14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
საპრეზიდენტო მარათონში, ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, შესაბამისად საჭიროა გაიმართოს მეორე ტური.
გამოქვეყნებული მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: რეჯეფ ტაიფ ერდოღანი – 49.34%
მისი მთავარი ოპონენტი, ქემალ ქალიჩდაროღლუ – 44.98%
დარჩენილი ხმები სხვა ორ კანდიდატზე გადანაწილდა.
საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის პარტია მნიშვნელოვანი უპირატესობით იმარჯვებს: “პარტია სამართლიანობისა და განვითარებისთვის” – 49.32%, რაც საკანონმდებლო ორგანოში 322 მანდატია.
ოპოზიციური კოალიცია, “რესპუბლიკელ ხალხთა პარტია” – 35.22% ანუ 212 მანდატი.
დარჩენილ 66 მანდატს სხვა პარტიები ინაწილებენ.
თურქეთის დიდ ქალაქებში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. ერდოღანის მომხრეები ქუჩებში იკრიბებიან და არჩევნების შედეგებს ზეიმობენ. ერდოღანმა, რომელიც ორი ათწლეულია თურქეთს მართავს განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ხალხის ნებას, რომელიც გამოიხატა არჩევნებში და ხაზს უსვამს მნიშვნელოვან უპირატესობას უშუალო კონკურენტთან მიმართებით.
ექსპერტების აზრით, მეორე ტურში გადამწყვეტი იქნება მემარჯვენე პოლიტიკოსის სინან ოღანის მიერ მიღებული 5%, რასაც შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს მეორე ტურის შედეგებზე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ხმები დიდი ალბათობით ერდოღანის სასარგებლოდ გადაიხრება, რადგან ოღანის ამომრჩეველი კონსერვატიული შეხედულების მქონე მოსახლეობაა და უფრო მეტი იდეოლოგიური კავშირი სწორედ მოქმედ პრეზიდენტთან აქვთ.