პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დიდი დემილიტარიზებული ზონის შექმნის მოწოდებით გამოდის, რაც მოლაპარაკებების დაწყების პირობაა

0

14 ივნისი, 2023 წ.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწემ ომის დასრულების პირობად რუსეთს უკრაინის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვა. კიევი იმედოვნებს, რომ მოსკოვის საზღვრებში არსებული ტერიტორია საერთაშორისო ძალებით დაკომპლექტდება.

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ტერიტორიაზე 100-120 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.

კიევი მოსკოვის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე კონტროლის დაწესებას ცდილობს. „შეტევითი იარაღის (გაფართოებული დიაპაზონის რაკეტები) შემცირება. საერთაშორისო კონფერენცია [რუსეთის ფედერაციის] ბირთვულ არსენალზე კონტროლის დაწესების მიზნით“, − დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ბოლო დღეებში პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში მოსკოვს სხვა მოთხოვნებიც წაუყენა. შაბათს ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ ომი შეიძლება  მხოლოდ მაშინ დასრულდეს, როდესაც რუსეთის მთავრობა ვლადიმირ პუტინს ძალაუფლებას ჩამოაშორებს.

კრემლის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან „სასაუბრო არაფერი გვაქვს“, ომის დანაშაულთა გამო კი პუტინის ექსტრადიცია უნდა განხორციელდეს, − დასძინა ზელენსკის მრჩეველმა.

იმ დროს, როცა კიევი კონფლიქტის დასრულების შესახებ ცალმხრივი წინადადებებით გამოდის, უკრაინელი სამხედროები მოსკოვის კონტროლირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან. რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს აკონტროლებს. ცოტა ხნის წინ მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ, ქალაქი ბახმუტი აიღეს. კრემლში აცხადებენ, რომ ანექსირებულ ხუთ ოლქს კიევს არ დაუბრუნებენ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევმა მოსკოვს პოდოლიაკის მოთხოვნილ დათმობებზე წასვლა აიძულოს. თუმცა ზელენსკის მრჩევლის მიერ წაყენებულმა პირობებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა მოლაპარაკების დასაწყებად ბიძგის მიცემას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ზელენსკი ბრაზილიის ლიდერს არ შეხვდა. გარდა ამისა, მოლაპარაკებებით ომის დარეგულირების საკითხზე აფრიკული ქვეყნების კოალიციაც და ჩინეთიც მუშაობს.

წყარო: https://libertarianinstitute.org/news/ukraine-calls-for-massive-demilitarized-zone-inside-of-russia/