პოლიტიკასოციალური მედიასხვადასხვა

„ტვიტერის ფაილების“ მესამე ნაწილი ნათელს ჰფენს მიზეზს თუ რატომ წაშალეს დონალდ ტრამპი პლატფორმიდან

0

გამოქვეყნდა „ტვიტერის ფაილების“ მესამე ნაწილი, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი თუ რატომ წაშალეს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ‘ტვიტერიდან’. დოკუმენტების მესამე ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პლატფორმის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ფედერალურ სააგენტოებს შორის ურთიერთკავშირს, რამაც, საბოლოოდ, დონალდ ტრამპის ‘ტვიტერიდან’ წაშლა განაპირობა.

2021 წლის იანვარში ‘ტვიტერმა’ ძალადობის შემდგომი წახალისების რისკის გამო სამუდამოდ დაბლოკა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პირადი ანგარიში. ‘ტვიტერის ფაილების’ პირველი ნაწილის ავტორმა, ჟურნალისტმა მეთ თაიბიმ, დაბლოკვის მიზეზებთან დაკავშირებული დეტალები გაამხილა. მან ‘ტვიტერის’ ხელმძღვანელთა შიდა კომუნიკაციების ამსახველი ‘სქრინშოტები’ გააზიარა. პლატფორმის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, ტვიტების ახალ სერიას ‘პრეზიდენტის დეპლატფორმირება’ უწოდა. ახალი ფაილების თანახმად, ‘ტვიტერის’ ხელმძღვანელები მზად იყვნენ მომავალი პრეზიდენტების, მათ შორის, შესაძლოა, ჯო ბაიდენის, დასაბლოკადაც კი. თაიბის თქმით, ‘ტვიტერმა’ საკუთარი წესები დაარღვია.

ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობდნენ ‘ტვიტერის’ მომხმარებლები ტრამპის მოქმედებების შესახებ, პლატფორმის გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისა. თაიბის სავარაუდო მტკიცებით, ‘ტვიტერის’ ხელმძღვანელები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ფედერალურ სააგენტოებთან და მათი წარმომადგენლების მოთხოვნით აქტიურად აკონტროლებდნენ კონტენტს. მაგალითად, იგი ამტკიცებს, რომ 2020 წლის 8 ოქტომბერს პლატფორმის ხელმძღვანელებმა აამოქმედეს სპეციალური არხი სახელწოდებით “us2020_xfn_enforcement”, რათა არჩევნებთან დაკავშირებული წაშლილი კონტენტისა და ცნობილი ადამიანების ანგარიშების შესახებ ემსჯელათ.

თაიბიმ ისიც განაცხადა, რომ ‘ტვიტერის’ მოდერაციის პროცესი ეფუძნებოდა „გამოცნობას, ინტუიციას, Google-ში ძიებასა და პრეზიდენტთან (იგულისხმება ტრამპი) დაკავშირებულ შემხვევებსაც კი“, რასაც ‘ტვიტერის’ აღმასრულებელთა ჯგუფმა „მოდერაციის სწრაფმოქმედი უზენაესი სასამართლო“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პლატფორმას მოდერაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ტრამპის კამპანიისგან, ტრამპის თეთრი სახლისა თუ რესპუბლიკელებისგან არ მიუღია.

დოკუმენტების გაცნობისას ნათელი ხდება, რომ ‘ტვიტერის’ ნდობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი იოელ როტი ყოველ კვირა ხვდებოდა გამოძიების ფედერალური ბიურის წარმომადგენლებს. თაიბის გამოქვეყნებული ‘სქრინშოტები’ ადასტურებენ, რომ როტი ბიუროს წარმომადგებლებს ნამდვილად ხვდებოდა.