ახალი ამბებისხვადასხვა

უკრაინაში ბრიტანული Challenger 2 ააფეთქეს

0

6 სექტემბერი, 2023 წ.

უკრაინაში პირველი ბრიტანული „ჩელენჯერ 2“ (Challenger 2) გაანადგურეს. თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკი ცეცხლის ალშია გახვეული. ვიდეო, სავარაუდოდ,ზაპორიჟიის რეგიონში, ფრონტის მახლობლად არის გადაღებული.

დამწვარი ტანკის კადრები სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა. ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 14 Challenger 2 გაუგზავნა. ტანკის აფეთქებამ შესაძლოა მორალური დარტყმა მიაყენოს უკრაინელ სამხედროებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტანკის ეკიპაჟი უვნებლად გადარჩა.

ბრიტანული ტანკის განადგურება დრონით გადაღებული კადრებითაც დასტურდება. მის სიახლოვეს სხვა დამწვარი სატრანსპორტო საშუალებებიც ჩანს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

„ჩელენჯერ 2“-ის აფეთქებას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომაც ენიჭება, რომ გამოშვების დღიდან (1994 წ.) აქამდე საბრძოლო მოქმედებებში არცერთი მათგანი არ გაუნადგურებიათ. თუმცა ერაყში „მეგობრული ცეცხლის“ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. „გარდიანის“ (The Guardian) ინფორმაციით, ნაწილობრივ ეს იმ ფაქტს უკავშირდება, რომ „ჩელენჯერ 2“-ს დიდი რაოდენობით არ აწარმოებენ და იშვიათად იყენებენ საბრძოლო მოქმედებებში.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონმა კიევს 14 Challenger 2 გადასცა, უცნობია რა სიხშირით იყენებენ მათ უკრაინის შეიარაღებული ძალები. დიდი ბრიტანეთის არსენალში 213 Challenger 2 ინახება, მათგან 157 ვარგისია საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებისთვის. უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, ამ საბრძოლო ტანკებს ომანიც იყენებს.

უკრაინელებს ბევრი გერმანული „ლეოპარდიც“ (Leopard 2) აუფეთქეს, რომლებიც ბერლინმა კიევს დიდი რაოდენობით გადასცა.

https://rmx.news/article/first-british-made-challenger-2-tank-destroyed-in-ukraine/