პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინა NATO-ში ვერ გაწევრიანდება

0

ავტორი დაგ ბენდაუ, 22 მაისი, 2023 წ.

შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, რომელიც არაერთი სამხედრო ალიანსის წევრია. მას უფრო მეტი მოკავშირე ჰყავს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აწარმოებს კამპანიას, რათა თავისი ქვეყანა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს, რაც მისივე თქმით, „დროული სიგნალი იქნება“. კიევის წინადადებას მხარს უჭერს შეერთებული შტატების კიდევ ერთი უმწეო ვასალი ესტონეთი, რომლის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა, განაცხადა: „ამჟამად ალტერნატივა არ არსებობს“. ესტონელმა მაღალჩინოსანმა, ტული დანტონმა, რომელიც თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, ალიანსს მოუწოდა უკრაინელებს უთხრას, რომ „იმ ტანჯვის შემდეგ, რაც გადაიტანეს, მათი ადგილი NATO-შია“. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის, განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება „პრინციპში გარდაუვალია“ და „ალიანსს უკრაინის მისაღებად გზების გამონახვა მოუწევს“.
სინამდვილეში NATO-ს გზების გამონახვა არ მოუწევს. უკრაინა ტრანსატლანტიკური ალიანსის მიღმა უნდა დარჩეს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ესტონეთი მზად არ იქნება მის დასაცავად. ეს შეიძლება გარკვეული ხანი გაიწელოს, რადგან ტალინი ხარჯების თვალსაზრისით 31 წევრიდან 25-ე იყო და 2021 წელს მხოლოდ 6,800 სამხედრო პერსონალი განალაგა. სამწუხაროდ, სამხედრო ხარჯები მძიმე ტვირთად კვლავ აშშ-ს აწვება.

ვაშინგტონი მოკავშირეებს ისე ექცევა, როგორც ფეისბუქის მეგობრებს, აგროვებს რაც შეიძლება მეტს, განურჩევლად მათი ღირებულებისა.

