10 ივნისი, 2023 წ.
„ტვიტერის ფაილების“ მეშვეობით გამოქვეყნებული ახალი ელექტრონული წერილებიდან ცნობილი ხდება, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) „ტვიტერს“ (Twitter) იმ ანგარიშებისთვის ცენზურის დაწესება სთხოვა, რომლებსაც „რუსული დეზინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. ცენზურას რამდენიმე ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტიც უნდა დაქვემდებარებულიყო.
2022 წლის დეკემბრიდან „ტვიტერის“ ახალმა მეპატრონე ილონ მასკმა კომპანიის შიდა კომუნიკაციების არქივი რამდენიმე ჟურნალისტს გაუხსნა, რომლებმაც ფედერალურ მთავრობასა და „ტვიტერს“ შორის შეთანხმებას, რომელიც ცენზურას უკავშირდებოდა, ფარდა ახადეს.
ახლახან გამოქვეყნებული ელექტრონული წერილი, რომელიც 2022 წლის 27 მარტით თარიღდება, ცხადყოფს, რომ FBI-ის სპეციალური აგენტი ალექსანდრ კობზანეცი „ტვიტერს“ იმ ანგარიშების სიას უგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) შეადგინა. კობზანეცის თქმით, ეს ანგარიშები „SBU-ის ეჭვით, შიშსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ“.
ხსენებულ ელექტრონულ წერილში მოცემულია SBU-ის შედგენილი მემორანდუმი, რომელსაც ახლავს ანგარიშების სია. მემორანდუმში „ტვიტერს“ სთხოვენ: „ამ ანგარიშების დასაბლოკად გადაუდებელი ზომები მიიღეთ და მოგვაწოდეთ მომხმარებლის მონაცემები, რომლებიც რეგისტრაციისას არის მითითებული“.
იოელ როტმა, რომელიც იმხანად „ტვიტერის“ სანდოობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ კომპანია შეამოწმებს ამ ანგარიშებს, თუმცა შეშფოთება გამოთქვა, რომ SBU-მა დასავლელი ჟურნალისტები დეზინფორმაციის გამავრცელებლად მოიხსენია.
როტის თქმით, სიაში ნახსენები იყო „ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტების (მაგ. აარონ მატეი) რამდენიმე ანგარიში“. ყოფილმა ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ „ტვიტერი“ წესების დარღვევასა და საეჭვო ქმედებებზე (ანუ ბოტებზე) ყურადღებას გაამახვილებდა.
„ტვიტერი“ ერთადერთი დიდი ტექნოლოგიური პლატფორმა არ არის, რომელიც ასეთ მოთხოვნებს ემორჩილებოდა. როგორც „ბრეიტბარტ ნიუსი“ (Breitbart News) იტყობინებოდა, გამოძიების ფედერალური ბიურო უკრაინის სახელით ცენზურის დაწესებას „ფეისბუქისთვისაც“ (Facebook) ცდილობდა.