პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინაში ომის ფონზე კორუფციული სკანდალია, ცხრა მაღალჩინოსანი თანამდებობიდან დაითხოვეს

0

უკრაინაში მთავრობის ცხრა მაღალჩინოსანს თანამდებობა დაატოვებინეს. ეს იყო პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი, რადგან მის ადმინისტრაციას კორუფციაში ადანაშაულებდნენ.
მინისტრთა კაბინეტის მდივნის, ოლეგ ნემჩინოვის, ‘ტელეგრამის არხის’ ცნობით, სამშაბათს, ოთხი მინისტრის მოადგილე და ხუთი რეგიონის გუბერნატორი გაათავისუფლეს.
Breitbart News-ის ინფორმაციით, იმავე დღეს თანამდებობიდან გადადგა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ოლექსი სიმონენკო.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლება კორუფციასთან დაკავშირებულმა ბრალდებებმა განაპირობა. თვეების განმავლობაში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი რუსეთთან კონფლიქტით პირად სარგებელს ნახულობდა – სამხედროებისთვის საკვებს გაბერილ ფასად ყიდულობდა და შვებულებას ფუფუნებაში ატარებდა იმ დროს, როცა მათი თანამემამულეები ფრონტის ხაზზე რუსებს ებრძოდნენ.
სავარაუდოდ, გასული წლის მიწურულს სიმონენკო ესპანეთში დასავენებლად ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის კუთვნილი ‘მერსედესით’ გაემგზავრა, ხოლო უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანი პარიზში გამართული წვეულების გამო საჯაროდ შეარცხვინეს, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში ომი გრძელდებოდა.

კვირას ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაში ყოველგვარ კორუფციას აღმოფხვრის. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვასილ ლოზინსკი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში სავარაუდო მონაწილეობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის, თქმით, იგი უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურმა მაშინ დააკავა, როცა 400 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ქრთამს იღებდა, რათა რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად დაზიანებული ობიექტების აღსადგენათ კონტრაქტების შედგენაში დახმარება გაეწია.

ლოზინსკის, რომელსაც შინაპატიმრობა მიუსაჯეს, პასპორტის ჩაბარება მოსთხოვეს, სპეციალური მაკონტროლებელი მოწყობილობის ტარება უბრძანეს და მოწმეებთან ურთიერთობა აუკრძალეს.
რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების, მაღალჩინოსნებმა უკრაინის ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინაში კორუფციას ფართოდ აქვს ფეხი მოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი და მისი თანაშემწეები კორუმპირებული მაღალჩინოსნების სამსახურიდან დათხოვნით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ კორუფციის აღმოსაფხვრელად მკაცრ ზომებს იღებენ, ეს სკანდალი ადასტურებს იმ კრიტიკას, რომელიც ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ მუდამ თან სდევდა.

წყარო: https://is.gd/n7ZwXk