ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისადმი მხარდაჭერამ ალიანსის წევრ ქვეყნებში იარაღისა და ამუნიციის სერიოზული დეფიციტი გააჩინა. ამავე დროს, ბუნდესვერის ხელმძღვანელმა, ანდრე ვიუსთნერმა, განაცხადა, რომ გერმანია თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით „თავისუფალ ვარდნაშია“.
„უკრაინისთვის გაწეული დახმარების გამო ნატოს იარაღისა და ამუნიციის მარაგები ეწურება“, – განუცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა Die Welt-ს. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების მასიური მხარდაჭერა, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნები უწევდნენ და უწევენ კიევს, სწორი და აუცილებელია, „მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მარაგები უნდა შევავსოთ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დახმარების გაწევა ისევ შევძლოთ “.
ვიუსთნერმაც იგივე თქვა გერმანიის შეიარაღებულ ძალებზე. გერმანული ტანკების (Leopard-2) გაგზავნა „ერთი მხრივ, კარგია უკრაინისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდია ბუნდესვერის საბრძოლო მზადყოფნისთვის“, – განაცხადა ვიუსთნერმა ოთხშაბათს ZDF-ის საინფორმაციო გადაცემა Morgenmagazin-ში.
„თუ გვინდა, რომ დავეხმაროთ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ კვლავ შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა, მთავრობამ უნდა გააძლიეროს სამხედრო მრეწველობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო წლები მკაცრი იქნება. არ უნდა დავიჯეროთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ორ-სამ თვეში დასრულდება და გერმანიის შეპირებული ტანკები სათითაოდ გაიგზავნება”, – განაცხადა ბუნდესვერის ხელმძღვანელმა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობენ, რომ თავის დაცვა ნაწილობრივ შეგვიძლია, თუ საერთოდ შეგვიძლია. სიმართლე ის არის, რომ თებერვლიდან განუწყვეტლივ ვაწვდით იარაღსა და ამუნიციას. თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით თავისუფალ ვარდნაში ვართ და ვერ ვხედავთ გარღვევის წერტილს“, – განაცხადა ვიუსთნერმა.
ბუნდესვერის ხელმძღვანელის თქმით, პოლიტიკოსებს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერაზე, არამედ გერმანიისა და დასავლური ალიანსის დაცვაზეც ეკისრებათ პასუხისმგებლობა.
წყარო: https://is.gd/3kdJRe