რამდენიმე წლის წინ შეერთებულმა შტატებმა ალიანსში მონტენეგროსა და ჩრდილოეთი მაკედონიის მიღება აღნიშნა – პირველი “დეკორატიული” ქვეყანაა, მეორეს კი წლების განმავლობაში ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ეს ქვეყნები სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით ალიანსის  31-ე და 30-ე ადგილებს ინაწილებდნენ. შემდეგ ჯერზე NATO-ში დიდი ფენვიკის საჰერცოგო გაწევრიანდება.
მოკავშირეებს შეერთებული შტატების ექსტრაორდინალური ძალა იზიდავს, განსაკუთრებით სუსტებს, რომლებსაც ხარჯების გაღება არ უნდათ. ქვეყნების უმეტესობას სურს, რომ უსაფრთხოების გარანტია ბირთვული იარაღის მქონე ბიძია სემისგან მიიღოს, რათა საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა მოიხსნას.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ევროპელები და იაპონელები ამერიკის სამხედრო ვასალები გახდნენ. 1953 წელს სამხრეთ კორეამ თავდაცვის კუთხით სანატრელი „ორმხრივი“ ხელშეკრულება გააფორმა. მომდევნო წლებში სხვა სახელმწიფოებმა ოფიციალური ან ზოგჯერ არაოფიციალური მოკავშირის სტატუსი მიიღეს.
ომით განადგურებული მნიშვნელოვანი სახელმწიფოების დაცვას საბჭოთა და მასთან დაკავშირებული აგრესიისგან აზრი ჰქონდა ცივი ომის პირველ წლებში, სანამ ეს ქვეყნები ეკონომიკურად ფეხზე არ დადგებოდნენ. თუმცა ამერიკელი სამხედროების განთავსება დროებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო. ამერიკელი ისტორიკოსის, ჯეიმს მაკალისტერის, თქმით, „ამერიკელი პოლიტიკოსები ფრანკლინ დელანო რუზველტიდან დაწყებული დუაიტ ეიზენჰაუერით დამთავრებული ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ, რომ ევროპა სამხედრო თვალსაზრისით შეერთებული შტატებზე მუდმივად არ ყოფილიყო დამოკიდებული“. „ჩვენ ვერ ვიქნებით თანამედროვე რომი, რომელიც შორეულ საზღვრებს ჩვენი ლეგიონებით დაიცავს. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ჩვენი საზღვრები არ არის“, – განაცხადა ეიზენჰაუერმა.
დღესდღეობით ევროპული სახელმწიფოების უმეტესობა თითქმის არ ზრუნავს სამხედრო მრეწველობაზე, სულ მცირე, ისინი, რომლებსაც სერიოზული სამხედრო ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ. ბოლო წლებში ბერლინის განხორციელებული შენაძენები და მზადყოფნა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდებოდა. გაურკვეველია, დაამარცხებს თუ არა გერმანია ესტონეთს უშუალო ბრძოლაში, თუმცა მონტენეგრო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. შარშან გაკეთებული მკაფიო განცხადების მიუხედავად, მთავრობამ, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელმძღვანელობს, სერიოზულ გადაიარაღებასთან დაკავშირებით თავისი დაპირებები უკან წაიღო.
არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ აშშ ევროპას „ამშვიდებს“, რომ ამერიკელები მზად არიან მოკვდნენ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა თავს არ შესწირავს. მათ, ისევე როგორც სამარცხვინო დიკ ჩეინს, აშკარად „სხვა პრიორიტეტები“ აქვთ. არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ბიძია სემი დაჟინებით თამაშობს Uncle Sucker-ის როლს.
გულწრფელად რომ ვთქვათ, მონტენეგროს გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომლის დაპყრობაც არ ღირს. რუსეთს პოდგორიცას ხელში ჩაგდება არ აინტერესებს და მის გამო არც მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს.
რასაც ვერ ვიტყვით უკრაინაზე. მონტენეგროს მსგავსად ეს ქვეყანაც მნიშვნელოვანი არ არის აშშ-ის უსაფრთხოებისთვის, თუმცა მოსკოვისთვის და არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტისთვის იგი ეგზისტენციალურ ინტერესს წარმოადგენს.
ბუშის უპასუხისმგებლო ადმინისტრაცია, რომელმაც ერაყი უკვე გაანადგურა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას შეპირდა. თუმცა შემდგომმა ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ალიანსის სხვა წევრებმა უარი თქვეს ვალდებულების შესრულებაზე, სამართლიანად გადაწყვიტეს, რომ რუსეთის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მიუხედავად, კიევის დაცვა არ ღირდა.
მოკავშირეების უარმა მოსკოვს უკრაინაში შეჭრისთვის ხელ-ფეხი გაუხსნა. არ შესრულდა მინსკი 2-ის შეთანხმებაც, რომელსაც ქვეყნის რუსულენოვანი აღმოსავლეთი ნაწილისთვის უფრო მეტი ავტონომია უნდა მიენიჭებინა. მართლაც, გასული წლის დეკემბერში, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა, აღიარა, რომ ეს ვალდებულება ერთგვარი ხრიკი იყო, რათა კიევს დრო მოეგო. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება, სისხლის ღვრასა და ნგრევაში დანაშაული მოკავშირეებსაც მიუძღვით.
