მთავარი ამბავი

ტრამპის დასაწყისი თუ დასასრული?

0

სამშაბათს, შუალედური არჩევნებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, დონალდ ტრამპმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული განცხადება მან ფლორიდის შტატიდან გააკეთა.
ტრამპი შუალედურ არჩევნებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში, მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მაგრამ იგივე წარმატებას ვერ მიაღწიეს არჩევნებში. დემოკრატების მოწინააღმდეგე პოლიტიკური კომენტატორები, ასევე რესპუბლიკელების მხარდამჭერთა ნაწილი, მიღებულ არასასურველ შედეგებში სწორედ ტრამპს ადანაშაულებენ. დღეს არსებული მონაცემებით, დემოკრატებმა შეინარჩუნეს კონტროლი სენატზე. რაც შეეხება კონგრესს, აქ რესპუბლიკელებს გააჩნიათ უპირატესობა თუმცა, ძალიან მყიფე.
მიმართვაში, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობა ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს მრავალი მიმართულებით.
“იმისათვის, რომ ამერიკას დავუბრუნოთ დიდება, მე მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში” – განაცხადა ტრამპმა.
მისი მხრიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ტრამპი, შუალედური არჩევნების პერიოდშიც ხშირად აღნიშნავდა, რომ ის აუცილებლად დაამტკიცებდა მის სიმართლეს, 2020 წლის არჩევნების “წართმევასთან” დაკავშირებით.
მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელებში ტრამპი არ იქნება ერთადერთი კანდიდატი. ფლორიდაში რონ დესანტისის ხელმეორე გამარჯვების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ალბათობა, რომ დესანტისიც ვიხილოთ საპრეზიდენტო მარათონში.