მთავარი ამბავი

უკრაინა – ცრუ დემოკრატია

0

ავტორი ტედ გელენ კარპენტერი

როგორც ჩანს, უკრაინის დასავლელ გულშემატკივრებს სირცხვილის გრძნობა არ აწუხებთ. ისინი ამ ქვეყანას ისე წარმოაჩენენ, თითქოს იქ თავისუფლებისმოყვარე დემოკრატია ყვაოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მომრავლებული მტკიცებულებები საპირისპიროს მეტყველებენ. ამის თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ ის ფაქტი, როდესაც 2022 წლის დეკემბრის მიწურულს ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ვოლოდიმირ ზელენსკის კონგრესის ერთობლივ სესიაზე დიდი ოვაციებით შეეგებნენ. მის მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე მედიის წარმომადგენლები.
Voice of America-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ზელენსკის კონგრესში სიტყვით გამოსვლა 1941 წლის დეკემბერში უინსტონ ჩერჩილის კონგრესისადმი მიმართვას შეადარა. The New York Times-ი ამტკიცებდა, რომ უკრაინის საზოგადოება მორალურად გაძლიერდა, რადგან ზელენსკის ვაშინგტონში ‘გმირივით შეხვდნენ’. 19FortyFive-ის უფროსმა რედაქტორმა, მეთ სუშამ, მკაცრად გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები ლორენ ბობერტი და მეთ გეტცი, რადგან „ისინი აპლოდისმენტებით არ შეხვდნენ კონგრესში სიტყვით გამოსულ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის მიმართ არც ოვაციები გამოხატეს“. რედაქტორმა ისიც აღნიშნა, რომ მათ განსხვავებულ აზრს რუსულმა მედიამ გაუსვა ხაზი. დეივიდ ფრამი The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამტკიცებდა, რომ ზელენსკიმ „ჩვენს თავთან“ და ჩვენს დემოკრატიულ ფასეულობებთან დაგვაბრუნა. ფრამმა საკმაოდ სენტიმენტალური ტონით განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „შეერთებულ შტატებში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მადლობა გადაგვიხადოს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მადლობა მას ამერიკელებმა უნდა გადაუხადონ“.

ზელენსკის სიტყვით გამოსვლამ უკვდავყო მითი იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეუპოვარი დემოკრატიაა, რომელიც თავისუფლების ბასტიონებს რუსეთის თავდასხმისგან იცავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს მდგომარეობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებში დაახასიათა, როდესაც განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი ერთი მხრივ გლობალური ბრძოლის ნაწილი იყო, მეორე მხრივ კი, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა. New York Times-ის მიმომხილველი ჯერმან ლოპესი ამტკიცებს, რომ „უკრაინის გარშემო დასავლეთის მტკიცე გაერთიანება 2022 წლის მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიუთითებს, რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია მომავალ გლობალურ მოვლენებზე“. „ეს იყო წელი, როდესაც ლიბერალურმა დემოკრატიამ კონტრდარტყმა განახორციელა“, დაწერა ჯენენ გენეიშმა The Financial Times-ში.

რთული სამყაროს ასეთი უკიდურესი გამარტივება იმ შემთხვევაშიც საკმაოდ ცუდი იქნებოდა, უკრაინა ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო რომც ყოფილიყო. თუმცა უკრაინა ამ სტატუსს რუსეთის შეჭრამდეც არ იმსახურებდა, ხოლო კონფლიქტის დაწყების შემდეგ კიევმა სისტემატიური რეპრესიული მანქანა კიდევ უფრო აამუშავა. დღევანდელი უკრაინა კორუმპირებული და მეტად ავტორიტარული სახელმწიფოა. ეს არ არის დემოკრატია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სამწუხაროდ, კიევის დასავლელი მხარდამჭერები ზელენსკის რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკას არ იმჩნევენ, აფერადებენ ან ამართლებენ კიდეც.

ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ კრძალავენ ოპოზიციურ პარტიებს და არ ხურავენ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს. ასეთ ქვეყნებში მედიასაშუალებებს მკაცრ ცენზურას არ უწესებენ (და არც ხელისფლების მკაცრ კონტროლს უქვემდებარებენ), მათ არ ხურავენ. ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ეკლესიებს უკანონოდ არ აცხადებენ, რადგან მთავრობის პოლიტიკას არ უჭერენ მხარს.  ასეთ ქვეყნებში პოლიტიკურ ოპონენეტებს არ აპატიმრებენ, მითუმეტეს არსებითი სამართლებრივი პროცედურების გარეშე და არც პოლიტპატიმრებს აწამებენ. ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნებში არ აქვეყნებენ შიდა და უცხოელი კრიტიკოსების „შავ სიებს“ და მათ მიზანში არ იღებენ. უკრაინის მთავრობამ ზემოხსენებული ყველა არასამართლებრივი ქმედება განახორციელა.

