31 მაისი, 2023 წ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა განეცხადებინა თანამშრომლობს თუ არა კიევთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) მიერ დაკავებული აშშ-ის მოქალაქის, გონსალო ლირას გამო, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ პოლიტიკური შეხედულებების გამო დააპატიმრეს. ლირას არხი YouTube-ზე პოპულარობით სარგებლობს, მას Twitter-სა და Telegram-ზე ბევრი მიმდევარი ჰყავს. ლირა მწერალიც არის, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებასთან თანამშრომლობს, მათ შორის Business Insider-თან. კალიფორნიაში დაბადებული გონსალო ლირა აშშ-ისა და ჩილეს მოქალაქეა. მთელი ომის განმავლობაში იგი ქალაქ ხარკოვში ცხოვრობდა.
ლირა უკრაინის მთავრობას აკრიტიკებს. SBU-მა შეერთებული შტატების მოქალაქე რუსეთის ინტერვენციის გამართლების ბრალდებით დააკავა. „სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან ბლოგერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუს დამპყრობლებს მხარი დაუჭირა და მათ სამხედრო დანაშაულებს განადიდებდა“, – ნათქვამია SBU-ის პრესრელიზში.
SBU-მა ლირა „უკრაინის სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და თავდაცვის ძალების დისკრედიტაციაშიც“ დაადანაშაულა. მას ბრალი წაუყენეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 436-2 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის ქმედებების გამამართლებელი „მასალების გავრცელებას“ კრძალავს.
Epoch Times-ის რეპორტიორმა, ლიამ კოსგროუმ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივან მეთიუ მილერს ჰკითხა, იცოდა თუ არა ადმინისტრაციამ ლირას დაკავების შესახებ და რა დამოკიდებულება აქვს შეერთებულ შტატებს განსხვავებული შეხედულებების გამო უკრაინაში დაპატიმრებული ამერიკელის მიმართ.
„ზოგადად ვიტყვი, გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და აქ გავჩერდები“, – განაცხადა მილერმა.
კითხვაზე, მუშაობდა თუ არა ადმინისტრაცია ლირას გასათავისუფლებლად, მილერმა უპასუხა: „კომენტარს არ გავაკეთებ, აქ გავჩერდები“.
კოსგროუმ ლირას დაკავების შესახებ კითხვები რესპუბლიკელ ტედ ლუსა (D-CA) და მარჯორი ტეილორ გრინსაც (R-GA) დაუსვა: „ამერიკა უკრაინელებს ქვეყნის დასაცავად აწვდის იარაღს, სამხედრო ტექნიკას, თუმცა უკრაინის მთავრობა ნებისმიერი ამერიკელის სიტყვის თავისუფლების დაცვას არ აპირებს, რაც ნამდვილი პრობლემაა“, – აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა მარჯორი ტ. გრინმა.
ლუმ კი განაცხადა, რომ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ, თუმცა დასძინა, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებს „თავიანთი აზრებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა“ უნდა ჰქონდეთ. ლუმ ისიც განაცხადა, რომ ლირას დაკავების საქმეს გამოიძიებს.
იშვიათი გამონაკლისების გარდა, დასავლური მედია გონსალო ლირას დაკავებით არ დაინტერესებულა. მისი დაპატიმრების ფაქტს ამერიკული ონლაინგამოცემა Daily Beast-ი აშუქებდა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა ლირას, ნაცვლად იმისა, რომ კითხვები გასჩენოდა ბრალდებებთან დაკავშირებით. Beast-ის ცნობით, ამერიკელს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.