2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობა იზრდება: მხოლოდ 15 თებერვალს ტრანზიტი 15 პროცენტით გაიზარდა, 18 თებერვალს კი ზრდის დღიურმა მაჩვენებელმა 9,5 პროცენტი შეადგინა.
18 თებერვალს ‘გაზპრომმა’ უკრაინისგან თანხმობა მიიღო, რათა ‘სუჯას’ გაზსაზომი სადგურიდან, უკრაინის გავლით, ევროპაში 39,2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაეტანა. ამის შესახებ რუსული კონცერნის წარმომადგენელმა განაცხადა. წინა დღესთან შედარებით ეს 9,5 პროცენტით მეტია.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ბუნებრივი აირის გადატუმბვის მოცულობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან იზრდება. 31 იანვარს დღიური ტრანზიტის მოცულობამ 24,5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, მეორე დღეს 29,4 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 15 თებერვლისთვის 35,3 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიაზრდა.
‘გაზპრომის’ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა, ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთს ბუნებრივი აირი „მრავალი“ ათწლეულის განმავლობაში ეყოფა. „ამის გარანტიას კი მსოფლიოში უზარმაზარი, უდიდესი სარესურსო ბაზა იძლევა”, – განმარტა მილერმა.