მაიდანის რევოლუციიდან რამდენიმე თვეში შიდა კრიტიკოსების გაჩუმება დაიწყეს. ეს პროცესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. ჯერ კიდევ წინა პერიოდში უკრაინელი მაღალჩინოსნები ავიწროებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, აწესებდნენ ცენზურასა და ხელს უშლიდნენ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებსაც ხელისუფლებისა და მათი პოლიტიკის კრიტიკოსებად მიიჩნევდნენ. ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედებები გააკრიტიკეს „ემნესთი ინთერნეშენალმა“  (Amnesty International), „ჰიუმენ რაითს ვოჩმა“ (Human Rights Watch), ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OSCE, ეუთო) და სხვა დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა.
უკვე ზელენსკის მმართველობისას, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, რეპრესიების დონე გაიზარდა. დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით კიევის მიღწევები არც ომის დაწყებამდე იყო შთამბეჭდავი. „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) 2022 წლის ანგარიშში უკრაინა „ნაწილობრივ თავისუფალ“ კატეგორიაში მოხვდა და 100-დან 61 ქულა დააგროვა. 2021 წელს „ჰიუმენ რაითს ვოჩის“ გამოქვეყნებული ანგარიშში, რომელიც უკრაინას ეხებოდა, ნახსენები იყო სამთავრობო ძალების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები – „თვითნებური დაკავებები, წამება ან არასათანადო მოპყრობა“. ჟურნალისტებსა და მედიამუშაკებს „ავიწროვებდნენ და ემუქრებოდნენ მათი საქმიანობის გამო“. 2021 წლის თებერვალში უკრაინის მთავრობამ რამდენიმე ოპოზიციური მედიასაშუალება დახურა თითქოს ისინი რუსულ პროპაგანდას ეწეოდნენ.

ეს დინამიკა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა. ზელენსკიმ 11 ოპოზიციური პარტიის უკანონოდ გამოცხადების გასამართლებლად კონფლიქტის დაწყება მოიშველია. მან საომარი მდგომარეობაც გამოაცხადა. ზელენსკის გამოცემული პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ყველა ნაციონალური ტელევიზია ერთ პლატფორმად გაერთიანდა. უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, ასეთი ზომები  საჭირო იყო ომის შესახებ „ერთიანი გზავნილის“ უზრუნველსაყოფად და ე.წ. დეზინფორმაციის თავიდან ასარიდებლად. 2022 წლის 29 დეკემბერს ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც მისმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში დაამტკიცა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა დამოუკიდებელი პრესა. ბოლოს მიღებული კანონი გამომცემლობებს საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიების მოპოვებას ავალდებულებს. ნებისმიერი მედიაორგანიზაცია, რომელსაც საჭირო დოკუმენტაცია არ ექნება, შეიძლება დაუყოვნებლივ დახურონ. ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ასეთი ნებართვების გაცემა დაევალება, რა თქმა უნდა, ზელენსკი გააკონტროლებს.

მთავრობამ რელიგიურ ინსტიტუტებზეც მიიტანა იერიში. შემავიწროვებელი და რეპრესიული ქმედებები 2022 წლის შემოდგომაზე მოსკოვთან დაკავშირებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იწვნია თავის თავზე. იმავე წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა იმ რელიგიას აკრძალავს, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, ეს ნაბიჯი „უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“ არის საჭირო. აკრძალვა განსაკუთრებით იმ მილიონობით უკრაინელს შეეხებოდა, რომლებიც რუსულ მართლმადიდებლობასთან აიგივებდნენ თავს. მართლაც, კიევმა მალევე დაუწესა სანქციები კონკრეტულ მართლმადიდებელ რელიგიურ მოღვაწეებს. დასავლეთმა, რომელიც  ზელენსკის ერთ-ერთი დამცველია, განაცხადა, რომ  ეს საკითხი „ძალიან რთული იყო“. ეს იყო გაურკვეველი პოზა, ვიდრე რელიგიური თავისუფლების დაცვა.

