გთავაზობთ ამერიკულ კონსერვატიულ გამოცემაში “The American Conservative” გამოქვეყნებულ სტატიას – პუტინის „ზამთრის ომი“ უკრაინაში.
ავტორი: ამერიკელი პოლიტიკოსი, პუბლოცისტი, აშშ-ის სამი სხვადასხვა პრეზიდენტის მრჩეველი, თეთრი სახლის კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი – პატრიკ ბიუკენენი
თუ კიევმა ბრძოლის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა, უნდა გავაფრთხილოთ, რომ მას ამის გაკეთება ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე მოუწევს – პატრიკ ბიუკენენი
1812-1813 წლების ზამთარმა ნაპოლეონს მოსკოვიდან უკან დახევა აიძულა. ბონაპარტის ‘დიდმა არმიამ’ სრული კრახი განიცადა, დასუსტდა და განადგურდა. ადოლფ ჰიტლერის მესამე რაიხის ჯარების ბედი 1941-1942 წლების ზამთარმა გადაწყვიტა.
ამჯერად ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა ზამთარი თავისი წარუმატებელი სამხედრო კამპანიის მოკავშირედ აქციოს. ეს მისი ახალი სტრატეგიაა. კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინის ყველა დიდ ქალაქში მდებარე ელექტროსადგურებზე საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიჰქონდა. რუსები მათ დასაბომბად უპილოტო საფრენ აპარატებსაც იყენებენდნენ. მცდარი ინფორმაცია, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდნილი რუსული რაკეტის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა, იმ დღეს გავრცელდა, როდესაც რუსეთმა მთელ უკრაინაში „ინფრასტრუქტურული“ სამიზნეები დაბომბა. ცხრა თვის განმავლობაში ეს ყველაზე მასიური რუსული საარტილერიო შეტევა გახლდათ. პუტინის მიზანი შემდეგია: იმ დროს, როდესაც უკრაინელები დონბასსა და ხერსონში რუსულ შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობას უწევენ, ენერგოსისტემა, რომელზეც უკრიანის სახელმწიფო და ხალხია დამოკიდებული, სისტემატიურად უნდა იბომბებოდეს, მწყობრიდან გამოიდოდეს და ნადგურდებოდეს.
ელექტროენერგიის გარეშე უკრაინელთა სახლებში, საავადმყოფოებში, ოფისებსა თუ სკოლებში არც სინათლე იქნება და არც სითბო. ელექტროენერგიის გარეშე ვერც საკვებს შეინახავ, არც გამათბობლები იმუშავებს, წყლის ამოქაჩვაც შეუძლებელია. პუტინი იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის, სინათლისა და სითბოს გარეშე დარჩენილი ათიათასობით უკრაინელი, რომელიც თავიანთ არმიას მხარში უდგას, ამ ზამთარში სიბნელისა და სიცივის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე ყველაზე ცივი და ბნელი სეზონია.
პარასკევს „სიენენის“ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ავიადარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ ათი მილიონი უკრაინელი, ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კვირას „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა: „რუსეთი ზამთარს იარაღად იყენებს, მაშინაც კი, როცა მისი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე იხოცებიან“. „გემებიდან, საარტილერიო დანადგარებიდან თუ თვითმფრინავებიდან გასროლილი რაკეტებით მოსკოვი ანადგურებს უკრაინის ინფრასტრუქტურას, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის, სითბოსა და წყლის გარეშე რჩება“. უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია განცხადებას ავრცელებს: „ტემპერატურის თვალშისაცემი ვარდნის გამო ელექტროენერგიის მოხმარება ყოველდღიურად იზრდება უკრაინის იმ რეგიონებში, რომლებშიც ელექტროენერგიის მიწოდება 15 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო დარტყმის შემდეგ უკვე აღდგა“.
შეერთებულ შტატებს ამ ომში ასეთი პოზიცია უკავია. საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც კიევი იტყვის, რომ ვწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს და მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვჯდები. ამის მიუხედავად, ამერიკელებს, რომლებიც ამ ომში უკრაინას აქტიურად უჭერენ მხარს, მისი დასრულების შემდეგ თავიანი სიტყვის თქმის უფლებაც უნდა ჰქონდეთ. რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის კი არ არის თუ ვინ აკონტროლებს ლუგანსკს, დონეცკს ან ხერსონს, არამედ ის, რომ არ უნდა ჩავერთოთ ამ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც რუსეთთან ომის ესკალაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა მსოფლიო ომში ან ბირთვულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არაფერია ისეთი ღირებული, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ომი დაიწყოს, რომელიც შესაძლოა ბირთვულ ომში გადაიზრდოს და მილიონობით ამერიკელის სიცოცხლე შეიწიროს. კიევისა და მოსკოვისთვის დონბასსა და ყირიმს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, თუმცა ამ ქვეყნებში არანაირი გამართლება არ ექნება ბირთვულ რუსეთთან ომს, რასაც 1949-1989 წლებში, ცივი ომის პერიოდში, თავი ავარიდეთ.
ამის ნათელი მაგალითია უკრაინელი სამხედროების მიერ შეცდომით გასროლილი S-300 მიწის-ჰაერის ტიპის რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა და ორი ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლე იმსხვერპლა. „ქორების“ ყვირილი, რომ ნატომ რუსეთისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით ორგანიზაციის ხელშეკრულების მე-5 მუხლი უნდა გამოიყენოს, იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის ომის პარტია ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია და პუტინის რუსეთთან მორიგი დაპირისპირების სურვილი ამოძრავებს. კონგრესის ბოლო დღეებში, სანამ იანვარში წარმომადგენლობით პალატაზე კონტროლი რესპუბლიკელების ხელში გადავა, დემოკრატები, სავარაუდოდ, დაამტკიცებენ ჯო ბაიდენის მოთხოვნას, რაც კიევის რეჟიმისთვის, უკრაინული შეიარაღებული ძალებისა და ომის გასაგრძელებლად მორიგი ოცდათვრამეტი მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის საკითხს ეხება. ამ კანონის მიღება იმის გარანტიას იძლევა, რომ შეერთებული შტატები ომის დაფინანსებას განაგრძობს და საბრძოლო მოქმედებებს გაზაფხულამდე გააგრძელებს.
რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?
შეერთებულმა შტატებმა არ უნდა უკარნახოს კიევს თუ როდის დაიწყოს მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად. თუმცა ამერიკელებს, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის ომში ჩვენს შეტანილ წვლილს, გვაქვს იმის უფლება ვუთხრათ კიევს, როდესაც ჩავთვლით, რომ შემდგომი საბრძოლო მოქმედებების რისკები ჩვენთვის სარგებელს აღემატება. ხოლო თუ კიევმა ბრძოლის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა, უნდა გავაფრთხილოთ, რომ მას ამის გაკეთება ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე მოუწევს. დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოების ომებში არ უნდა ჩაერთონ, მითუმეტეს მაშინ, თუ ეს ომი მათ სასიცოცხლო ინტერესებს არ უკავშირდება.
პოლონეთის ინციდენტის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ გაჟღერებულმა ხმაურიანმა განცხადებებმა, თითქოს მოსკოვმა ნატოს წევრ ქვეყანაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, გამოავლინა რისკები, რომლებიც თან ახლავს ჩვენს არაერთ სახელშეკრულებო ვალდებულებას, რაც იმ ქვეყნებისთვის ბრძოლას გვავალდებულებს, რომელთა უმეტესობა შეერთებული შტატების უსაფრთხოებასთან ან მის სასიცოცხლო ინტერესებთან ოდნავაც კი არ არის დაკავშირებული.