ამის მიუხედავად, მოკავშირეები დაპირებებს კვლავ იძლევიან, თუმცა უშედეგოდ. გასული წლის შემოდგომაზე ბუქარესტში NATO-ს წევრებმა განაცხადეს: „მტკიცედ ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას ეხება“. თუმცა, როგორც ადრე, პირობა პირობად დარჩა. როდესაც ამ საკითხის შესახებ ჯეიკ სალივანს კითხვა დაუსვეს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უპასუხა, რომ „ეს პროცესი ბრიუსელში სხვა დროს უნდა განიხილონ“. სავარაუდოდ, სხვა განზომილებასა და სამყაროში.
ივლისის სამიტის მოახლოებასთან ერთად NATO-ში უკრაინის შესახებ აზრი ორად არის გაყოფილი. აშშ და გერმანია სწრაფ მოქმედებებს ეწინააღმდეგებიან. აღმოსავლეთევროპელები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, რომ შეერთებული შტატებისთვის მსხვერპლი და ფინანსები გაიღონ, „ცდილობენ, რომ სამიტამდე ვაშინგტონმა თავისი კურსი შეცვალოს“.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ „უკრაინას ნატოში გაწევრიანებაში დაეხმარება“. ვფიქრობ, რომ „შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ვიმუშავებთ იმაზე თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას საბჭოთა სტანდარტებიდან, დოქტრინებიდან თუ აღჭურვილობიდან გადავიდეს NATO-ს სტანდარტებზე, დოქტრინებსა და აღჭურვილობაზე, რათა ალიანსთან სრულიად შეთავსებული გახდეს“. ეს ნაბიჯი კიევს კვლავ ილუზიების ტყვეობაში დატოვებს, რუსეთს კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშებს გაუღვივებს.
უკრაინისთვის ბრძოლა რომ ღირდეს, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. კონფლიქტის შედეგი ეჭვის ქვეშ დგას. უკრაინის მოჩვენებითი მეგობრებიც კი აღიარებენ, რომ კიევს ომში სრული გამარჯვებისთვის საკმარისი ადამიანური რესურსი და იარაღი არ აქვს.
გაცილებით დიდი რესურსისა და ეკონომიკური ბაზის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ამ ომში გაიმარჯვოს. თუმცა, ეს გამოუვალი მდგომარეობა უკრაინას დიდ შვებას ვერ მისცემს. ომში ათაიათასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, მილიონობით ადამიანმა ქვეყანა დატოვა და უცხოეთს შეაფარა თავი, განადგურდა ქალაქები, ეკონომიკა უცხოურ დახმარებებზეა დამოკიდებული, ქვეყნის მომავალი კი ბურუსითაა მოცული. მართლაც, მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ, რომ კიევმა ბრძოლა განაგრძოს, რათა განსაზღვრული შედეგი მიიღონ – რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე ებრძოლონ და დაასუსტონ.
ამერიკელი პოლიტიკოსები შეიძლება ფიქრობენ, რომ „ფასი მისაღებია“, როგორც წლების წინ მადლენ ოლბრაიტმა სანქციების შედეგად დაღუპული ერაყელი ბავშვების შესახებ განაცხადა. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი 2022 წელს გარდაიცვალა. ევროპელთა აღგზნებული რიტოროკისა და უკრაინის თავდაცვის მიმართ მატერიალური ვალდებულებების მიუხედავად, კონფლიქტში არავინ ჩაერთვება. პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები მოკავშირეებს მოუწოდებენ, რომ კიევს კიდევ უფრო მეტი პროვოკაციული მხარდაჭერა აღმოუჩინონ, თუმცა შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე აქტიურ ჩარევას ვერ ბედავენ.  მართლაც, ვარშავასა და NATO-ში ყველა დაწყნარდა, როდესაც გაირკვა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინამ ისროლა და არა რუსეთმა.
საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერჯერობით მოსკოვთან გლობალური დაპირისპირება არ სურს, რამაც შეიძლება ამერიკას და უკრაინას ბოლო მოუღოს. ხარჯები და რისკები, რომლებიც თან ერთვის დროში გაწელილ კონფლიქტს, როდესაც რუსეთი კიდევ უფრო ანტაგონისტური და/ან სასოწარკვეთილი ხდება, ფინანსურად შეჭირვებული და პოლიტიკურად არასტაბილური ამერიკისთვის დიდებული იქნებოდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხი უნდა გასცეს უკრაინის არც თუ ისე დახვეწილ მცდელობას – ალიანსში გაწევრიანების შეთავაზებით შეერთებული შტატებისა და ევროპელების მანიპულირება მოახდინოს და საბოლოოდ ომში ჩაითრიოს. გასული წლის მარტში, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა მოლაპარაკების გზით კონფლიქტის მოგვარების იმედი, ზელენსკიმ ამ ვარიანტზე უარი თქვა: „გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის; ვაცნობიერებთ ამას… წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, თუმცა უკვე გავიგეთ, რომ იქ ვერ შევალთ, ეს სიმართლეა და უნდა ვაღიაროთ“. როგორც ჩანს, მისი გეოპოლიტიკური ამბიციების ზრდა საშინაო პოლიტიკური ზეწოლის, ბრძოლის ველზე გასაოცარი წარმატებისა და სრული საგარეო მხარდაჭერის ნაზავია. ვაშინგტონმა უარი უნდა უთხრას ზელენსკის მცდელობას და პრიორიტეტად მშვიდობა აქციოს.

წყარო: https://www.theamericanconservative.com/ukraine-cant-join-nato/?fbclid=IwAR00h_CFg6FoKg-8EgrXMn1TjdkSQAyzE_PfVLR0BCJzSBEQSKnqlfDdCPA