პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინას კიდევ ერთი „ანგელოზი” ინვესტორი ჰყავს

0

‘ჯეი პი მორგანმა’, ‘ბლექროკის’ მსგავსად, უკრაინასთან სარეკონსტრუქციო თანხების გამოყოფის შესახებ შეთანხმება დადო.
ავტორი ბრედლი დევლინი
„ცხადია, რომ ამერიკულმა ბიზნესმა შეიძლება ლოკომოტივის ფუნქცია იტვირთოს, რომელიც კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს გლობალური მასშტაბით ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იანვრის მიწურულს ბოკა რატონის სავაჭრო პალატაში გამოსვლისას, სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ‘ბლექროკი’ (BlackRock), ‘ჯეი პი მორგანი’ (JP Morgan), ‘გოლდმან საქსი’ (Goldman Sachs) და სხვები „უკვე გახდნენ ჩვენი უკრაინული გზის ნაწილი“.
ზელენსკის არ დაუზუსტებია თუ რას ნიშნავს „უკრაინული გზა“. შესაძლოა „უკრაინული გზა“  ფართოდ გავრცელებულ კორუფციას ნიშნავდეს – ზელენსკიმდე ორ პრეზიდენტს ან ბრალი წაუყენეს ან სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს. მრავალი სახელმწიფო მოხელე სახლში გაუშვეს ან ომის დროს თანხების არასათანადო გამოყენების გამო თანამდებობის დატოვება აიძულეს. როგორც უნდა იყოს, JP Morgan-ს ამ ომისგან უფრო მეტის მიღება სურს.
ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, JP Morgan-მა და ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკი უკრაინას რეკონსტრუქციაში დაეხმარება. შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „მხარეებმა განიხილეს, რომ უკრაინის აღდგენის მიზნით შეიქმნას კერძო კაპიტალის მოსაზიდი პლატფორმა და უკრაინაში დიდი საინვესტიციო პროექტების პერსპექტიული მიმართულებები, განსაკუთრებით მწვანე ენერგიის, IT-სა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სექტორებში“.
JP Morgan-ის ხელმძღვანელებმა გასულ კვირას რამდენიმე დღე დაჰყვეს უკრაინაში. შეხვდნენ ზელენსკის, მინისტრებს, ოფიციალურ პირებს. სტუმრებმა უკრაინის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად რამდენიმე ქალაქი მოინახულეს. პირველი შეფასებების შემდეგ JP Morgan-ის ხელმძღვანელებმა ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც 20-30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფონდის შექმნის საკითხი განიხილეს, რათა უკრაინას რეკონსტრუქციაში დაეხმარონ, იტყობინება ‘ფოქს ბიზნესი’ (Fox Business). შეხვედრაზე სხვა იდეებიც განიხილეს. მაგალითად, შეიქმნას ბანკი, რომელსაც ‘უოლ სთრითის’ (Wall Street) გიგანტები უხელმძღვანელებენ, რათა ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, როგორებიცაა გზები, ხიდები და ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები.
შეხვედრის დროს ზელენსკიმ JP Morgan-ის ხელმძღვანელებს განუცხადა: „კარგად მესმის, რომ ბიზნესის კეთება და ინვესტირება არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი მხარისთვის იყოს მომგებიანი. გვსურს, რომ უკრაინაში კაპიტალი დააბანდოთ და ფინანსური მოგება მიიღოთ“.  ამაზე JP Morgan Chase-ის თავმჯდომარემ და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს დაიმონმა, უპასუხა: „ვამაყობთ იმით, რომ უკვე დიდი ხანია, რაც უკრაინას ვუჭერთ მხარს  და მზად ვართ ამ ქვეყნის აღდგენასა და მისი ხალხის კეთილდღეობის საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. JP Morgan Chase-ის მთელი რესურსი ხელმისაწვდომია უკრაინისთვის, რომელიც კონფლიქტის დასრულების შემდეგ განვითარებას გეგმავს“.
ვიზიტის დასასრულს JP Morgan-ის ხელმძღვანელებმა ზელენსკის ‘ნიუ ინგლენდ ფეთრიოთსის“ (New England Patriots) 91-ნომრიანი მაისური აჩუქეს. სწორედ ამ წელს გამოაცხადა უკრაინამ დამოუკიდებლობა და ამ წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი.
დაიმონის თქმით, უკრაინის ომი „დასავლური სამყაროსთვის გადამტეხი მომენტია 100 წლის განმავლობაში“.
მიუხედავად იმისა, რომ JP Morgan-ი შეიძლება შეერთებულ შტატებში ბაზირებულ სხვა ამერიკულ კომპანიებთან, მაგალითად BlackRock-თან ერთად, რომელმაც ასევე გააფორმა უკრაინის მთავრობასთან ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი სარეკონსტრუქციო თანხების გამოყოფის შესახებ, უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ მრჩევლად მიიჩნევდეს თავს, მას ამჟამად ბაზარზე კარგი პოზიციები აქვს, რაც ამ ფინანსურ გიგანტს უკრაინის ომის გაგრძელებით სარგებლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. მაგალითად, 15 თებერვლის მდგომარეობით, ‘ჯეი პი მორგან ინვესთმენთ მენეჯმენტი“ (JP Morgan Investment Management) ‘რეითიონის’ (Raytheon, 2,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების), ‘ნორთროპ გრამენისა’ (Northrop Grumman, 1,3 მილაირდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების) და ‘ჯენერალ დაინემიქსის’ (General Dynamics) აქციებს ფლობდა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ JP Morgan-ი უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობით უკანონობას სჩადის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოდენობით აქციებს ფლობს იარაღის მწარმოებელ ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებში. JP Morgan-მა, BlackRock-მა და სხვა ფინანსურმა გიგანტებმა შეიძლება სარგებელი მიიღონ ამ ომის გახანგრძლივებით, რასაც ხელს უწყობს უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უწყვეტი გადაცემა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებში მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ. ამავე დროს, ზემოხსენებულ კორპორაციებს უკრაინის რეკონსტრუქციაში კაპიტალის დაბანდებით შეუძლიათ  თავიანთი ფინანსური მოგება კიდევ უფრო გაზარდონ. ეს პროექტი, როგორც ჩანს, უფრო მასშტაბური და შესაძლებლობების თვალსაზრისით უფრო რენტაბელური ხდება კონფლიქტის გაჭიანურების წყალობით.
როგორც წმინდა თომა აქვინელი ამბობდა, პოლიტიკური ცხოვრების მიზანი მშვიდობაა. რატომ დაიწყებს უკრაინა რუსეთთან მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებს, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია – რომლის დოქტრინაა „დავეხმარებით უკრაინას იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება“ – და ‘უოლ სთრითის’ ძლევამოსილი მოთამაშეები იმდენად დაინტერესებული არიან უკრაინის გამარჯვებით, რომ თვალთმაქცობენ თითქოს ამას წინ ვერაფერი დაუდგება?
JP Morgan-ი შეიძლება უკრაინის ანგელოზ ინვესტორად მიიჩნევს თავს, თუმცა  გამორიცხული არ არის, რომ სიკვდილის ანგელოზი აღმოჩნდეს.

წყარო: https://is.gd/n3XtoW