლები დაჟინებით მოითხოვენ გრძელვადიან კონტრაქტებს იმ უზარმაზარი საინვესტიციო რისკის გამო, რომლებზეც შეერთებული შტატებისა თუ ევროკავშირის მთავრობებს ხელის მოწერა არ სურთ.
იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანია „რეინმეტალის“ ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის, თქმით, სიმძლავრეების გაზრდის ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მთავრობებმა უფრო ღრმად ჩაიყონ ჯიბეში ხელი და დიდი ხნის განმავლობაში შეუკვეთონ საბრძოლო მასალები.
„კონტრაქტის გარეშე არაფერს ვაწარმოებ“ – განაცხადა პაპერგერმა. ევროკავშირში სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დებატები.
მშვიდობის ევროპული ფონდიდან ერთი მილიარდი ევრო იმ ქვეყნებისთვის არის რეზერვირებული, რომლებიც უკრაინას საკუთარ იარაღსა და საბრძოლო მასალებს უგზავნიან. ეს თანხა ერთგვარი კომპენსაციაა, რათა ამ სახელმწიფოებმა გაღებული სამხედრი ტექნიკის ჩანაცვლება შეძლონ. ამ სფეროში დაბნეულობა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ესტონეთმა ბრიუსელს თავისი ინვოისები წარუდგინა.
კაია კალასის მთავრობა უკრაინას საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ძველ, უვარგის იარაღს უგზავნის. რეგულაციების არარსებობის პირობებში კალასის ეშმაკური საქციელი უკანონო არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ მან ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულიდან 134 მილიონი ევრო თავისი ქვეყნის არმიის შესაქმნელად ჯიბეში ჩაიდო, არა მხოლოდ სერიოზულ მორალურ პრობლემებს აჩენს, არამედ წინდაუხედავობასაც გამოხატავს.
ეს ამბიციური გეგმა აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ განხორციელდა. მთავარ საკითხზე, რაც საბრძოლო მასალებს ერთობლივ შესყიდვას უკავშირდება, ამ დრომდე პროგრესი მიღწეული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ეს საკითხი კვლავ განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა.
155 მმ-იანი ჭურვების ბედი გაურკვეველია. ამ დროს კი ყველა გაბრაზებულია – იარაღის მწარმოებლები, უკრაინელები, ბრიუსელი და შეერთებული შტატები.

წყარო: https://rmx.news/european-union/eu-nations-quarrel-about-1-million-artillery-shells-promised-to-ukraine/