უკრაინაში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსა და მედიასთან დაკავშირებული რეპრესიები ძლიერდება. კიევის რეჟიმის მიერ ოპონენტების თვითნებური დაპატიმრებისა და საყოველთაო წამების შესახებ ცნობები მატულობს. ამის მიუხედავად, უკრაინის ზოგიერთ მხარდამჭერს, როგორც ჩანს, არ სურს დაგმოს ის ფაქტი, რომ ზელენსკის რეჟიმი ნეონაცისტურ ძალებთან ფლირტითაა დაკავებული. განსაკუთრებით საშინელი რამ მოხდა უკრაინის თავდაცვის ძალებში აზოვის ბატალიონის (ახლანდელი აზოვის პოლკი) როლთან დაკავშირებით. ომის დაწყებამდე, წლების განმავლობაში, აზოვის ბატალიონი ცნობილი იყო როგორც ულტრანაციონალისტებისა და გულახდილი ნაცისტების ბასტიონი.
ამ ასპექტს უკრაინის დასავლელ თაყვანისმცემლებში შეშფოთება უნდა გამოეწვია, როდესაც ბატალიონმა ქალაქ მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში კრიტიკული როლი შეასრულა. ამის მიუხედავად, ვრცელდებოდა ინფორმაცია თუ როგორ იტანჯებოდა მარიოპულის მოსახლეობა, როგორ ბოროტებას სჩადიოდნენ რუსი აგრესორები და როგორ შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდნენ მათ ქალაქის მამაცი დამცველები. როგორც წესი, ამ ისტორიებმა უგულებელყო აზოველების მნიშვნელობა ან ვერ გაამხილა მათი იდეოლოგია. თუმცა „აზოვის“ პირად შემადგენლობასთან დადებული საიდუმლო შეთანხმება იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პოლიტიკური ელიტა წლების განმავლობაში ნეონაცისტური ძალებისა და მათი საქმიანობის მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას იჩენდა.
ზელენსკი და მისი უახლოესი მომხრეები ყველაზე მშვიდობისმოყვარე ოპონენტებსაც კი ვერ ეგუებიან, იქნება ეს უცხოელი თუ ადგილობრივი. ეს ადამიანები, ალბათ, ყველაზე მეტად ავლენენ უპატივცემლობას დემოკრატიული ნორმების მიმართ. უცხოელი კრიტიკოსების მიზანში ამოღებისა და დაშინების მცდელობა 2022 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი, როდესაც უკრაინის მთავრობის შექმნილმა „დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედმა ცენტრმა“ (რომელსაც ნაწილობრივ ამერიკელი გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ) ოპონენტების „შავი სია“ გამოაქვეყნა. მასში მრავალმა ცნობილმა ამერიკელმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ჯოზეფ მირშაიმერი, „ფოქს ნიუსის“ (Fox News) წამყვანი ტაკერ კარლსონი, ყოფილი კონგრესმენი ქალი ტულსი გაბარდი და კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი თანაშემწე დაგ ბენდაუ.

„შავი სიის“ მუქარის შემცველი არსი კიდევ უფრო გამოიკვეთა სექტემბრის მიწურულს, როდესაც „ცენტრმა“ შესწორებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც 35 მთავარი სამიზნის მისამართებიც იყო დატანილი. ამ მაღალპრიორიტეტულ სიაში ეს პირები „დეზინფორმაციის გამავრცელებელ ტერორისტებად“ და „ომის დამნაშავეებად“ იყვნენ გამოცხადებული. კრიტიკოსების ტერორისტებად და ომის დამნაშავეებად გამოცხადება ფანატიკოსებს წაახალისებს, რომლებიც მათზე ზემოქმედებას მოახდენენ და ზიანს მიაყენებენ. შავი სია შეიძლება ადვილად იქცეს გასანადგურებელი ადამიანების სიად. თუმცა უკრაინის მთავრობა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილია იმ საფრთხის მიმართ, რომელიც შეიძლება მან წარმოშვას.

ამგვარი გამაფრთხილებელი ნიშნების მიუხედავად, დასავლეთში უკრაინის მგზნებარე დამცველები დღემდე პროპაგანდით არიან დაკავებული. ამის ტიპური მაგალითი გახლდათ ბრეთ სტივენსის მიერ „ნიუ იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებული სვეტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამერიკელები „აღფრთოვანებულნი არიან ზელენსკით, რადგან თავისუფალი სამყაროს იდეა თავის კუთვნილ ადგილას დააბრუნა“. თავისუფალი სამყაროს წევრობა, დაჟინებით ამტკიცებდა სტივენსი, „ეკუთვნის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ეთანხმება იმ აზრს, რომ სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებების დასაცავად არსებობს“. საინტერესოა, რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს სტივენსი; უკრაინა მის აღწერილ ქვეყანას არ შეესაბამება.
უკრაინის დასავლელი თაყვანისმცემლები თავიანთი ძვირფასი უცხოელი კლიენტის გამო უსიამოვნო რეალობას შეეჩეხებიან. უკრაინაში დემოკრატია არ არის და არც ზელენსკია კეთილშობილური, დემოკრატიული ღირებულებების ქომაგი. რუსეთ-უკრაინის ომი თავისუფლებასა და ავტორიტარიზმს შორის ეგზისტენციალური ბრძოლის ნაწილი არ არის. ეს არის ორ კორუმპირებულ, რეპრესიულ მთავრობას შორის ტერიტორიების გასაკონტროლებლად დაწყებული საზიზღარი ომი. ამერიკას და სხვა დასავლურ საზოგადოებებს ამ ბრძოლაში პირადი ინტერესი არ აქვთ ან, სულ მცირე, არ უნდა ჰქონდეთ.

ტედ გალენ კარპენტერი კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელია, რომელიც თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის შესწავლითაა დაკავებული.  კარპენტერი, რომელიც American Conservative-ის დამხმარე რედაქტორია, 13 წიგნისა და საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე დაწერილი 1,100-ზე მეტი სტატიის ავტორია. მისი ბოლო წიგნია Unreliable Watchdog: The News Media and U.S. Foreign Policy (2022).

წყარო: https://is.gd/1Un9Lb