წაშლიან თუ არა “Apple” და “Google” “Twitter”-ს თავიანთი ონლაინპორტალებიდან? გავრცელებული ინფორმაციით, “Apple”-მა და “Google”-მა შეიძლება თავიანთი ონლაინპორტალები (App Stores) “Twitter” ამოიღონ, რადგან ახალი მფლობელი ილონ მასკი სიტყვის თავისუფლების ერთგულია. პარასკევს ღამით მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა წარმოადგინა მარტივი გეგმა, რომლის თანახმადაც თუ ზემოხსენებული კორპორაციები თავიანთი ონლაინპორტალებიდან “Twitter”-ს ამოიღებენ, იგი ახალ სმარტფონს შექმნის. რამდენად შესაძლებელია ეს?
მასკმა რეაგირების გარეშე არ დატოვა კონსერვატორი პოლიტიკური კომენტატორის, ლიზ უილერის, ტვიტი: „თუ “Apple” და “Google” თავიანთი ონლაინპორტალებიდან “Twitter”-ს ამოიღებენ, ილონ მასკმა საკუთარი სმარტფონი უნდა შექმნას. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სიამოვნებით დატოვებს ტენდენციურ და მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე მოთვალთვალე “Iphone”-სა და “Android”-ს. ადამიანისთვის, რომელიც მარსისთვის რაკეტებს ამზადებს, ერთი პატარა სმარტფონის შექმნა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, ასე არაა?”
ონლაინპორტალებთან დაკავშირებული სპეკულაციები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც “Apple”-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ფილ შილერმა, “Twitter”-ზე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, აღდგენიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავისი ანგარიში მოულოდნელად გააუქმა.
ამის შემდეგ “The New York Times-ში”დაიბეჭდა სტატია, რომელშიც “Twitter”-ის სანდოობის და უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი იოელ როტი აღნიშნავდა, რომ “Twitter”, რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს, ეფლისა და გუგლის ონლაინპორტალებიდან წაშლის საფრთხე ემუქრება, თუ ისინი წესებს არ დაიცავენ:
„Apple”-ისა და “Google”-ის მითითებების შეუსრულებლობა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, რაც მათი ონლაინპორტალებიდან “Twitter-ის”-ის გაძევების საფრთხეს ქმნის. ეს კი მილიარდობით პოტენციურ მომხმარებელს სოც-ქსელის სერვისებზე წვდომას შეუზღუდავს. ეფლსა და გუგლს, რომლებსაც ხელში უზარმაზარი ძალაუფლება უპყრიათ, შეუძლიათ “Twitter-ის გადაწყვეტილებები შეცვალონ“, – განაცხადა როტმა.
რამდენად რთული იქნება, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა “Tesla”-ს ინჟინრების გუნდს ახალი სმარტფონი შეაქმნევინოს?