პოლიტიკასხვადასხვა

რონ დესანტისი: უკრაინის ომი შეერთებული შტატების პრიორიტეტი არ უნდა იყოს

0

შეერთებული შტატები რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში ძალიან არ უნდა ჩაერიოს, ამის შესახებ ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, განაცხადა.
ცნობილმა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა და დონალდ ტრამპის რესპუბლიკელმა კონკურენტმა უკრაინის კონფლიქტის შესახებ თავისი მოსაზრებები მას შემდეგ გამოთქვა, რაც „ფოქს ნიუსის“ (Fox News) წამყვანმა, ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა, მოითხოვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები განემარტათ.
„მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ბევრი მნიშვნელოვანი, ეროვნული ინტერესი აქვს – ჩვენი საზღვრების დაცვა, ჩვენი სამხედროების მზადყოფნა კრიზისის მოსაგვარებლად, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ძალის შეკავება – აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიულ ბრძოლაში ძალიან ერთვება, რაც ჩვენს ინტერესში არ შედის“, – განაცხადა დესანტისმა გადაცემა Tucker Carlson Tonight-ისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში.
დესანტისმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უარი უნდა თქვას უკრაინის დახმარებაზე „რამაც შეიძლება ამერიკელი სამხედროების დისლოკაცია განაპირობოს ან უკრაინას თავის საზღვრებს მიღმა შეტევითი ოპერაციების განახორციელების საშუალება მისცეს“. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯების გადადგმა „იმის საშიშროებას ქმნის, რომ ამ კონფლიქტში შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერთოს და მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს დაპირისპირება ცხელ ფაზაში გადაიზარდოს“.
კონფლიქტთან დაკავშირებით ფლორიდის გუბერნატორის შენიშვნები დიდად არ განსხვავდება ტრამპის პოზიციისგან, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ცნობილ რესპუბლიკელებზე, მათ შორის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს იქამდე, „სანამ მშვიდობა არ აღდგება“.
ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „გარიგებას დადებდა“ და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის სანაცვლოდ თავიდან აირიდებდა კონფლიქტს, რომელმაც ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გასულ კვირას ყოფილმა პრეზიდენტმა შონ ჰენიტის რადიო შოუში განაცხადა: „არ დაგავიწყდეთ, რუსებმა ბუშის მმართველობისას საქართველო დაიპყრეს, ობამას მმართველობისას კი ყირიმი ჩაიგდეს ხელში. ბაიდენის მმართველობისას ყველაფერს იკავებენ. როგორც ჩანს, ისინი ყველაფერის დაკავებას აპირებენ, მთელი ენჩილადას მითვისებას აპირებენ, ისინი ყველაფერზე მიდიან.
„და ტრამპის მმართველობისას იცით რა ჩაიგდეს ხელში? ვერაფერი. მან (პუტინმა) გაიგო. იგი ამას არასოდეს გააკეთებდა“.
„ეს ყველაფერი მოლაპარაკების გარეშე მოხდა. შემეძლო მოლაპარაკება. უარეს შემთხვევაში შემეძლო გავრიგებულიყავი, რომ რაღაც ჩაეგდოთ ხელში, იცით, რამდენიმე რუსულენოვანი ტერიტორიაა, მართალია, შეგეძლოთ გარიგების დადება. ახლა კი უკრაინას ნაწილებად შლიან“, – დასძინა ტრამპმა.

წყარო: https://is.gd/cjJG8U