პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით NATO-ს ს წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა

0

16 მაისი, 2023 წ.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები ალიანსში კიევის მომავალი სტატუსის შესახებ მსჯელობენ. ყველა ქვეყანა თანხმდება, რომ ალიანსში უკრაინის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა ზოგიერთი წევრი კიევის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ (Washington Post) იტყობინება.
ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური NATO-ს მორიგი სამიტი გაიმართება. მოსალოდნელია, რომ წევრი ქვეყნების ლიდერები ბლოკსა და უკრაინას შორის კავშირების გაძლიერების თაობაზე შეთანხმდებიან.
გასულ თვეში NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრაზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. „ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მრავალი მიზეზის გამო… პრეზიდენტი ზელენსკი გაწევრიანების, უსაფრთხოების გარანტიების საკითხს დააყენებს  და ეს შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება“, – დასძინა სტოლტენბერგმა, „ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია“.
„პოსტის“ ინფორმაციით, ალიანსში აზრთა სხვადასხვაობაა. კიევი და აღმოსავლეთი ევროპის წევრი ქვეყნები ცდილობენ, რომ უკრაინა ბლოკში გააწევრიანონ, რაც კონკრეტულ ნაბიჯებსა და ვადებს მოიცავს, რათა ქვეყანა NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს. თუმცა ზოგიერთი დასავლეთევროპული ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, მათ პოზიციებს არ ეთანხმება და უპირატესობას რუსეთის წინააღმდეგ ომზე ფოკუსირებას ანიჭებს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი „წევრობას და უსაფრთხოების პოტენციურ გარანტიებს განიხილავენ, როგორც საკითხებს, რომლებიც ომის საბოლოო მოგვარების ფარგლებში უნდა გადაიჭრას“. ქვეყნები, რომლებიც კიევის ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, შიშობენ, რომ ამ ნაბიჯით ნატო რუსეთთან პირდაპირ ომში აღმოჩნდება ჩართული.
ვაშინგტონი მხარს უჭერს „NATO-უკრაინის ორგანოს ბიუროკრატიულ გაუმჯობესებას ან გადაწყვეტილებას ნატოს ტექნიკური მხარდაჭერის შემდგომი გაფართოების შესახებ, რაც უკრაინის თავდაცვის სექტორს უკავშირდება“, იტყობინება „პოსტი“. თუმცა, როგორც ჩანს, თეთრ სახლს არ სურს საჯაროდ გაახმოვანოს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
გასული თვის მიწურულს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა, განაცხადა, რომ ახალი წევრების მიღების შესახებ გადაწყვეტილება NATO-მ და გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და იქვე დასძინა, რომ ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის იარაღის მიწოდებაზეა კონცენტრირებული, რათა „რუსული აგრესია შეაჩერონ“.
„ვაშინგტონ პოსტი“ ერთ აღმოსავლეთევროპელ მაღალჩინოსანს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ „გერმანიას, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პინგ-პონგის მსგავსი რაღაც არსებობს“, როდესაც ყველა მთავრობა ერთმანეთს ადანაშაულებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელს უშლიან კიევის ბლოკში გაწევრიანებას. უთანხმოების მიუხედავად, ყველა მხარე თანხმდება, რომ ერთსულოვნების საჯაროდ წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კიევის გეგმები უარყოფითად შეაფასა. უკრაინაში შეჭრის მიზეზებზე საუბრისას პუტინმა განმარტა, რომ მთავარი მიზეზი NATO-ს გაფართოება და კიევის ალიანსში მოსალოდნელი გაწევრიანება იყო.

წყარო: https://libertarianinstitute.org/news/nato-members-split-on-how-to-upgrade-ukraines-status-at-upcoming-summit/